სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაშარ ალ ასადმა 95.1% მიიღო

Le Figaro-ს ინფორმაციით, სირიის რეჟიმის მიერ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ბაშარ ასადი გამოცხადდა.

როგორც ცნობილია, ამომრჩევლების აქტივობამ 78% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა 14-მა მილიონმა მოქალაქემ მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სირიის პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა. მისი თქმით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა ამომრჩეველთა ხმების 95.1% მიიღო, ხოლო ასადის ორმა კონკურენტმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 3.3% და 1.5% მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სირიაში 26 მაისს ჩატარებული არჩევნები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ კრიტერიუმებს და ხელს არ უწყობს კონფლიქტის მოგვარებას.

ცნობისთვის, სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი ქვეყანას 2000 წლიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ მართავს. მაშინ მინიმალური საპრეზიდენტო ასაკი 40 წელი იყო, თუმცა კანონი ბაშარ ასადის ასაკის მიხედვით შეცვალეს და ის 34 წლამდე დასწიეს.