საზოგადოება

საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 9.9%-ით მეტი სტუდენტი ჩაირიცხა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 96 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 54 საჯარო, ხოლო 42 კერძო. 2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15.5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 47.9 პროცენტი ქალია, ხოლო 52.1 პროცენტი – კაცი. 2022 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 9.9 პროცენტით. რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს თბილისი 38.1%-ით, რომელსაც მოსდევს აჭარა – 17.2%-ით, შემდეგ მოდის იმერეთი – 10.4%-ით, სამერელო-ზემო სვანეთი – 9.7%-ით, კახეთი – 4.8%-ითა და ქვემო ქართლი – 7.8%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 264 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35.2 პროცენტი ქალია, ხოლო 64.8 პროცენტი – კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში – 42.4%, მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი – 10.2%-ით. გასულ წელს კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 8.1 ათასი შეადგინა, რომელთაგან 48.3 პროცენტი ქალია, ხოლო 51.7 პროცენტი – კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის, მომსახურებების, ბიზნესის, ადმინისტრირებისა და სამართლის პროგრამებზე. გარდა ამისა, 2023/2024 სასწავლო წლისთვის სტუდენტთა მიღება - 8.4 პროცენტით, უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობა კი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 22.5 პროცენტით გაიზარდა.  

საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა. 1990 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შედეგადაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის, გაბესკირია, სეპარატისტებმა დახვრიტეს. „არასოდეს, ვიდრე ცოცხალი ვარ!“ - ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ „ბოევიკების“ მოთხოვნას, - "დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!" 2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, გურამ გაბესკირია სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.  

ზურაბ დათუნაშვილი: მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში

ყოფილი სპორტსმენი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ერთვება. ამის შესახებ ის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს და ამბობს, რომ პოლიტიკაში ახალ გუნდთან ერთად ჩაერთვება. "მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავერთო პოლიტიკაში. არა იმიტომ, რომ სპორტსმენი ვიყავი, ვიღაცისთვის შეიძლება წარმატებული, ვიღაცისთვის შეიძლება წარუმატებელი. პოლიტიკაში ვერთვები იმიტომ, რომ მაქვს ჩემი ღირებულებები, შეხედულებები და ამაზე საუბარი შემიძლია ყველასთან და ყველგან. პოლიტიკაში ვერთვები ახალ, ვიმეორებ, ახალ საუკეთესო გუნდთან ერთად,"- ამბობს დათუნაშვილი. ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი. მან კარიერა სერბეთში გააგრძელა მას შემდეგ, რაც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა. გეგა გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. სასამართლომ გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.  

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ მედიას მისმა ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა. „ახლა გადავკვეთეთ საზღვარი, სტამბოლში მივდივართ. პირველ რიგში, გამოკვლევები ჩაუტარდება, შემდეგ მკურნალობა დაენიშნება. ოჯახმა ვიცით, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ მზად ვართ ყველაფრისთვის, მთავარია, ჩემი ძმა ფეხზე დადგეს. დაწოლილ მდგომარეობაშია, საწოლი გვაქვს მანქანაში გაკეთებული, რადგან ჯდომა არ შეუძლია, ამიტომ გადავწყვიტეთ მანქანით წასვლა, იმედი გვაქვს, რომ ოჯახს თავისი ფეხით დაუბრუნდება,“ - აცხადებს მამალაძე. დეკანოზი გიორგი მამალაძე: საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია  

როგორი ამინდია მოსალოდნელი ხუთ მარტამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-3 მარტს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 4 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. დედაქალაქში - თბილისში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2-3 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 2-3 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 4 მარტს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 2-3 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2-3 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს ზოგან შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 2-3 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2-3 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

Freedom House: საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა. ორგანიზაციის ანგარიშში - „თავისუფლება მსოფლიოში 2024“ საქართველოს 100 ქულიდან 58 აქვს მინიჭებული, პოლიტიკური უფლებების კუთხით 40-დან 22 ქულა მიანიჭა, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით კი - 60-დან 36. Freedom House-ი წერს, რომ ოლიგარქიული გავლენა გავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, კანონის უზენაესობას ძირს უთხრის პოლიტიზაცია და სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულად არის დაცული.  

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის თარიღები ცნობილია

რეგისტრაცია 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა, ნინო წერეთელმა ბრიფინგზე ისაუბრა. ნინო წერეთლის თქმით, აუცილებელია რეგისტრაციის მსურველებმა გაითვალისწინონ ამ პროცესისათვის დადგენილი ვადები და პროცედურები, რათა წლევანდელ გამოცდებში მონაწილეობა შეძლონ. რაც შეეხებათ პირების, რომლებიც წელს მასწავლებლის გამოცდაზე გასვლას გეგმავენ, რეგისტრაციის თარიღები ცნობილი მოგვიანებით გახდება. „2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 4 მარტიდან შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge. მანამდე კი (რეგისტრაციის დღეს), როგორც რეგისტრაციის პროცესის, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოსაცდელები უნდა ეწვიონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge . საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში,” - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აღნიშნავენ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია. ძირითად ეტაპზე - 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. „საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ შეუძლიათ სასურველი რაოდენობის იმ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, რომელზეც მათ მიერ არჩეული საგნები ბარდება. 2024 წლის გამოსაცდელებს ცენტრი სთავაზობს საგანგებოდ მათთვის მომზადებულ ელექტრონულ კრებულებს, რომლებიც თავს უყრის აპლიკანტებისათვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას,” -აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის ეროვნული გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ იქნება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის ეროვნული გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ იქნება. „ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ საქართველო ჩამოყალიბდება უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბად, ვინაიდან წლიდან0წლამდე საერთაშორისო სტუდენტების მოთხოვნა იზრდება. ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, ყველა უნივერსიტეტის რექტორი გვყავს ჩართული ამ პროცესში და ყველა გადაწყვეტილებას ინკლუზიურად ვიღებ. შევჯერდით, რომ იყოს 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა არსებულ 4 წლიანთან ერთად. საზოგადოებას და საუნივერსიტეტო საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს თავად უნივერსიტეტის გადასაწყვეტი იქნება. მას შეუძლია ორივე პროგრამა განახორციელოს, ან ერთ-ერთი, როგორც მოისურვებენ. არ იზღუდება არც ოთხ წლიანი, მაგრამ შესაძლებლობას ვხსნით, რომ 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამაც იყოს. პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის მიმართულების პროგრამებისთვის იქნება, თუმცა აქვე ვაანონსებ, რომ ამით არ გავჩერდებით, ვინაიდან გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, აქაც გვინდა ძალიან მოქნილი, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა შემოვიტანოთ, რასაც ბუნებრივია, თავის გარკვეული შეზღუდვები ექნება. ერთწლიანით არ იქნება შესაძლებელი სადოქტორო საფეხურის გაგრძელება და ა.შ. ესეც ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ახლავე სხვა მიმართულებებიც გავხსნათ. ასევე ექსკლუზიურად, წინასწარ გეტყვით, რომ ამ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ დაინტერესებულ აბიტურიენტს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა,“ - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.  

სწავლების ხანგრძლივობა ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე - მინისტრის განმარტება

უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულების 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა შექმნან. განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ცვლილების დეტალებზე განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტის არჩევანი იქნება, დანერგავს 3-წლიან თუ 4-წლიან სამაგისტრო პროგრამას. „შეუძლიათ, ორივე პროგრამა განახორციელონ, ან ერთ-ერთი. შესაძლებლობას ვხსნით, ფანჯარას, კარს, რომ 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა, პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის პროგრამებისთვის იყოს. აქვე ვაანონსებ, რომ ამით არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება," - განაცხადა მან „იმედის“ ეთერში. რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, ამილახვარი განმარტავს, რომ იგეგმება 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამების დანერგვა, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით: „ერთწლიანით არ იქნება შესაძლებელი სადოქტორო საფეხურის გაგრძელება. ესეც დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სხვა მიმართულებებიც გავხსნათ. აქვე ვიტყვი, რომ ამ 60-კრედიტიან, ანუ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება. თუმცა თუკი აბიტურიენტს გრანტის მოპოვების სურვილი ექნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა. რეალურად ეს არის ძალიან მოქნილი, როგორც ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რადგან უნივერსიტეტებს მივცემთ ორივე პროგრამის განხორციელების უფლებას, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე." გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.  

ანდრია ჯაღმაიძე: ბევრ კითხვას ბადებს ქალბატონი პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებით

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ანდრია ჯაღმაძის განცხადებით, სამწუხაროა პრეზიდენტისგან ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა. „ბევრ კითხვას ბადებს ქალბატონი პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებით. პირველ რიგში, პრზიდენტისთვის, მით უმეტეს რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი, სხვა საკითხია, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა. გაუგებარია, რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ისევე, როგორც ეკლესიის მხრიდან "პროდასავლური რიტორიკის მიყოლის" შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს ეკლესია "ახლოსაა ძალასთან"? სამწუხაროა ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა პრეზიდენტის სიმაღლიდან და ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი, ჩრდილს აყენებს და აკნინებს, არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს,” - წერს ანდრია ჯაღმაძე სოციალურ ქსელში. ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ეკლესია გაყვება პროდასავლურ რიტორიკას. „ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს. ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის,” - განაცხადა ზურაბიშვილმა Chatham House-ში.  

რა დოკუმენტი გაეგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტის პერსონალს - უწყების განმარტება

როგორ განმარტავს სახელმწიფო დეპარტამენტი გენდერული იდენტობის შესახებ არსებულ მემორანდუმს, რომელიც მდივანმა ბლინკენმა პერსონალს გაუგზავნა. ტრადიციულ ბრიფინგზე სპიკერ მეთიუ მილერს 20 თებერვალს ჰკითხეს: „იყო გარკვეული კრიტიკა იმ დოკუმენტის მიმართ, რომელიც მდივანმა რამდენიმე კვირის წინ გაუგზავნა პერსონალს გენდერული იდენტობის შესახებ და მოუწოდებდა პერსონალს, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ენა, შეძლებისდაგვარად და მოერიდონ ტერმინებს, როგორიცაა - „ქალბატონებო და ბატონებო. როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ასეთი მემორანდუმი საჭირო?“ მეთიუ მილერმა უპასუხა: „ეს არის დეპარტამენტის სტანდარტული პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრდა. ეს არარანაირად არ ნიშნავს თავად მდივნის მემორანდუმს. თუ გადახედავთ ამ მემორანდუმს, როგორც მე ეს უკვე გავაკეთე, ეს არის სტანდარტული სამთავრობო პრაქტიკა, რომლითაც უბრალოდ ცდილობ, წაახალისო ადამიანები, პატივი სცენ სხვებს და გამოიყენონ ტერმინები, რომლითაც სხვები კომფორტულად იგრძნობენ თავს და ისე ესაუბრონ ხალხს, როგორც მათ სურთ, რომ მათ მიმართონ და მეტი არაფერი.“ ელჩი დანიგანი: გაკვირვებული ვარ ყურადღების მიპყრობით სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან ცნობისთვის, ენტონი ბლინკენმა კოლეგებს მოუწოდა, გამოიყენონ „გენდერულად ნეიტრალური ენა, როდესაც ეს შესაძლებელია“, რათა „გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები.“ თანამშრომლებს ასევე სთხოვენ, რომ შეხვედრებისას ან ელექტრონული მიმოწერის დროს დაასახელონ თავიანთი ნაცვალსახელები (მაგალითად, He/Him, ის/მას – კაცი, She/Her ის/მას – ქალი და ა.შ.), თუმცა იმავეს გაკეთებას არავის ავალდებულებენ. დოკუმენტის თანახმად, უმჯობესია, არ იყოს გამოყენებული გავრცელებული ტერმინები, როგორიცაა „დედა/მამა, ვაჟიშვილი/ქალიშვილი, ქალბატონებო და ბატონები“ და ა.შ. და ისინი ჩანაცვლდეს ისეთი სიტყვებით, რომლებიც არ ასახავს ადამიანის გენდერს. „ეს [ადამიანის] პირადი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ,“ – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამერიკული მედიასაშუალებების - New York Post-ისა და Fox News-ის ცნობით.  

სწავლების ხანგრძლივობა, რამდენიმე მიმართულებით, ბაკალავრიატზე 3 წლამდე, მაგისტრატურაზე კი - 1 წლამდე მცირდება

ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე მცირდება. როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ბაკალავრიატის მიმართულებით, ცვლილებები იქნება ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამის, მაგისტრატურაში კი, ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში.  ბრანებაში ვკითხულობთ: მუხლი 3. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და დაშვების წინაპირობა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავება და განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვის. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა და არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში. ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესს და პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.  

პოგბა ფეხბურთს ოთხი წლით ჩამოაშორეს

იუვენტუსის ნახევარმცველ პოლ პოგბას დოპინგის სკანდალის გამო ოთხი წლით ფეხბურთის თამაში აეკრძალა. საფრანგეთის ნაკრების 30 წლის წევრმა, 20 აგვისტოს, იუვენტუსის სეზონის პირველი მატჩის შემდეგ შემთხვევითი ტესტირება გაიარა. მას აკრძალვა იტალიის ეროვნულმა ანტიდოპინგურმა ტრიბუნალმა გადასცა.  

ნიკა გვარამია "მთავარ არხში" თანამდებობას და წილებს თმობს

ნიკა გვარამია ტელეკომპანია "მთავარ არხში" წილებსა და გენერალური დირექტორის თანამდებობას თმობს. დოკუმენტები ამ ცვლილებების დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრში გუშინ, 27 თებერვალს შევიდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრი დაარეგისტრებს ამ ცვლილებებს, არხის გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია გახდება. ის ნიკა გვარამიას დაპატიმრების დღიდან გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს. "მთავარ არხს" გენერალური დირექტორის გარდა ეყოლება ორი დირექტორი. ტელეკომპანიის მეწილეების გადაწყვეტილებით ამ თანამდებობას დაიკავებენ - გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია. საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტებითვე ირკვევა, რომ "მთავარ არხში" 12-პროცენტიან წილს ნიკა გვარამია გადასცემს ცოლს, სოფო ლილუაშვილს.  

2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 25 209-მა მოქალაქემ ითხოვა

2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნათა რიცხვი 18 პროცენტით გაიზარდა და 1,14 მილიონს მიაღწია, რაც 2015-2016 წლების მიგრაციული კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამას ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) 2023 წლის სტატისტიკური მონაცემები მოწმობს. საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ყველა ხშირად გერმანიაში (36%) და საფრანგეთში (29%) ითხოვენ. 2023 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით 25 209 განაცხადი შეავსეს, რაც შარშანდელთან შედარებით, 12 პროცენტით ნაკლებია, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულად ითვლება. ყველაზე მეტი განაცხადი საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში შეავსეს. საუბარია 9 000-ზე მეტ განაცხადზე. შემდეგ მოდის საფრანგეთი, სადაც 2023 წელს თავშესაფარს საქართველოს 7 000-ზე მეტი მოქალაქე ითხოვდა, იტალიაში კი – 3 000-ზე მეტი მოქალაქე. მომდევნო ადგილებს შემდეგი ქვეყნები იკავებენ: იტალია - 12%საბერძნეთი - 5%ბელგია - 4%ირლანდია - 4%ესპანეთი - 3%შვეიცარია - 2%ავსტრია - 1%ნიდერლანდები - 1%შვედეთი - 1% EUAA-ს მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთა შორის ყველაზე მეტნი სირიელები და ავღანელი არიან. თურქეთის მოქალაქეები, რომლებმაც 2023 წელს 82%-ით მეტი განცხადება შეიტანეს, ვიდრე წინა წელს, თავშესაფრის მაძიებელთა სიდიდით მესამე ჯგუფს შეადგენენ. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 28 797 შეადგინა. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, საქართველოში შედიოდა ქვეყნების ათეულში (სირია, ავღანეთი, თურქეთი, ვენესუელა, კოლუმბია, პაკისტანი, ბანგლადეში, საქართველო, უკრაინა, ერაყი), საიდანაც ევროკავშირს ყველაზე ხშირად მიმართავდნენ თავშესაფრის თხოვნით. 2022 წელს საქართველოდან მეტმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირში, ვიდრე ომში მყოფი უკრაინიდან (28 318 განაცხადი). თუმცა ეს აიხსნება იმით, რომ უკრაინიდან წასული დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ექსკლუზიურად დარეგისტრირდა დროებითი დაცვისთვის, თავშესაფრის მიღების პროცედურის გარეშე. EUAA-ს ცნობით, თურქებმა, ვენესუელელებმა, კოლუმბიელებმა, ბანგლადეშელებმა და ქართველებმა ყველაზე მეტი განაცხადი გააკეთეს მინიმუმ 2008 წლიდან.

18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით, 4 მიმართულებით იმოძრავებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2 მარტიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით მარშრუტებზე ივლის. მისი განმარტებით, ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც დიდი მგზავრთნაკადია. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შეძენილია 160 ცალი 18- მეტრიანი ავტობუსი, აქედან 50 უკვე თბილისშია, დანარჩენი კი, ეტაპობრივად შემოვა. „60 ერთეული ავტობუსი უკვე შესყიდულია და ეტაპობრივად შემოდის. აქედან 50 ერთეული უკვე თბილისშია. დავიწყეთ კონკრეტულ ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, დატვირთვა პირველ რიგში ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა. 2 მარტიდან ვიწყებთ სხვადასხვა ხაზზე 18-მეტრიანი ავტობუსების ეტაპობრივად გაშვებას. შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით,“ - აღნიშნა თბილისის მერმა. მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად გადანაწილდება შემდეგ მარშრუტებზე: N301, N308 და N314. ამასთან, როგორც მთავრობის დღევანდელ სხდოომაზე კახა კალაძემ განაცხადა, 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება  

თბილისის ანძა დომინიკის რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა

დომინიკის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად, თბილისის ანძა ამ სახელმწიფოს დროშის ფერებში განათდა. დომინიკის რესპუბლიკა დღეს ჰაიტისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას აღნიშნავს. დამოუკიდებლობის ომიდან, რომელიც 1844 წლის 27 თებერვალს ჰაიტისგან დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდა, 180 წელი შესრულდა. ამ დღეს დომინიკის რესპუბლიკაში არაერთი საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავენ. იმართება სადღესასწაულო მარში და კოსტიუმირებული კარნავალი, რომლისთვისაც ყველა მოქალაქე საგანგებოდ ემზადება.  

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებულმა ოჯახმა ბინა დაიბრუნა

თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან გამოსახლებულმა ოჯახმა საცხოვრებელი კერძო იპოთეკარისგან გამოისყიდა. იპოთეკარსა და მსესხებელს შორის ერთი თვის წინ დადებული შეთანხმების პირობები მხარეებმა 23 თებერვალს შეასრულეს. კერძო იპოთეკარ დარეჯან დვალსა და მარინა ხატიაშვილს შორის შეთანხმება გამოსახლებიდან მეორე დღეს, 24 იანვარს, შედგა. დოკუმენტში ეწერა, რომ "თუკი [მარინა ხატიაშვილი] ერთი თვის ვადაში 90 000 აშშ დოლარს გადაიხდიდა, დარეჯან დვალი მას კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონებას დაუბრუნებდა." მარინა ხატიაშვილის თქმით, მას უკვე ჰქონდა 70 000 აშშ დოლარი, ერთ თვეს კი, დარჩენილი 20 000 აშშ დოლარის შესაგროვებლად გამოიყენებდა. ამ მიზნით 17 თებერვალს გაიმართა საქველმოქმედო აუქციონი, რომელზეც ნამუშევრები გასაყიდად გამოიტანეს ხელოვანებმა და გალერისტებმა. „ეს იყო ძალიან დიდი თანადგომისა და სოლიდარობის შედეგი - ჯერ იმ ხალხის მხრიდან, ვინც იქ გამოსახლების დღეს იომა და თავი გადადო, შემდეგ კი ჩემი მეგობრების მხრიდან, რომლებმაც აუქციონი მოაწყვეს და ნამუშევრები გაყიდეს. აუქციონიდან შემოსული თანხით გავისტუმრეთ მევახშე. მინდა ჩემი საქმე იყოს პრეცედენტი, რომ სანამ ამხელა კონფლიქტი და მძიმე სურათი შეიქმნება, მევახშეებმა იქამდე აიღონ ის თანხები, რასაც სთავაზობენ ან მსესხებელს თანხის შეგროვება აცალონ," - განუცხადა მარინა ხატიაშვილმა რადიო თავისუფლებას. ის ამბობს, რომ უძრავი ქონება მის ოჯახს იურიდიულადაც გადაუფორმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება რეესტრშია ასახული. კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულები 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 27 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი. „ქალაქ თბილისში 27 თებერვალს შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ანაკლია-ფოთის მიდამოებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით შიდა ქართლში -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -10, -12 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -16, -18 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +4, +6 გრადუსამდე მოიმატებს“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, ეგოიზმი კი, საფუძველია ყველა სხვა ვნების - მეუფე შიო

,,მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს... ეს არის სიყვარული... თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს... ასე იხსნება და ვლინდება ჩვენში ხატება და მსგავსება ღვთისა და თანდათან, უფრო და უფრო ქმედითი ხდება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულში..." ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაშია ნათქვამი. „დღეს ჩვენ მოვისმინეთ იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაიწყო მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ამ იგავში უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყველაზე საჭირო რამეს გვეუბნება ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ვინ იყო ის ორი ადამიანი, რომლებიც შევიდნენ ტაძარში სალოცავად? - ერთი იყო მეზვერე, მეორე - ფარისეველი. მეზვერეები იყვნენ გადასახადების ამკრეფნი რომის იმპერიისთვის, მაშასადამე, დამპყრობელი სახელმწიფოსთვის; მაგრამ, ამავე დროს, ისინი გადასახადს იღებდნენ იუდეის სახელმწიფოსთვისაც და მინიჭებული ჰქონდათ უფლება, იმდენი ფული გამოერთმიათ, რამდენსაც თავად ჩათვლიდნენ საჭიროდ. ამიტომ ისინი ართმევდნენ სახელმწიფოსთვისაც და პირადად თავიანთათვისაც. ამიტომ მათი უმეტესობა ძალიან მალე მდიდრდებოდა, ისინი გამოირჩეოდნენ სისასტიკით, უსამართლობით და ხალხს ძალიან არ უყვარდა ისინი. ტაძარში შედის ფარისეველიც. ჩვენ მიჩვეული ვართ ფარისევლების ადვილად განკითხვას და მათდამი სიძულვილს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ფარისევლები ძალიან მოღვაწე ადამიანები იყვნენ. დღევანდელი იგავიდანაც ჩანს, რომ ისინი კვირაში ორჯერაც მარხულობდნენ თავიანთი მოშურნეობის გამო, იმიტომ რომ სულაც არ იყო სავალდებულო კვირაში ორჯერ მარხვა ებრაელთათვის, ეს მხოლოდ ტრადიცია იყო. გარდა ამისა, თავიანთი შემოსავლის საკმაო ნაწილს გლახაკებსაც ურიგებდნენ, ე.ი. ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ღვთის წინაშე ფასს კარგავდა იმის გამო, რომ ისინი თავიანთ შრომას ძალიან ძვირად აფასებდნენ და დიდი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზე, თავიანთ ღვაწლზე და საკუთარი თავი მართალი ეგონათ. ეს ფარისეველიც ლოცულობს, მაგრამ მის ლოცვას შეიძლება, ლოცვაც არ ეწოდოს, იმიტომ, რომ იგი უფრო საკუთარ თავს იქებს, საკუთარ სიკეთეებზე საუბრობს და ასე ამბობს: „გმადლობთ, უფალო, აი, მე როგორი კარგი ვარ, კვირაში ორჯერაც ვმარხულობ, მეათედსაც დროულად შევწირავ, არ ვარ, როგორც სხვა ადამიანები, ცოდვილი, არ ვარ მემრუშე, არ ვარ მტაცებელი და ა.შ. ესე იგი ის თავის ცოდვებზე საერთოდ არ ფიქრობს, არაფერს ინანიებს, არამედ, მეტიც, პირიქით, გაიხედავს უკან, დაინახავს მეზვერეს და იტყვის: ,,აი, უფალო, ანდა როგორც ეს მეზვერე, ისეთი არა ვარ მე, რომელიც ახლა უკან დგას, მკერდში ხელს იცემს და ლოცულობს." ამრიგად, ფარისეველმა ლოცვის დროს მეზვერე თავის გულში განიკითხა, დაამდაბლა და დაამცირა. ხოლო მეზვერე როგორ ლოცულობს? მან იცის, რომ ძალიან ცოდვილია, იცის, რომ არ იმსახურებს იგი ღვთის წყალობას, იცის, რომ ტაძარში დგომასაც კი არ იმსახურებს თავისი ცოდვების გამო და ამიტომ ძალიან უბრალოდ ლოცულობს: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“. ე.ი. უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი. და იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ეს ცოდვილი მეზვერე უფრო გამართლებული გადის ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებდა რელიგიურ წესებს და ყველას მართალი ეგონა. მაშასადამე, ამ ლოცვის დროს მეზვერე თავს იმდაბლებდა, ხოლო ფარისეველი თავს იმაღლებდა და ამპარტავნობდა. აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რას გვასწავლის ჩვენ დღევანდელი იგავი? რას გვასწავლის ჩვენ უფალი იესო ქრისტე ამ იგავით? გვასწავლის სიმდაბლეს. მაცხოვრის სახარება - ეს არის სიმდაბლის სახარება, მთელი მისი ცხოვრება, მისი ჯვარზე სიკვდილიც - ეს არის სიმდაბლის უმაღლესი გამოვლინება. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, სიმდაბლის სათნოება, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ თავად უფალი ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძვლად გვიდებს მას? - იმიტომ, რომ მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს. რა თვისებაა ეს? ეს არის სიყვარული. მხოლოდ სიმდაბლე ხსნის, ავლენს ამ თვისებას. თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების. მაშასადამე, თავმდაბალი ადამიანი, ეგოიზმთან ერთად, სხვა ვნებებსაც აღმოფხვრის. ასეთ ადამიანთან მოდის სულიწმიდის მადლი, მას განსწმენდს, აღამაღლებს და მიამსგავსებს თავად ღმერთს, მიამსგავსებს იესო ქრისტეს. და როგორც მოგახსენეთ, ასე იხსნება და ვლინდება ჩვენში ხატება და მსგავსება ღვთისა და თანდათან, უფრო და უფრო ქმედითი ხდება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულში.“