საზოგადოება

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებისას მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეიდან, 6 მარტიდან, დაფინანსების მისაღებად სტუდენტების განაცხადებების მიღება იწყება. 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიას შეუძლიათ მიმართონ სოციალურად დაუცველმა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებმა, რომლებიც დედაქალაქში არიან რეგისტრირებული. „დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები; არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი,“ - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა განმარტა, გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. სტუდენტებს სემესტრული თანხის ფარგლებში შეუძლიათ მიიღონ (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება. კახა კალაძის ინფორმაციით, განცხადებების მიღება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ თბილისის მერიის ვებსაიტს - www.tbilisi.gov.ge.  

ომბუდსმენი „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დაცვის კანონპროექტზე“: კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ლგბტ თემთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელზეც უმრავლესობა მუშაობს, წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დეტალების შეფასებას კანონპროექტის გაცნობის შემდეგ შეძლებს. „წინასწარ კანონპროექტის შინაარსის შეფასება გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ არის ცალსახა, ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ველოდები კანონპროექტს, რომლის გაცნობის შემდეგაც შევძლებ დეტალების შეფასებას,"- აცხადებს იოსელიანი. მამუკა მდინარაძე: მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაიცავს  

ქვეყანაში 134 საჯარო სკოლაა, სადაც დირექტორობის ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ ერთ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 134 საჯარო სკოლაა, სადაც დირექტორობის ვაკანტურ თანამდებობაზე, მხოლოდ ერთ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი. ამასთან, 18 სკოლაა, სადაც დირექტორობის სურვილი არცერთმა კანდიდატმა არ გამოთქვა და ვაკანტურ თანამდებობაზე ნული განაცხადია შესული. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის კანდიდატის ელექტრონული რეგისტრაცია 2 მარტს დასრულდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დირექტორის თანამდებობა 1220 სკოლაშია ვაკანტური. ცნობისთვის, ქვეყანაში სულ 2086 საჯარო სკოლაა.  

მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 მარტიდან 8 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. „დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ოკუპირებულ გუდაუთასთან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქალაქ გუდაუთასთან ახლოს 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ავრცელებს. ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  

სუროგატი დედის მშობიარობას სახელმწიფო არ დააფინანსებს

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსებული სერვისების ჩამონათვალი მცირდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 29 თებერვალს გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უარს ამბობს დაფაროს სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯი. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 29 თებერვალს გამოქვეყნდა. კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რომ პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები.  

კაცი, რომელიც ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა - საგანგებო

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. ამ სახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ, პატრულირების დროს, დააფიქსირეს ხანძრის კერა. ტერიტორიის დათვალიერებისას სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც მიზანმიმართულად ახდენდა ცეცხლის წაკიდებას. ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად - 500 ლარით დაჯარიმდა. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა

ათენი-ქუთაისის რეისის ქუთაისის ნაცვლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. საქაერონავიგაცია განმარტავს, რომ რეისის დაჯდომის ადგილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას. „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენი-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას,“ - ნათქვამია საქაერონავიგაციის ინფორმაციაში.  

მაია ბითაძე: 2 წელში სავალდებულო იქნება, გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს

„2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს,“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. მაია ბითაძის თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს. „დღეს რატომღაც ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო კარგი კინოლოგი, ძაღლთმცოდნე, ბიჰევიორისტია, ინბრიდინგი თუ ექსბრიდინგი იცის. მეგობრებო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ კინოლოგი ვარ, მე ვარ ერთი ადამიანი, რომლის ძაღლი თავის დროზე არასწორად გაწვრთნეს და ამიტომ მაქვს დიდი პრობლემები. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს. ეს სისტემა ჩვენს კეთილსინდისიერ კინოლოგებს და ფერინოლოგებს საშუალებას მისცემს, რომ ტრენინგკურსები, რომელსაც ახლაც ახორციელებენ სერტიფიცირების ერთიან სისტემაში მოაქციონ, აიმაღლონ თავიანთი სტატუსი და ჩვენთვის, ყველასთვის, 2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს და როგორ ვეცადოთ, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული, რადგან შესაძლებელია შპიციც კი აგრესიული გავხადოთ, თუ არასათანადოდ გავზრდით. ეს შესაძლებელია მივამგვანოთ ადამიანს, რომელიც ისეთი იზრდება, რა პირობებშიც გაზრდიან,“ - განაცხადა ბითაძემ. სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში ძაღლისა და კატის შეყვანა იკრძალება კალაძე კანონპროექტზე: ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს  

2024 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 4 მარტის, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge. მანამდე კი, როგორც რეგისტრაციის პროცესის, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოსაცდელები უნდა ეწვიონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge „საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში. აბიტურიენტების საყურადღებოდ: რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპიანია. ძირითად ეტაპზე - 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი, მათ რამდენიმე თვის განმავლობაში, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ შეუძლიათ სასურველი რაოდენობის იმ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, რომელზეც მათ მიერ არჩეული საგნები ბარდება. 2024 წლის გამოსაცდელებს ცენტრი ასევე სთავაზობს საგანგებოდ მათთვის მომზადებულ ელექტრონულ კრებულებს, რომლებიც თავს უყრის აპლიკანტებისათვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას და ცნობარი აბიტურიენტებისათვის - ცნობარში აბიტურიენტები გაეცნობიან: რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეუფე შიო: როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს ყველაზე მძიმე ცოდვაა

ღმერთი არის სიყვარული... იგი სიყვარულით მოიცავს ყველას და ყველაფერს... როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა..."  ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაშია ნათქვამი. „დღეს წაკითხული იყო იგავი უძღებ შვილზე. ამ იგავში უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვიხსნის, თუ რა არის ცოდვა, რომ ეს არის განშორება ღმერთისგან, ეს არის ღმერთისგან წასვლა შორეულ და უცხო ქვეყანაში, სადაც ადამიანი კარგავს ყველაფერს, კარგავს ადამიანურ ღირსებას. ცოდვა თავისი ბუნებით უცხოა ჩვენთვის, რადგან ადამიანში ჩადებულია ხატება და მსგავსება ღვთისა.  ეს იგავი წარმოგვიდგენს ორი ადამიანის, ორი შვილის სახეს. ერთი არის მონანული ვაჟი, რომლის მაგალითზეც იგავი გვასწავლის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სინანული, როგორ საფეხურებზე უნდა გაგვატაროს სინანულმა, სანამ ზეციერ მამასთან მიგვიყვანს.  იგავში მოთხრობილია უფროსი ვაჟის შესახებაც, რომელიც ყოველთვის მამის ერთგული იყო და ასევე მოთხრობილია ამ შვილების მამაზეც, რომელშიც იგულისხმება მამა ჩვენი ზეციერი. იგავში ჩანს, რომ მას ძალიან უყვარს თავისი შვილები, ანუ ყოველი ჩვენგანი, ყოველ ჩვენგანს აჯილდოებს სხვადასხვა ნიჭით, მრავალი სიკეთით.  ამ ნიჭებს შორის არის ერთი ნიჭი, რომელიც უმცროსმა ვაჟმა სათანადოდ ვერ გამოიყენა. ეს არის თავისუფლების ნიჭი. არის კიდევ ერთი ნიჭი, რომელზეც საუბარია ამ იგავში. ეს არის სინდისი. უმცროსი ვაჟი მიდის მამის სახლიდან. როგორც მოგახსენეთ, მიდის შორეულ, უცხო ქვეყანაში, იქ კარგავს ყველაფერს, მაგრამ მასში ეს სინდისი იღვიძებს. იგი გონს მოვა, ინანიებს. მაშასადამე, სინდისი მასში არ გამქრალა, არამედ ბოლოს და ბოლოს ამეტყველდა და ეს ადამიანი მამისეულ სახლში დააბრუნა. როგორ მიიღეს იგი მამის სახლში? - დღეს, დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში, წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს უძღები შვილის მიმღები მამის სახესაც. ამ იგავში ჩანს, რომ ღმერთი არის სიყვარული, რომ იგი სიყვარულით მოიცავს ყველას და ყველაფერს, როგორ უყვარს მას თავისი დაღუპული უძღები შვილი, როგორ ელოდება მას და როგორ შეხვდება მას, თვითონ გადის მის შესახვედრად, ჩაეხუტება, შეუნდობს ცოდვას და მისცემს მას ყველაფერ საუკეთესოს, რაც კი აქვს.  და ბოლოს, უფროს ვაჟსაც იწვევს ამ დაღუპული შვილის გადარჩენის აღსანიშნავად გამართულ ნადიმზე, მაგრამ ამ უფროს შვილს არ უნდა მამის სიხარულში მონაწილეობა. ის ნაწყენია. ის ამბობს, როგორ, მე ხომ ყოველთვის შენთან ვიყავი, არ შემიცოდავს, შენი ერთგული ვიყავი ყოველთვის და სანაცვლოდ რას ვიღებო.   ჩემმა ძმამ, ანუ შენმა შვილმა, მიიღო საუკეთესო შესამოსელიც, ხელზე ბეჭედიც, ნასუქი ხბოც დაუკალი ნადიმისთვის და მე რა? განა მე არ უნდა მეკუთვნოდეს პირველი ადგილი მამის სახლში? განა მე არ უნდა მეკუთვნოდეს ეს ყველაფერი, ეს სიკეთეებიო? - ამბობს იგი. ძვირფასო ძმებო და დებო, აქ იწყება უკვე ანგარიში, ანგარიში უფლებებისა, რომ მე ასეთი დამსახურება მაქვს, ამდენი რამ გამიკეთებია, ვიმსახურებ უფრო მეტს, სხვები არ იმსახურებენ ან ჩემზე ნაკლებს იმსახურებენ და ა.შ. აი, როდესაც იწყება ასეთი ანგარიში, იქ უკვე ქრება სიყვარული, იქ სიყვარული აღარ არის, ვინაიდან სინანული შეიძლება, იყოს მხოლოდ სიყვარულის წინაშე, იმიტომ, რომ ღმერთი არის სიყვარული და ცოდვაც ყოველთვის არის ცოდვა სიყვარულის წინაშე. ცოდვის არსი, რომელზეც დღეს იგავშია საუბარი, მდგომარეობს იმაში, რომ ის ცოდვა არის სიყვარულის წინაშე. როდესაც ჩვენს სულში სიყვარულის ნაცვლად სხვა რამ იმკვიდრებს, ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა.    ამაზე მოგვითხრობს, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი იგავი, რომელიც გვანუგეშებს და გვასწავლის ცოდვის და სიყვარულის სწორად გაგებას, გვიჩვენებს, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო ვეყოთ ჩვენს ზეციერ მამას და დავიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა.“        

სამხედრო მოსამსახურეებმა გმირების დედებს 3 მარტი მიულოცეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ასევე სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და სოფელში ესტუმრნენ. „მათ გმირების მშობლებს, დედის დღესთან დაკავშირებით, თაიგულები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მისალოცი ბარათები გადასცეს. ჯარისკაცებმა თანამებრძოლების თავდადება და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

თერჯოლაში, მდინარე ძუსაში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მანამდე, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წყლიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. თერჯოლაში, მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო  

საქართველოში WizzAir-ის ავიარეისები მცირდება

უნგრეთის ავიაკომპანია WizzAir-ი საქართველოში რეისების რაოდენობას ამცირებს. სრულად შეჩერდება ფრენა ქუთაისსა და პოლონეთის ქალაქ გდანსკს შორის. ხოლო იტალიის მიმართულებით, ქუთაისი-რომის რეისზე, თვითმფრინავი დაჯდება ჩამპინოს აეროპორტში, ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად. ეს გადაწყვეტილება მანამდეც იყო ცნობილი და მარტის ბოლოდან შედის ძალაში. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. რეისების შეჩერებისა და შეცვლის გადაწყვეტილება შეეხება სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის - სერბეთს, იტალიას, საბერძნეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრიას, ლიეტუვას, ლატვიასა და სხვა. ამის შესახებ Lowcostavia წერს. ავიამიმოსვლის გრაფიკში შეტანილი ცვლილებების მიზეზად დასახელებულია Airbus-ის ძრავების მომსახურებასთან დაკავშირებული გამოწვევები. Airbus-ების შემოწმების პროცესი შარშან დაიწყო, Pratt & Whitney-ის PW1100G ძრავებში აღმოჩენილი ხარვეზის გამო, რაც ექსპლუატაციის ვადებს ამცირებს. შემოწმების პროცესი WizzAir-ისთვის დამატებითი საზრუნავი გახდა, რადგან თვითმფრინავების გაჩერებას მოითხოვს. მსგავს პრობლემებს წააწყდნენ სხვა ავიაკომპანიებიც. LowcostAvia-ს ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ პირველი კვარტლის ბოლოს WizzAir-ს, სულ ცოტა, 45 თვითმფრინავის გაჩერება მოუწიოს, რაც მისი ავიაპარკის 1/5-ს შეადგენს.  

საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 9.9%-ით მეტი სტუდენტი ჩაირიცხა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 96 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 54 საჯარო, ხოლო 42 კერძო. 2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15.5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 47.9 პროცენტი ქალია, ხოლო 52.1 პროცენტი – კაცი. 2022 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 9.9 პროცენტით. რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს თბილისი 38.1%-ით, რომელსაც მოსდევს აჭარა – 17.2%-ით, შემდეგ მოდის იმერეთი – 10.4%-ით, სამერელო-ზემო სვანეთი – 9.7%-ით, კახეთი – 4.8%-ითა და ქვემო ქართლი – 7.8%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 264 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35.2 პროცენტი ქალია, ხოლო 64.8 პროცენტი – კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში – 42.4%, მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი – 10.2%-ით. გასულ წელს კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 8.1 ათასი შეადგინა, რომელთაგან 48.3 პროცენტი ქალია, ხოლო 51.7 პროცენტი – კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის, მომსახურებების, ბიზნესის, ადმინისტრირებისა და სამართლის პროგრამებზე. გარდა ამისა, 2023/2024 სასწავლო წლისთვის სტუდენტთა მიღება - 8.4 პროცენტით, უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობა კი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 22.5 პროცენტით გაიზარდა.  

საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა. 1990 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შედეგადაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის, გაბესკირია, სეპარატისტებმა დახვრიტეს. „არასოდეს, ვიდრე ცოცხალი ვარ!“ - ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ „ბოევიკების“ მოთხოვნას, - "დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!" 2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, გურამ გაბესკირია სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.  

ზურაბ დათუნაშვილი: მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში

ყოფილი სპორტსმენი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ერთვება. ამის შესახებ ის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს და ამბობს, რომ პოლიტიკაში ახალ გუნდთან ერთად ჩაერთვება. "მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავერთო პოლიტიკაში. არა იმიტომ, რომ სპორტსმენი ვიყავი, ვიღაცისთვის შეიძლება წარმატებული, ვიღაცისთვის შეიძლება წარუმატებელი. პოლიტიკაში ვერთვები იმიტომ, რომ მაქვს ჩემი ღირებულებები, შეხედულებები და ამაზე საუბარი შემიძლია ყველასთან და ყველგან. პოლიტიკაში ვერთვები ახალ, ვიმეორებ, ახალ საუკეთესო გუნდთან ერთად,"- ამბობს დათუნაშვილი. ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი. მან კარიერა სერბეთში გააგრძელა მას შემდეგ, რაც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა. გეგა გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. სასამართლომ გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.  

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ მედიას მისმა ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა. „ახლა გადავკვეთეთ საზღვარი, სტამბოლში მივდივართ. პირველ რიგში, გამოკვლევები ჩაუტარდება, შემდეგ მკურნალობა დაენიშნება. ოჯახმა ვიცით, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ მზად ვართ ყველაფრისთვის, მთავარია, ჩემი ძმა ფეხზე დადგეს. დაწოლილ მდგომარეობაშია, საწოლი გვაქვს მანქანაში გაკეთებული, რადგან ჯდომა არ შეუძლია, ამიტომ გადავწყვიტეთ მანქანით წასვლა, იმედი გვაქვს, რომ ოჯახს თავისი ფეხით დაუბრუნდება,“ - აცხადებს მამალაძე. დეკანოზი გიორგი მამალაძე: საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია  

როგორი ამინდია მოსალოდნელი ხუთ მარტამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-3 მარტს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 4 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. დედაქალაქში - თბილისში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2-3 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 2-3 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 4 მარტს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 2-3 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2-3 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს ზოგან შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 2-3 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2-3 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

Freedom House: საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა. ორგანიზაციის ანგარიშში - „თავისუფლება მსოფლიოში 2024“ საქართველოს 100 ქულიდან 58 აქვს მინიჭებული, პოლიტიკური უფლებების კუთხით 40-დან 22 ქულა მიანიჭა, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით კი - 60-დან 36. Freedom House-ი წერს, რომ ოლიგარქიული გავლენა გავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, კანონის უზენაესობას ძირს უთხრის პოლიტიზაცია და სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულად არის დაცული.