2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნათა რიცხვი 18 პროცენტით გაიზარდა და 1,14 მილიონს მიაღწია, რაც 2015-2016 წლების მიგრაციული კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამას ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) 2023 წლის სტატისტიკური მონაცემები მოწმობს.
საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ყველა ხშირად გერმანიაში (36%) და საფრანგეთში (29%) ითხოვენ. 2023 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით 25 209 განაცხადი შეავსეს, რაც შარშანდელთან შედარებით, 12 პროცენტით ნაკლებია, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულად ითვლება. ყველაზე მეტი განაცხადი საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში შეავსეს. საუბარია 9 000-ზე მეტ განაცხადზე. შემდეგ მოდის საფრანგეთი, სადაც 2023 წელს თავშესაფარს საქართველოს 7 000-ზე მეტი მოქალაქე ითხოვდა, იტალიაში კი – 3 000-ზე მეტი მოქალაქე.
მომდევნო ადგილებს შემდეგი ქვეყნები იკავებენ:
იტალია - 12%
საბერძნეთი - 5%
ბელგია - 4%
ირლანდია - 4%
ესპანეთი - 3%
შვეიცარია - 2%
ავსტრია - 1%
ნიდერლანდები - 1%
შვედეთი - 1%
EUAA-ს მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთა შორის ყველაზე მეტნი სირიელები და ავღანელი არიან. თურქეთის მოქალაქეები, რომლებმაც 2023 წელს 82%-ით მეტი განცხადება შეიტანეს, ვიდრე წინა წელს, თავშესაფრის მაძიებელთა სიდიდით მესამე ჯგუფს შეადგენენ.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 28 797 შეადგინა.
ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, საქართველოში შედიოდა ქვეყნების ათეულში (სირია, ავღანეთი, თურქეთი, ვენესუელა, კოლუმბია, პაკისტანი, ბანგლადეში, საქართველო, უკრაინა, ერაყი), საიდანაც ევროკავშირს ყველაზე ხშირად მიმართავდნენ თავშესაფრის თხოვნით. 2022 წელს საქართველოდან მეტმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირში, ვიდრე ომში მყოფი უკრაინიდან (28 318 განაცხადი). თუმცა ეს აიხსნება იმით, რომ უკრაინიდან წასული დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ექსკლუზიურად დარეგისტრირდა დროებითი დაცვისთვის, თავშესაფრის მიღების პროცედურის გარეშე. EUAA-ს ცნობით, თურქებმა, ვენესუელელებმა, კოლუმბიელებმა, ბანგლადეშელებმა და ქართველებმა ყველაზე მეტი განაცხადი გააკეთეს მინიმუმ 2008 წლიდან.