France 24-ის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობის წევრებისთვის წერტილოვანი სანქციების დასაწესებლად აშშ ევროკავშირთან ითანამშრომლებს.
როგორც ცნობილია, თეთრი სახლის პრესმდივნმა ჯერ ფსაკიმ საერთაშორისო გამოძიების ჩატარების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, თვითმფრინავის იძულებითი დაშვება "საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შეურაცხყოფაა".
ახალი სანქციების პარალელურად, ეკონომიკური სანქციები, რომლებიც ვაშინგტონმა ბელარუსის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ საწარმოებს აპრილში ხელახლა დაუწესა, ძალაში 3 ივნისს შევა.
თეთრი სახლის განმარტებით, ევროკავშირთან თანამშრომლობით აშშ გეგმავს წერტილოვანი სანქციები დაუწესოს ლუკაშენკოს რეჟიმის მნიშვნელოვან მაღალჩინოსნებს, მათ ვინც "მხარს უჭერს კორუფციას, ადამიანის უფლებების დარღვევას და დემოკრატიაზე შეტევას".
თეთრმა სახლმა აშშ-ს მოქალაქეებისთვის ოფიციალური რეკომენდაცია გასცა, არ ემოგზაურათ ბელარუსში და გააფრთხილა ამერიკული ავიახაზები, უკიდურესი სიფრთხილე გამოეჩინათ იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებას გეგმავდნენ.
ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან თავშეკავებისკენ ევროპულ კომპანიებს ევროკავშირიც მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.
ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.
24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.
24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.