პოლონეთი მზადაა, საქართველოს ვაქცინები გაუზიაროს

პოლონეთი მზადაა, საქართველოს ვაქცინები გაუზიაროს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთი ვაქცინების დაპირებულ დოზებს ახლა იღებს და აქედან გამომდინარე, უკვე შესაძლებლობა ექნება, რომ მათი ნაწილი ქართულ მხარესაც გადასცეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ პანდემიის საკითხებზე, მათ შორის გვინდა, რომ საქართველომ შეძლოს ტურისტული მიმართულებით მოიცვას პოლონელი ტურისტები, რომლებიც დაინტერესებულები იქნებიან საქართველოში ჩამოსვლით, რათა მათ, ვინც ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, გამარტივებულად შეძლონ საქართველოში ჩამოსვლა. მე, ასევე, განვაცხადე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა, გავუზიაროთ საქართველოს ვაქცინები. ჩვენ ვიცით, როგორი სიტუაციაა, რომ ვაქცინის მიწოდება არ არის თანასწორი.

ჩვენ ვიწყებთ უკვე დაგეგმილი დოზების მიღებას, აქედან გამომდინარე შევძლებთ საქართველოს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ. მე ქალბატონ პრეზიდენტს შევპირდი, რომ ვარშავაში დარბრუნებისთანავე ამ თემაზე ვისაუბრებ როგორც პოლონეთის ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელთან, ასევე პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხითაც ჩვენ შევძლებთ ვაჩვენოთ ქართველებს ჩვენი მეგობრობა და ერთმანეთის მხარდაჭერა ასეთ რთულ სიტუაციაში“, - განაცხადა ანჟდეი დუდამ.