სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. შესაბამის ტექსტებს და ვიდეოებს საგარეო უწყება ავრცელებს.

ბერნის მერი, ალეკ ფონგრაფენრიდი

„საქართველოს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს და დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან მიხარია, რომ შვეიცარიას უკვე 30 წელია აქვს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან და უნდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ეს ეხება ქალაქ ბერნსაც, კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს ქალაქებთან და განსაკუთრებით დედაქალაქ თბილისთან. მიხარია, რომ არსებული კონტაქტების წყალობით, შეგვიძლია გავაღრმავოთ ურთიერთობები და ბევრი რამ ვისწავლოთ ერთმანეთისგან. რაც მთავარია, მომავალშიც ხელი შევუწყოთ ჩვენი მეგობრობის გაღრმავებას. ლამაზ დღეს გისურვებთ და გულითადად მოგიკითხავთ ბერნიდან.

შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი, ანდრეას აები

„30 წლის წინ, 1991წლის 26 მაისს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს, ჩემი თანაქალაქელების სახელით საქართველოს მოქალაქეებს მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. დამოუკიდებლობის 30 წლისთავი თავის მხრივ ნიშნავს კარგი დიპლომატიური ურთიერთობების არსებობას ჩვენს ქვეყნებს შორის. საქართველოს და შვეიცარიის მეგობრობას კი ბევრად უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს. თითქმის 200 წლის წინ შვეიცარიელი მკვლევარი ფრედერიკ დუბუა პირველად გაემგზავრა საქართველოში. მასზე, როგორც სხვა ბევრ შვეიცარიელზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ლანდშაფტმა და თვალუწვდენელი მთების სიმშვენიერემ. თქვენს ქვეყანაში შვეიცარიელები თავს როგორც სამშობლოში ისე გრძნობდნენ, მაგალითად, როგორც ტიჩინოშიანვალისსში. საქართველოში პირველი შვეიცარიული თემი 160 წლის წინ დაფუძნდა თბილისის მიდამოებში, მისი წევრები იყვნენ მასწავლებლები, სასულიერო პირები, ბიზნესმენები და ასევე ფერმერები. ცნობილია, რომ ყველის ქარხნული წარმოება საქართველოში შვეიცარიელებმა დაიწყეს.

დღეს ჩვენი ქვეყნის პარლამენტებს ნაყოფიერი და ხშირი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. შვეიცარია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისთვის დაკისრებულ მედიატორის როლს რუსეთ-საქართველოს შორის. მივესალმებით წინგადადგმულ ნაბიჯებს ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურის და განათლების სფეროებში. მე უკვე გახლდით საქართველოში. თბილისში ყოფნის დროს ჩემზეც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა სტუმარ-მასპინძლობამ, საქართველოს მდიდარმა კულტურამ და, რა თქმა უნდა, ღვინოც საუკეთესო მოგონებად მრჩება.

ამ განსაკუთრებულ დღეს ყველა საქართველოს მოქალაქეს და განსაკუთრებით იმ ქართველებს, რომლებმაც შვეიცარიაში მეორე სამშობლო იპოვეს ვუსურვებ მშვიდობიან, ჯანმრთელ და წარმატებულ მომავალს. გულითად მოკითხვას ვუთვლი ამჟამად საქართველოში მცხოვრებ შვეიცარიის მოქალაქეებს.

იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, პიერო ფასინო

იტალიას და საქართველოს ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროებში მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. საუკეთესო სურვილებით ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას. წელს ჩვენ აღვნიშნავთ იტალიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავს. იტალიას და საქართველოს აკავშირებთ მჭიდრო პარტნიორობა ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროში და ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. საქართველო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელსაც ვუყურებთ, როგორც მეგობარ ქვეყანას და გვსურს, რომ თავის მხრივ, ქართველებმაც მიიღონ იტალია მეგობარ ქვეყნად”.

აშშ-ის კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორი, ელენი კოუნალაკისი

სან-ფრანცისკოში საქართველოს ახალგახსნილ გენერალურ საკონსულოსთან კოორდინაციით, საქართველოსთან თანამშრომლობა და მეგობრობა გაღრმავდება.მოხარული ვარ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილე. კალიფორნია ამაყობს, რომ მასპინძლობს სან-ფრანცისკოში საქართველოს ახალ გენერალურ საკონსულოს და ჩვენ სულმოუთქმელად ველით მეგობრობისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მომდევნო თვეებსა და წლებში. გილოცავთ თქვენი ქვეყნისთვის ამ განსაკუთრებულ დღეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ საქართველოს და ყველა ქართველს, ქვეყნის მასშტაბით და მთელს მსოფლიოში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ულოცავენ. ვიდეო მიმართვაში ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და დარგობრივი სალარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარები ხალხს ქართულ ენაზე მიმართავენ, პირველ რიგში აღნიშნავენ, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპული გზაზე წარმატებებს უსურვებენ, ასევე უსურვებენ კეთდღეობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. „ საქართველო, ლატვია შენს გვერდითაა“, - ნათქვამია ლატვიელი დეპუტატების ვიდეომილოცვაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იაპონიის საქარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ტაკაში უტო ვიდეო-მიმართვის საშუალებით ულოცავს.

„მივმართავ საქართველოს საქმეთა რწმუნებულს, ძვირფას თეიმურაზ ლეჟავას და სრულიად ქართველ ხალხს. მე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ტაკაში უტო გახლვართ. იაპონიის მთავრობის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! იაპონიისთვის საქართველო უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელთანაც ისეთი საერთო ღირებულებები გვაქვს, როგორიცაა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვ. ბედნიერი ვარ, რომ ბოლო წლებში იაპონიასა და საქართველოს ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, და სხვა სფეროებში გაღრმავდა ფა განვითარდა. ეკონომიკის კუთხით, იანვარში ჩვენს ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებასა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებას.

ამჟამად პარლამენტში განხილვა მიმდინარეობს და მეც ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რომ საქმე ბოლომდე მივიდეს. მჯერა, რომ ამ ორი ხელშეკრულებით ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო დროს შქმერული და ზოგადად ქართული სამზარეულო ძალიან პოპულარული გახდა. მეც, თავად, ქართული ღვინის დიდი მოყვარული გახლავართ. ამგვარად, საქართველოსა და იაპონიას შორის ვაჭრობა პოლიტიკურ-ეკონომიკურ სფეროს გასდა და ისე გაფართოვდა, მოსახლეობისთვის თვალშისაცემი გახდა. ბოლო წლებში, ორ ქვეყანას შორის ტურიზმი და მოქალაქეთა მიმოსვლაც გააქტიურდა. სამწუხაროდ, ამჟამად მსოფლიო პანდემიის გამო, ამგვარი აქტივობა შეჩერებულია, მაგრამ მჯერა, რომ საზღვრები მალე გაიხსნება და ტურიზმისა კულტურის მეშვეობით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები უწინდელზე მეტად გაღრმავდება.

მომავალ, 2022 წელს, საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას 30 წელი უსრულდება. იაპონიის მთავრობა მზადაა, რომ ამ ისტორიული თარიღისთვის კიდევ მეტად გაისარჯოს ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად. ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, რომ საქართველოს მშვიდობა და განვითარება, ხოლო ჩვენს ქვეყნებს მეგობრობის კიდევ მეტად გაღრმავება ვუსურვო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გაუმარჯოს!“ - ნათქვამია მიმართვაში.

საგარეო უწყება ასევე ავრცელებს პოლონეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მილოცვებს.

„საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა პოლონეთისთვის, რომელთანაც ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები გვაკავშირებს. თბილისის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების 30 წლის იუბილე სიამაყისა და რეფლექსიის საფუძველია. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაბრუნებას ევროპის რუკაზე 1991 წელს შეცვალა გეოპოლიტიკური სისტემა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შექმნა ხელსაყრელი პირობების ქვეყნის განვითარებისთვის. პროდასავლური კურსის არჩევამ დააახლოვა საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან,“ - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს მიმართვაში.

ბულგარეთისა და ჩეხეთის პირველი დიპლომატები, სვეტლან სტოევი და იაკუბ კულჰანეკი რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვან პოზიციას უსვამენ ხაზს და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

თავის მიმართვებში, ირანის და ყირგიზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები, მოჰამად ჯავად ზარიფი და რუსლან კაზაკბაევი იმედს გამოთქვამენ, რომ ურთიერთობები ირანსა და საქართველოს და ყირგიზეთსა და საქართველოს შორის გაღრმავდება და გაძლიერდება.

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისალოც წერილში იმრან ხანი, პაკისტანის სახელით, სურვილს გამოთქვამს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოების შესახებ.

„თქვენო აღმატებულებავ! პაკისტანის მთავრობის, ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! პაკისტანსა და საქართველოს აკავშირებთ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პოზიტიური ურთიერთობები. ჩვენი სურვილია ყველა სფეროში ამ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოება ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ ხალხს - შემდგომი განვითარება და კეთილდღეობა,“- აღნიშნულია პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წერილში.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, დუბაის საამიროს მმართველი, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი და აბუ-დაბის საამიროს უფლისწული, არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

“გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!ვუსურვებ თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს - წარმატებას, პროგრესს და კეთილდღეობას თქვენი ლიდერობით“, - აღნიშნულია მილოცვაში.