ლინკოლნ მიტჩელი: ახლა რომ თბილისში ვიყო, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი ჯო ბაიდენის გამარჯვებით

ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევას საქართველოსთვის პოზიტიურ მოვლენად აფასებს. „ევროპათაიმთან“ საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას პოლიტიკას დაუბრუნდება.

„ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ ვნახავთ იმ პოლიტიკისკენ მიბრუნებას, რაც ჰქონდათ ჯორჯ ბუშს და ბარაკ ობამას ამ რეგიონის მიმართ, ვგულისხმობ პოსტ საბჭოთა ქვეყნებს და განსაკუთრებით საქართველოს, ბაიდენს ესმის ეს რეგიონი კარგად და რეალურად ადარდებს უკრაინა და საქართველო, ანუ ეს კარგია საქართველოსთვის. აქვე დავამატებ ერთ რამეს, ბაიდენი არ არის ახალგაზრდა. 70-იანი წლებიდან პოლიტიკაშია.

მისი პოლიტიკური მოსაზრებები ჩამოყალიბდა ცივი ომის დროს, როცა ის იყო ახალგაზრდა და თითქმის ორი ათწლეული გაატარა სენატში. მის გარშემო ასევე არის ხალხი ვინც, კარგად იცნობს რეგიონს, საქართველოს და კეთილგანწყობილნი არიან. ასე რომ, ჩემი აზრით, ბაიდენის პრეზიდენტობა ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის და ახლა რომ თბილისში ვიყო, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი ჯო ბაიდენის გამარჯვებით“, - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.

ლინკოლნ მიტჩელი „ევროპათაიმს“ შიდა პოლიტიკაზეც ესაუბრა.

„არჩევნები კარგად არ ჩატარდა, „ქართული ოცნება„ წინ ვერ წავიდა დემოკრატიზაციის გზაზე, განსაკუთრებით არჩევნების საკითხში და ეს ძალიან სამწუხაროა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შეიძლებოდა, უკეთესი არჩევნები ჩატარებულიყო. ისინი იგებდნენ, მოიგეს და იცოდნენ, რომ მოიგებდნენ, ამიტომ სამწუხაროა ის, რაც მოხდა, რადგან ეს ლეგიტიმიზაციას ართმევს არჩევნებს.

რაც შეეხება ოპოზიციის არშესვლას პარლამენტში, ვეცდები რაც შეიძლება დელიკატური ვიყო, მაგრამ ეს სულელური გადაწყვეტილებაა - ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიცია გამოდიოდა განცხადებებით, რომ ისინი იგებდნენ, როცა მსგავსი განწყობა დასავლეთშიც კი არ იყო. ის ხალხი, ვინც საქართველოს თემებზე მუშაობს, დარწმუნებული იყო რომ „ოცნება“ იგებდა ამ არჩევნებს. ოპოზიციამ შექმნა არასწორი მოლოდინი და ეს არ იყო სწორი, იფიქრეს რომ რევოლუცია მოხდებოდა რაც არ მოხდა და რა არის ახლა გამოსავალი, ეს არის შეკითხვა, რომელზეც პასუხი არ მაქვს.

„ქართული ოცნება“ არის დემოკრატიზაციაზე პასუხისმგებელი. გასაგებია, რომ სააკაშვილის მოწოდებები რევოლუციისკენ, ძირს უთხრის დემოკრატიას, მაგრამ სააკაშვილი არ არის მთავრობაში, „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი ქვეყნის დემოკრატიზაციაზე. რეალურად უნდა ეცადონ, რომ უკეთესი არჩევნები ჩაატარონ. რეალურად უნდა წაიყვანონ ქყვეყანა უკეთესი დემოკრატიისკენ. რაც შეეხება პარლამენტს, თუ მათ უნდათ ბოიკოტი მოახდინონ, გამოსავალი ოცნებისთვის არის, რომ ქვეყანა მართონ კარგად, დაეხმარონ ეკონომიკას ზრდაში, შეაჩერონ კოვიდის გავრცელება, უკეთესი გახადონ ქართველი ხალხის ცხოვრება“, - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.