საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრები, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვში გაიმართოს.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არავითარ რისკს არ ქმნის და ეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან არაფერ კავშირშია. პრემიერი ხაზს უსვამს, რომ „მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.“
„ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება, შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც. თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში. აქ მთავარია პრინციპების დაცვა. ამ პრინციპების დაცვისთვის განმსაზღვრელი არის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.
ფორმატი არ შეიძლება, შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, მაგალითად იგივე აღიარების კუთხით, ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით. მოსკოვსა და თბილისში ამ შეხვედრების გამართვა არავითარ რისკს არ ქმნის.
მთავარი არის, რომ არც ერთმა თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს,“ - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, „მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა."
„რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსეთი არის მეზობელი ქვეყანა, თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა დიფსთეითი, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის შესაბამისად,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმას, რომ იქ არის ბიუროკრატია, რომელიც არის გარედან მოსყიდული, ე.წ. დიფ სთეითის მიერ არის მოსყიდული და ასეთ პირობებში ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს. მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვის პირობებში შეიძლება, ასეთი რამ ხდებოდეს...
ამ შემთხვევაში, ვხედავთ იმავე ტენდენციას, სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკებებში. აქაც ძალიან მარტივია, „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები და შეიძლება მარტივად, საშუალო რგოლი აქაც იყოს მოსყიდული, ხელწერა არის ზუსტად იგივე – საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის, მათ შორის, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, აქედან გამომდინარე, სრულიად აუხსნელია და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გვესაუბრებიან, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე. მე გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტუირად რეალური შეიძლება იყოს. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ამოიწურება,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გალუზინისა და ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები რომ შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს, ამის შესახებ ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ რიჟენკოვმა 25 ნოემბერს ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მოხარულია შინაარსიანი მოლაპარაკებების გამო, რაზეც ინფორმაცია ქართული და რუსული მხარისგან მიიღო. ასევე, რიჟენკოვი ახსენებს "პროგრესს", რომელმაც, მისი თქმით, "შესაძლებელი გახადა" მოლაპარაკებების უკვე დედაქალაქებში გადატანა.
„რადგან არაფერი არ არის უფრო კარგი და, სიმართლე გითხრათ, სანდო, ვიდრე დედაქალაქებში მოლაპარაკებები, როდესაც მხარეები ურთიერთგაგების იმ დონემდე მიდიან, რომ შეუძლიათ ერთმანეთთან სტუმრად მისვლა და პრობლემების განხილვა, რომლებიც აღელვებთ,” - განაცხადა რიჟენკოვმა.
საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ არ აქვს. ქართული მხარის პოზიციაა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ოკუპაციის დასრულებამდე შეუძლებელია.