Microsoft-ში აცხადებენ, რომ ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც ,,ნობელიუმის" სახელით არის ცნობილი, მიზნად დაისახა 150-ზე მეტი ორგანიზაციის, მათ შორის სამთავრობო უწყებების, კვლევითი ცენტრების და მათ შორის, USAID-ის წინააღმდეგ კიბერშეტევა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
„ამ კვირაში ჩვენ ვნახეთ, რომ „ნობელიუმმა“ [Nobelium] კიბერშეტევები განახორციელა სახელმწიფო სააგენტოებზე, ანალიტიკურ ინსტიტუტებზე, კონსულტანტებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. შეტევების ტალღის მიზანი 3000-ზე მეტი ელექტრონული ფოსტის ანგარიში და 150-ზე მეტი ორგანიზაცია იყო. ძირითადად, შეტევები აშშ-ში მდებარე ორგანიზაციებზე განხორციელდა, თუმცა შეტევის მსხვერპლი კიდევ 24 ქვეყანა გახდა. მსხვერპლი ორგანიზაციების, როგორც მინიმუმ, მეოთხედი მუშაობდა საერთაშორისო განვითარების, ჰუმანიტარული [დახმარების] და ადამიანის უფლებების მიმართულებით. „ნობელიუმი“, რომელიც რუსეთთანაა დაკავშირებული, ასევე იდგა 2020 წელს „სოლარ უაინდზის“ [SolarWinds] მომხარებლებზე შეტევის უკან. როგორც ჩანს, ახლანდელი შეტევები არის „ნობელიუმის“ მცდელობის გაგრძელება, საგარეო პოლიტიკაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმით, შეაგროვოს სადაზვერვო ცნობები”, - წერია Microsoft-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიის ცნობით, „ნობელიუმმა“ ამ კვირას შეტევები USAID-ის Constant Contact-ის (პლატფორმა, რომელიც ელექტრონული ფოსტით მარკეტინგისთვის გამოიყენება) სერვერზე წვდომის მიღებით დაიწყო. შემდეგ, „ნობელიუმმა“ მოიპვა საშუალება, გაეგზავნა წერილები, რომელიც ავთენტურად გამოიყურებოდა. წერილი შეიცავდა ბმულს, რომელზეც გადასვლის შემდეგ [მოწყობილობაზე] იტვირთებოდა ფაილი, რომელიც თავის მხრივ ავრცელებდა ვირუსს, რომელსაც მაიკროსოფტი „NativeZone-ს“ უწოდებს. ამ ვირუსს შეეძლო ბევრი ფუნქციის შესრულება: მოწყობილობიდან მონაცემების მოპარვა ან ქსელის სხვა კომპიუტერების ინფიცირება