ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ამბიციური ეკონომიკური გეგმით, რაც ხელშესახებ შედეგს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს

„ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობა გადამწყვეტია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში. ასევე მნიშვნელოვანია რეფორმების გატარებისას ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოტანა. სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვანი და საჭირო პარტნიორია ევროკავშირისთვის“, - განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე: „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი - გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“.

„ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის დროს სამოქალაქო საზოგადოება უმთავრეს როლს თამაშობს ორ ასპექტში: პირდაპირი მხარდაჭერა ადგილობრივ საზოგადოებას; მთავრობისთვის სანდო თანამოსაუბრე პოლიტიკის წარმოებისას. ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს. წინ იყურეთ. ჩვენ გვჯერა, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასა და ხალხს შორის კავშირის გაძლიერება, ისევე როგორც მთავრობასთან, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

მისი თქმით, პანდემიამ ყველა დააზარალა და საქართველო არ არის გამონაკლისი.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დავეხმაროთ ადამიანებს გადარჩენაში, სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის ვაქცინების მიწოდებით. ჩვენ უკვე გამოვყავით დახმარება საქართველოს ეკონომიკის აღდგენისთვის. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას, ამბიციური ეკონომიკური გეგმით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობით. ჩვენ ასევე განვსაზღვრავთ მოქნილ პროექტს, რაც ხელშესახებ შედეგს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება კანონის უზენაესობის, უსაფრთხოების, სასამართლოს რეფორის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე.

„მე მოვუწოდებ ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას, ერთად იმუშაონ პროგრესის მისაღწევად. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება ამბიციურ ასოცირების ხელშეკრულებას. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, რომ მოქალაქეებმა ამ სიკეთეებით ისარგებლონ“, - აღნიშნა ევროკომისარმა.