„ამერიკა, დიდი პატივია, რომ ამირჩიე ამ შესანიშნავი ქვეყნის ლიდერად. რთული სამუშაო გველის, თუმცა გპირდები, მე ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი, განურჩევლად იმისა, დამიჭირეთ თუ არა მხარი“, - ეს ახლად არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებია. 48 წლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში ორგზის დამარცხების და უფროსი შვილის - ბოს გარდაცვალების შემდეგ, რეკორდული მხარდაჭერით, 74 მილიონი ხმით, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტია.
გამარჯვებისადმი მიძღვნილ სიტყვაში მან აღნიშნა, რომ ქვეყნის გამაერთიანებლის როლს შეასრულებს და არა გაყოფის. „მოდით, ერთმანეთს შანსი მივცეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა დელავერის შტატში გამართულ ღონისძიებაზე. ბაიდენმა იმ ხალხს მიმართა, ვინც მას ხმა არ მისცა.
ვინ არის ჯო ბაიდენი და რა გზა გაიარა მან პრეზიდენტობამდე, ჯო ბაიდენის შესახებ სტატია „ევროპათაიმმა“ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით მოამზადა.
77 წლის ჯო ბაიდენი პენსილვანიის შტატში, ქალაქ სკრანტონში დაიბადა. ცხოვრობს უილმინგტონში, დელავერის შტატის უდიდეს ქალაქში. ბაიდენი დელავერის სენატორად ექვსჯერ აირჩიეს, პირველად - 1972 წელს. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი.
New York Times-ი აღნიშნავს, რომ მისთვის ჯანმრთელობის დაცვა და მასზე ზრუნვა მთავარ პრიორიტეტად რჩება, ამისკენ კი უფრო მეტად უბიძგა პირადმა ტრაგედიამ. 1972 წელს, ბაიდენმა ავტოკატასტროფის დროს ცოლი და ერთი წლის ქალიშვილი დაკარგა. ვაჟები კი დაშავდნენ. თავის წიგნში „Promise Me Dad“ ბაიდენი ყვება, მამაჩემი მეუბნებოდა, როცა დაეცემი, ძალა მოიკრიბე და ადექიო“. ბაიდენმა მამის რჩევა არაერთხელ შეასრულა, მაგალითად, 1972 წლის 7 ნოემბერს, როდესაც დელავერის შტატის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მგლოვიარემ სენატორის ფიცი საავადმყოფოს ოთახში, მისი შვილების საწოლის თავთან დადო და თქვა, რომ 6 თვით ცდიდა ბედს და თუ სენატორობა კარგ მამობაში ხელს შეუშლიდა, პოლიტიკაზე უარს იტყოდა. ბაიდენმა სენატში 36 წელი, თეთრ სახლში კი 8 წელი გაატარა.
გამოცემა ახლად არჩეული პრეზიდენტის შესახებ სამ შეკითხვას სვამს. 1. იქნება თუ არა ის ამერიკის ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი, დიახ, 20 ნოემბერს მას 78 წელი უსრულდება. 2. საიდან არის ბაიდენი წარმოშობით? სკრანტონში დაბადებული, 1942 წელს, დელავერში გადავიდა. როგორც პოლიტიკოსს, მას მჭიდრო კავშირები აქვს ორივე შტატთან, ტრამპი მას პენსილვანიის მიტოვებაში ადანაშაულებდა. „მე მაშინ მესამე კლასში ვიყავი“, - ასეთი იყო ჯო ბაიდენის პასუხი. ის პენსილვანიასთან კავშირების შენარჩუნებას განაგრძობს. 2016 წელს, საპრეზიდენტო მარათონი აქ ტრამპმა მოიგო და წელს, ბაიდენმა ამ შტატში დააფუძნა მთავარი შტაბი. 3. რა როლს თამაშობს ობამას ეპოქა ჯო ბაიდენის კამპანიაში?
_როლი დიდია. ბაიდენმა და აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეს. ის ხშირად საუბრობდა ობამასთან მეგობრობაზე, ისინი ერთად მუშაობდნენ ჯანდაცვის და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.
ჯო ბაიდენის გზა თეთრ სახლამდე
77 წლის ბაიდენი ორჯერ იყრიდა კენჭს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის - 1988 და 2008 წლებში. 2017 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აღიარა, რომ თავადაც აპირებდა საარჩევნო კამპანიაში ჩართვას, რომ არა ამ გადაწყვეტილების მთავარი მხარდამჭერის, მისი ვაჟის გარდაცვალება თავის ტვინის აგრესიული სიმსივნით. ბოს ჩემსავით სჯეროდა, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტობისთვის; არავინ იყო ჩემზე მეტად მზად“, - დაწერა ბაიდენმა მის წიგნში Promise me Dad“.
2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯო ბაიდენმა 2019 წლის აპრილში გამოაცხადა. ამ დროს საარჩევნო რბოლაში დემოკრატიული პარტიიდან უკვე ოცზე მეტი სხვა კანდიდატი იყო ჩართული - ბევრად უფრო ახალგაზრდა, ან უფრო ლიბერალი, უფრო მემარცხენე და პოლიტიკაში ბევრად ახალბედა, ვიდრე ბაიდენი.
ჯო ბაიდენი შეეცადა, სტაბილურობის ბურჯად წარმოედგინა თავი ქვეყანაში, რომელიც, მისი თქმით, „ბრძოლის ველად“ იქცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის განმავლობაში, ტრამპს მან ბრალი დასდო მოსახლეობის გახლეჩასა და საფრთხის შექმნაში.
„ჩვენ ამ ერის სულისთვის ვიბრძვით“, - განაცხადა ბაიდენმა, როდესაც თავისი კანდიდატურის შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, თუ ტრამპს კიდევ ოთხი წლით დაუთმობდნენ მართვის სადავეებს, ის „სამუდამოდ და ფუნდამენტურად შეცვლიდა ამ ერის ხასიათს.
ბაიდენს პრობლემები ჰქონდა დემოკრატების მხარდამჭერ პროგრესულ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც იხრებოდნენ ან უფრო ლიბერალური კანდიდატებისკენ, როგორებიც არიან ბერნი სანდერსი და ელიზაბეთ უორენი, ან - უფრო ახალგაზრდებისკენ.
საწყის ეტაპზე ბაიდენის სუსტმა შედეგებმა ნიუ-იორკის ყოფილ მერს, მილიარდერ მაიკ ბლუმბერგს, უბიძგა, მარათონში ჩართულიყო დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით.
მაგრამ თებერვალში, პირველი ადგილი მოიპოვა სამხრეთ კაროლინაში, რასაც ის მედიის ცნობით, ძირითადად აფრიკელი ამერიკელების მხარდაჭერას უნდა უმადლოდეს.
ჯო ბაიდენის მიერ თანამებრძოლის დასახელებას განსაკუთრებული ყურადღებით ორი ფაქტორის გამო ელოდნენ. დიდია შანსი, რომ მან ამ პოსტზე მხოლოდ ერთი ვადა დაჰყოს და ამ დროს ვიცე-პრეზიდენტის მნიშვნელობა განუზომლად იმატებს.
მეორე, არანაკლებ ყურადსაღები ფაქტორი ამერიკაში შექმნილი პოლიტიკური კლიმატია. რასობრივი დაპირისპირებისა და სოციალური ცვლილებების ფონზე დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლისთვის შეიძლება ძველი ყაიდის, ასაკოვანი თეთრკანიანი კანდიდატი საკმარისად მომხიბლავი არ აღმოჩენილიყო. ჯო ბაიდენმა თანამებრძოლის ვინაობა მრავალკვირიანი ფიქრისა და კონსულტაციების შემდეგ დაასახელა. მან თავიდანვე დადო პირობა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი იქნებოდა, თუმცა კონკრეტულად ვისზე შეაჩერებდა არჩევანს, დიდი ხნის განმავლობაში თავად მისთვისვე იყო უცნობი.
ამერიკულმა პრესამ არაერთი სტატია მიუძღვნა კანდიდატის შერჩევის პროცესს. სერიოზულად განიხილებოდა პოპულარული სენატორის ელიზაბეტ უორენის კანდიდატურა, თუმცა ის კამპანიას არც ასაკობრივ და არც რასობრივ მრავალფეროვნებას შესძენდა. ფიქრობდნენ ბაიდენის მეგობარ სიუზან რაისზე, რომლის ძლიერ მხარესაც საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს, მაგრამ ის არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების ნაკლებობის გამო დაიწუნეს. საბოლოოდ არჩევანი კალიფორნიელ სენატორ კამალა ჰარისზე შეაჩერეს, რომელიც დემოკრატიული პარტიის პრაიმარიში ბაიდენის კონკურენტი იყო.
კამალა ჰარისი დემოკრატიულ პარტიაში ცენტრისტად მიიჩნევა (თუმცა, ოპონენტებმა მას უკვე დასდეს ბრალი რადიკალიზმში). მას თავად მოუგია არაერთი რთული არჩევნები, რაც ამ დაძაბული კამპანიის დროს დემოკრატებს ნამდვილად გამოადგებათ.
ჯო ბაიდენისთვის პოლიტიკასთან ერთად ასევე ძალიან მნიშნელოვანია პირადი ურთიერთობები. ამ მხრივ კი კამალა ჰარისს განსაკუთრებული უპირატესობა ჰქონდა - ის ბაიდენის გარდაცვლილი შვილის მეგობარი იყო.
არჩევნებში მნიშვნელოვანი იქნება ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომავლობაც. კამალა ჰარისი იამაიკელი მამის და ინდიელი დედის შვილია, რაც ბაიდენის კამპანიას მრავალფეროვნებას სძენდა.
ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებიდან 24 საათის განმავლობაში ჯო ბაიდენის კამპანიამ 26 მილიონი დოლარის მიღება შეძლო.
საარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას აქცევს „აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად“ და ევროპელ მოკავშირეებთან ითანამშრომლებს, რათა რუსეთს ძვირად დაუჯდეს უკრაინაში თავისი მოქმედებები. ბაიდენი ობამას ადმინისტრაციის დროს მთავარი ფიგურა გახდა უკრაინის საკითხებში.
ჯოზეფ ბაიდენი საქართველოში ორჯერ არის ნამყოფი - პირველად 2008 წლის ომის დროს, როდესაც ჯერ კიდევ სენატორი იყო. ბაიდენი გახდა საქართველოსთვის ერთმილიარდიანი დახმარების გამოყოფის ინიციატორი.
„მაშინ მირჩიეს, არ წამოვსულიყავი, მაგრამ მე ვიცოდი რატომ არის ჩემი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი. მე ჩამოვედი აქ და ვთქვი, რომ ვარ და ვიქნები თქვენს გვერდით და ამ ჩემს აღთქმას ამჯერად ვასრულებ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის რანგში საქართველოში 2009 წლის ივლისში დაბრუნებულმა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას.
„მე ვლაპარაკობ არამარტო ჩემი სახელით, ასევე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. თბილისში ეს სტუმრობა მართლაცდა გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს. სწორედ ამიტომ გეგმავდა და სწორედ ამიტომ მომცა მეც დარიგება, თბილისში ვიზიტი დამეგეგმა. მე ვიცი, ბევრი წუხს და სვამს შეკითხვას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ არა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ ეს შეუძლებელია. როგორც პრეზიდენტმა ობამამ ორი კვირის წინ დაადასტურა მოსკოვში, ჩვენ პრინციპების დამცველი ხალხი ვართ. ხალხებმა თვითონ უნდა აირჩიონ პარტნიორები, თვითონ უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ჩვენ წინააღმდეგნი ვართ მეცხრამეტე საუკუნის ცნებებისა, გავლენის სფეროების ადგილი არ არის 21-ე საუკუნეში. ჩვენ არ მივიჩნევთ „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, მკაფიოდ ჩამოყალიბებულს, მათ შორის - თქვენი ტერიტორიიდან ყველა შეიარაღებული ძალის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებას”, - აღნიშნა ბაიდენმა 2009 წელს.
საქართველოში 2019 წლის ვიზიტის დროს დაჯილდოებულია საქართველოს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.
მომზადებულია New York Times-ის, BBC-ის და რადიო თავისუფლების მიხედვით.