„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბელარუსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული საგარეო საქმეთა მინისტრები მოითხოვენ დაკავებულების უპირობოდ გათავისუფლებას და აღნიშნავენ, რომ ბელარუსის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები აამოქმედონ.
„ჩვენ,„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, უკიდურესად ვგმობთ ბელარუსის ხელისუფლების უპრეცედენტო ქმედებას დამოუკიდებელი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩისა და მისი თანამგზავრის, სოფია საპეგას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რომელიც მინსკში თვითმფრინავის იძულებითი დაშვების შემდეგ განხორციელდა.
ეს ქმედება ასევე წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე სერიოზულ თავდასხმას. ჩვენ ვითხოვთ რომან პროტასევიჩის, ასევე ყველა სხვა ჟურნალისტისა და პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას, მათ შორის შემდგომი სანქციების მეშვეობით, ბელარუსის ხელისუფლების ქმედებების ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ბელარუსისთვის შესაძლო ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხს.
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, ბელარუსის მოქალაქეების მიმართ სანქციების ახალ რაუნდზე მუშაობა წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ დეტალებზე მას არ უსაუბრია. სანქციების ამ პაკეტზე ევროკავშირის ლიდერები ორშაბათს შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.
ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.
24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.
24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.