ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს ეწვია.
კომიტეტი მონიტორინგს უწევს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოსადმი არსებული ვალდებულებების შესრულებას და ამ საკითხზე სპეციალურ ანგარიშებს ამზადებს.
კომიტეტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.
დღეს, თანამომხსენებლები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებს. ხვალ, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი შეხვედრებს გამართავენ საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის ლიდერებთან.
ვიზიტის პროგრამაში ჩამოთვლილია ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში უკვე მუშაობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. მათ შორის არ არის ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია", რომელმაც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო, თუმცა, "მიშელის დოკუმენტის" ხელმოწერაზე უარი თქვა. ბლოკიდან არჩეულ დეპუტატებს პარლამენტში საქმიანობა ჯერჯერობით არ დაუწყიათ.