ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე: მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება

„რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დაუპირისპირდეს დემოკრატიულ სისტემას, მომავალშიც ასეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას, პარლამენტის ფუნქციონირებისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი რესურსი, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში, რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს. იმ პირობებში კი, როდესაც ისინი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე შემოდიან, პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არ აქვს. მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და კვლავ პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას უსათუოდ თავისი ლოგიკური შედეგები ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„იმუქრებოდნენ პარლამენტში არშესვლით, თუმცა, საბოლოოდ, მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება. ამ პარტიამ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა - ვერ დამიჭერთ, არ გამოვალ, არ შევალთ, დასრულდა დაჭერით, გამოსვლითა და შესვლით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს დოკუმენტს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერცერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნება. „გარდა ამისა, თუ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერცერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს. დარწმუნებული ვართ, საბოლოოდ ამ შემთხვევაშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკან დახევა და დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს “.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე შედის.