აშშ-ის საზღვაო ქვეითებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის კავშირი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია - ამერიკის საელჩო 26 მაისის ღონისძიებაზე

„კავშირი, რომელიც აშშ-ის საზღვაო ქვეითებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის არსებობს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია საზღვაო ქვეითების უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ისტორიაში" - აცხადებს საზღვაო ძალების მაიორი ლი მერსეკი. მის ამ სიტყვებს ამერიკის საელჩო ავრცელებს და თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ აშშ-ის საზღვაო ქვეითების და ჯარისკაცების მიწვევას და მსვლელობაში ერთობლივ მონაწილეობას ეხმაურება.

„გუშინ, საქართველოს თავდაცვის ძალებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითები და ჯარისკაცები თავისუფლების მოედანზე მიიწვია, რათა მათთან ერთად მსვლელობაში მიეღოთ მონაწილეობა. აშშ-ის არმიას, განსაკუთრებით კი საზღვაო ქვეითებს საქართველოსთან ურთიერთობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ. გასული 17 წლის განმავლობაში ისინი მხარდამხარ მონაწილეობდნენ წვრთნებსა და მრავალეროვნულ საბრძოლო მისიებში ერაყსა და ავღანეთში“, - აღნიშნულია ტექსტში.