აშშ-ის პრეზიდენტმა გააფართოვა ჩინური კომპანიების სია, სადაც ამერიკულ კომპანიებს ინვესტიციების დაბანდება აეკრძალებათ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფართოვა ჩინური კომპანიების სია, რომელშიც ამერიკულ კომპანიებს ინვესტიციების დაბანდება აეკრძალებათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილია, თეთრი სახლის ლიდერის ახალი აღმასრულებელი განკარგულება ძალაში 2 აგვისტოს შევა. ე.წ. შავ სიაში მოხვდა 59 ჩინური კომპანია. მათ შორის არის სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Huawei.

ამავე დროს, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამ სიას შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კომპანია დაემატოს.

ბაიდენის განკარგულების მიხედვით, ამერიკელ ინვესტორებს აკრძალული ექნებათ ჩინური კომპანიებისგან უსაფრთხოების სისტემების შეძენა.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აღნიშნული ნაბიჯით, აშშ-ის მთავრობა უზრუნველყოფს, რომ „ამერიკელებმა არ დააფინანსონ ჩინეთის ხელისუფლების სამხედრო ინდუსტრია“.