NATO-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძე ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს შეურთდება. ამის შესახებ თავად დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გუნდის დაფუძნებით ქვეყანაში ჩნდება შანსი, რომ არსებული პრობლემები გადაიჭრას.
„მინდა, ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო ჩემი გადაწყვეტილება, მინდა, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას. მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით ამ ქვეყანაში პირველად ჩნდება შანსი იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს.
ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის წარმატება იქნება ძალიან სასარგებლო, როგორც ზოგადად, პოლიტიკური სპექტრისთვის და პოლიტიკური გარემოსთვის, ასევე კონკრეტულად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ესაა ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა ჩემ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება, ხოლო ის, თუ როგორი იქნება ჩემი როლი და მონაწილეობის ფორმა ამ პროცესში, ბუნებრივია, ამას დრო გვიჩვენებს და უახლოეს მომავალში გაირკვევა“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკური გუნდის წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავს.