საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში სენატორების ჯინ შაჰინის და რობ პორტმანის ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით.
როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, სენატორები საქართველოს 2 ივნისს ეწვევიან. მანამდე კი ისინი უკრაინაში ჩავლენ.
"2-4 ივნისს, საქართველოს ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია, სენატორები ჯიმ შაჰინი და რობ პორტმანი იქნებიან ამ დელეგაციის შემადგენლობაში.
ისინი საქართველოში ვიზიტამდე ეწვევიან უკრაინას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დღის წესრიგში. საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო ბოლოს, როდესაც სენატორები სტუმრობდნენ საქართველოს, მოხარული ვარ რომ უკვე ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ჩვენი ერთგული მეგობარი სენატორები ეწვევიან საქართველოს.
ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება დროის თვალსაზრისით, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შეფასების კუთხით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით, ვფიქრობ ძალიან კარგი და სასარგებლო ვიზიტი იქნება",-აღნიშნავს ზალკალიანი.
საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია დელეგაციამ გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.