როგორ განმარტავს სახელმწიფო დეპარტამენტი გენდერული იდენტობის შესახებ არსებულ მემორანდუმს, რომელიც მდივანმა ბლინკენმა პერსონალს გაუგზავნა. ტრადიციულ ბრიფინგზე სპიკერ მეთიუ მილერს 20 თებერვალს ჰკითხეს: „იყო გარკვეული კრიტიკა იმ დოკუმენტის მიმართ, რომელიც მდივანმა რამდენიმე კვირის წინ გაუგზავნა პერსონალს გენდერული იდენტობის შესახებ და მოუწოდებდა პერსონალს, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ენა, შეძლებისდაგვარად და მოერიდონ ტერმინებს, როგორიცაა - „ქალბატონებო და ბატონებო. როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ასეთი მემორანდუმი საჭირო?“
მეთიუ მილერმა უპასუხა: „ეს არის დეპარტამენტის სტანდარტული პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრდა. ეს არარანაირად არ ნიშნავს თავად მდივნის მემორანდუმს. თუ გადახედავთ ამ მემორანდუმს, როგორც მე ეს უკვე გავაკეთე, ეს არის სტანდარტული სამთავრობო პრაქტიკა, რომლითაც უბრალოდ ცდილობ, წაახალისო ადამიანები, პატივი სცენ სხვებს და გამოიყენონ ტერმინები, რომლითაც სხვები კომფორტულად იგრძნობენ თავს და ისე ესაუბრონ ხალხს, როგორც მათ სურთ, რომ მათ მიმართონ და მეტი არაფერი.“
ცნობისთვის, ენტონი ბლინკენმა კოლეგებს მოუწოდა, გამოიყენონ „გენდერულად ნეიტრალური ენა, როდესაც ეს შესაძლებელია“, რათა „გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები.“
თანამშრომლებს ასევე სთხოვენ, რომ შეხვედრებისას ან ელექტრონული მიმოწერის დროს დაასახელონ თავიანთი ნაცვალსახელები (მაგალითად, He/Him, ის/მას – კაცი, She/Her ის/მას – ქალი და ა.შ.), თუმცა იმავეს გაკეთებას არავის ავალდებულებენ.
დოკუმენტის თანახმად, უმჯობესია, არ იყოს გამოყენებული გავრცელებული ტერმინები, როგორიცაა „დედა/მამა, ვაჟიშვილი/ქალიშვილი, ქალბატონებო და ბატონები“ და ა.შ. და ისინი ჩანაცვლდეს ისეთი სიტყვებით, რომლებიც არ ასახავს ადამიანის გენდერს.
„ეს [ადამიანის] პირადი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ,“ – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამერიკული მედიასაშუალებების - New York Post-ისა და Fox News-ის ცნობით.