ბოგდან აურესკუ კონფლიქტების დარეგულირების საკითხზე, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ევროკავშირს შორის სპეციალური ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოგდან აურესკუ ე.წ. გაყინული კონფლიქტების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ლისაბონში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

ბოგდან აურესკუს განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში გაჭიანურებული კონფლიქტები მთელი რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას ემუქრება და შესაბამისად, ეს საფრთხეს წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კონფლიქტების დარეგულირებაზე საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ევროკავშირს შორის დიალოგი უნდა გაღრმავდეს და ამ მიზნით სპეციალური ფორმატი შეიძლება, შეიქმნას.

ბოგდან აურესკუმ აღნიშნა, რომ რუსეთი „დგას ამ კონფლიქტების უკან“, რომელსაც იყენებს, როგორც „ინსტრუმენტს საკუთარი გავლენის სფეროს შესაქმნელად“. აქედან გამომდინარე, მინისტრი რეგიონში ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.