ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2744 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2744 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2744 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2419 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0325 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6035 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5975 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0060 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში

IDF-ის მიერ წარმოდგენილ კვლევაში სექტორების მიხედვით ნაჩვენებია საქართველოში დაფუძნებული ის კომპანიები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ. აღნიშნულია, თუ როგორ და როდის აღმოჩნდა მათ ხელში სხვდასხვა ობიექტი. კვლევაში მოყვანილი ინფორმაცია ეყრდნობა ოფიციალურ დოკუმენტაციას და მედიით გავრცელებულ ცნობებს. კვლევის მიხედვით, ელექტროენერგია ის სფეროა, სადაც რუსული კომპანიები და რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები ყველაზე ფართოდ არიან წარმოდგენილნი ქართულ ბაზარზე. მათ შორის უმსხვილესია რუსული „ინტერ რაო“(ИНТЕР РАО ЕЭС). „ინტერ რაოს“ აქციონერები რუსეთის ხელისუფლებასთან აფილირებული კომპანიები არიან. სამეთვალყურეო საბჭოში კი შედიან - რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ კრავჩენკო, “გაზპრომის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი დენის ფედოროვი, გაზის კომპანია “როსნეფტის” პრეზიდენტი იგორ სეჩინი, რუსული ტექნოლოგიების სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი შუგაევი, რუსული სახელმწიფო კორპორაციის, “ვნეშეკონობენქის” ხელმძღვანელი ვლადიმერ დმიტრიევი. მმართველ საბჭოს ბორის კოვალჩუკი ხელმძღვანელობს, რომელიც 2006-2009 წლებში რუსეთის მთავრობის პრიორიტეტული პროექტების დეპარტამენტის უფროსი იყო. საქართველოში „ინტერ რაოს“ ეკუთვნის ენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანია სს „თელასის“ 75%, თბოსადგური შპს „მტკვარი ენერგეტიკი“ და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები - „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“. მასვე მართვაში აქვს გადაცემული კავკასიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური „ენგურჰესი“. საინიციატივო ჯგუფმა გამოიკვლია, რომ 2011 წელს “ხრამჰესის” გაყიდვიდან მიღებული თანხა (99 774 000 ლარი) ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის აშენებას მოხმარდა. 2010 წელს საქართველოში დაფუძნებული კომპანიის შპს „ენერგიის“ საკუთრებაშია დარიალი ჰესი, ლარსი ჰესი და შილდა ჰესი. „ენერგიის“ 70 პროცენტი რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის, 30 პროცენტი კი შპს „ფერის“ მფლობელობაშია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მევლუდ ბლიაძის ინვესტიცია 2011 წელს რუსეთიდან განხორციელებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა. მევლუდ ბლიაძე რუსეთში ფლობს კომპანიას, რომელიც ხიდების მშენებლობასა და რეკონსტრუქციას ახორციელებს. მას მინიჭებული აქვს „რუსეთის დამსახურებული მშენებლის“ წოდება. რუსეთის მოქალაქე ალი მარაევი ფლობს შპს “ენერგო ინვესტს”, რომელმაც ავანიჰესი უნდა ააშენოს. რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მფლობელის, რაულ ქურდაძის საკუთრებაშია შპს “ფშავი ჰიდრო”. კომპანია სკურდიდი ჰესის მშენებლობას გეგმავს. საქართველოს მთავრობამ შპს “ფშავი ჰიდროსთან” მემორანდუმი 2014 წლის 19 ივნისს გააფორმა. კომპანია იმ პერიოდში რამდენიმე თვის დაფუძნებული იყო - “ფშავი ჰიდროს” რეგისტრაციის თარიღი 2014 წლის 17 იანვარია. რუსეთის ენერგეტიკული სისტემა არის ერთ-ერთი აქციონერი გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა “საქრუსენერგოში”, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გადამცემ ქსელებს განაგებს. "საქრუსენერგოს" საწესდებო კაპიტალში არსებული გადამცემი ხაზების მთლიანი სიგრძეა 908 კმ. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი 603 კმ სიგრძისა და რუსეთის ტერიტორიზე არსებული 305 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები. ქონების საერთო ღირებულება 230 000 000 ლარია. რუსეთის მოქალაქეები ფიგურირებენ წყალმომარაგების სექტორშიც. თბილისის წყალმმარაგებელი კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“მფლობელი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული შპს „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზია“.მისი ერთ ერთი დირექტორი კი მიხაილ ტუზოვი, რომელიც სხვადასხვა დროს რუსული “ინეტრ რაოს” შვილობილ კომპანიებში მუშაობდა. რუსეთის მოქალაქეა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმოების დირექტორი ალექსეი ფროლოვიც, რომელიც მანამდე მუშაობდა ტექნიკური დირექტორის მოადგილედ შპს „როსვოდოკანალში“. ამავე ოფშორულ კომპანიას, „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზს“ ეკუთვნის რუსთავის წყალი და მცხეთის წყალკანალიც. რუსული კომპანისი „ლუკოილის“ შვილობილი კომპანიაა „ლუკოილ ჯორჯია“, რომელიც ფლობს 62 ბენზინ-გასამართ სადგურს და ერთ-ერთი მსხვილი ნავთობ იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში. „ლუკოილი“ იმ რუსულ კომპანიებს შორისაა, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის შემდეგ სანქციები დაუწესა დასავლეთში სანქცირებული რუსული კომპანია „როსნეფტიც“, რომელმაც “პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” 49%-იანი წილი შეიძინა. “პეტროკას ენერჯი ლიმიტედი” საქართველოში ფლობს ფოთის ნავთობ ტერმინალებს, ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, თუმცა, აღნიშნული მფლობელობა საქართველოს საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული. გარიგებები ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით ხორციელდება. “პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” მფლობელი რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია.მასვე ეკუთვნის შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, რომელიც საქართველოში „გალფის“ ბრენდის 140 ბენზნინგასამართ სადგურს ფლობს. რუსი მილიარდერები, დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟიევები არიან ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიების RMG Gold-ისა(ყოფილი „კვარციტი“) და RMG Copper-ის (ყოფილი „მადნეული“) მფლობელები. რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის ხელშია მინერალური წყლების კომპანია „აიდიეს ბორჯომი საქართველო“. კომპანია აწარმოებს მინერალურ წყლებს - ბორჯომი, ლიკანი, ასევე სასმელ წყალს - ბორჯომის წყაროები, ბაკურიანი. ბორჯომის მოპოვების ლიცენზიას სწორედ ის ფლობს. მის საკუთრებაშია ჩამომსხმელი ქარხანა N1; ჩამომსხმელი ქარხანა N3. კომპანიას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ფლობდა. ფრიდმანის კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია Alfa Group-ისთვის „ბორჯომის“ მიყიდვის შესახებ მათ 2013 წლის დასაწყისში განაცხადეს. Alfa Group -ი ფლობს საკომუნიკაციო კომპანია Vimpelcom-ის 44%-საც. ამ ჯგუფის წევრია საქართველოს ბაზარზე არსებული მობილური ოპერატორი “ბილაინი”. საქართველოში არსებული “ვითიბი ბანკი ჯორჯიას” მფლობელი რუსული ღსს “ვითიბი ბანკია”, ამ უკანასკნელის აქციების 58.99% კი რუსულ სახელმწიფოს ეკუთვნის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2014 წელს საქართველოში რუსეთიდან 66 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა და ამ მოცულობით რუსეთი საქართველოში შემოსულ პირდაპირ ინვესტიციებს შორის მერვე ადგილას დგას. პირველ ადგილს ნიდერლანდები იკავებს 331 მილიონი დოლარის ინვესტიციით. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებში ოფშორული ზონაა, სადაც ძირითადად რეგისტრირებულები არიან ის კომპანიები, რომლებიც მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებენ. ამ ოფშორული კომპანიების უკან რეალურად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დგანან, მათ შორის რუსეთისაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა შემდეგ კომპანიებიში: შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ (სოფლის ნობათი), შპს „მობიტელი“(ბილაინი), შპს „ენერგია“, შპს „ჯლს“, შპს „კარლსბერგ საქართველო“(ბალტიკა), შპს „ელექტრონი“, შპს Club-2100, შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ“, შპს ELITE DEVELOPMENT, შპს „ემბავუდ ჯორჯია“. 2013 წელს ამ სიაში შედიოდა „ტიფლისკი ვინნი პოგრებ“, „სტრომოსი“ (რუსთავის ავტოდრომი) და „ტრიდე“.

სანქციების ქვეშ მოქცევის მიზეზით, ესტონეთმა ბორჯომი აკრძალა - Delfi

პოპულარული მინერალური წყალი „ბორჯომი“ აღიარებულია როგორც რუსული, და რესპუბლიკაში მაღაზიების თაროებიდან ამოღებულია, ამის შესახებ რიგი მედიასაშუალებები Delfi-ზე დაყრდნობით იუწყებიან. საცალო ქსელ Maxima Eesti-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ტიინა შაპელის თქმით, ქართული მინერალური წყლის ბორჯომის წარმოება ეკუთვნის რუსულ კომპანია Alfa Group-ს, რომელიც ევროპული სანქციების ქვეშ მოექცა. ასევე აღნიშნულია, რომ „ბორჯომს“ თაროებიდან იღებენ ქვეყნის სხვა დიდი ქსელური მაღაზიებიც. პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება.  

რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, რუსი მილიარდერების კუთვნილი დაახლოებით 5 სუპერიახტა სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ. საზღვაო გადაზიდვების მონაცემთა ბაზის MarineTraffic-ის მიხედვით, სუპერიახტა Clio, რომელიც ალუმინის გიგანტის Rusal-ის დამფუძნებელს ოლეგ დერიპასკას ეკუთვნის, ოთხშაბათს მალდივების უდიდეს ქალაქ მალესთან გამოჩნდა.  ამასთან, Forbes-ი იტყობინება, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ჰამბურგში რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის 156-მეტრიანი იახტა „დილბარი“ დააკავა, რომლის ღირებულება 600 მილიონ დოლარს შეადგენს. გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. მედიასთან არ კონტაქტობენ არც უსმანოვის წარმომადგენლები.  ვაშინგტონმა სანქციები დერიპასკას და სხვა გავლენიან რუსებს 2018 წელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მათი კავშირების გამო დაუწესა, 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შემდეგ, რასაც მოსკოვი უარყოფს.

საქსტატი: თებერვალში პური 20.8 %-ით, ხოლო ბოსტნეული 34.0 პროცენტით გაძვირდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 13.7 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფზე. საქსტატის მონაცემებით, ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 45.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ყველაზე მეტად, 68.4 პროცენტით ფასები გაიზარდა ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე. "წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება 58.0 პროცენტით გაძვირდა. ფასების ზრდის ტენდენცია ნარჩუნებოდა იანვარშიც სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.61 პროცენტული პუნქტით აისახა. ბოსტნეული და ბაღჩეული 34.0 პროცენტით გაძვირდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 23.4 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 20.8 პროცენტით, თევზეული – 18.2 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 17.4 პროცენტით, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.6 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი – 14.4 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები კი – 11.0 პროცენტით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი „ვითიბი ბანკი“ აღარ არის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი „ვითიბი ბანკი“ აღარ არის. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ფედერაციამ ვადაზე ადრე დაასრულა რუსულ ბანკთან ურთიერთობა და უკვე აღებულია „VTB ბანკის" სარეკლამო ბანერებიც, რომლებიც სტადიონებზე იყო განთავსებული. დავით მუჯირის განცხადებით, უახლოეს მომავალში გაირკვევა, ვინ გახდება ფედერაციის ახალი გენერალური სპონსორი. რუსეთის სიდიდით მეორე ბანკმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ბოლო ხელშეკრულება 2020 წლის სექტემბერში გააფორმა, ორი წლის ვადით და ამ კონტრაქტის თანახმად, VTB ბანკი ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა.  „VTB ბანკი“ იმ კომპანიებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის აგრესიის გამო, სანქციები დაეკისრათ.  

ერთი აშშ დოლარი პირველ მარტს 3.2054 ლარი ეღირება

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2054 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1540 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0514 ლარი შეადგინა. ევროს, მისი კურსი 3.5859 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5255 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0604 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში პირველ მარტს შევა.

ეროვნული ბანკი - „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში „ბაზისბანკი“ მოემსახურება

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს „ბაზისბანკი“ მოემსახურება. მათივე ცნობით, პორტირებაზე მუშაობა დაწყებულია და ორშაბათიდან ეტაპობრივად „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში „ბაზისბანკი“ მოემსახურება. „უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა. ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ფინანსური სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამ მანდატის ფარგლებში, საფინანსო სექტორის მეანაბრეთა ინტერესების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. დღეიდან, „სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს მოემსახურება „სს ბაზისბანკი“. მუშაობა პორტირებაზე დაწყებულია და ორშაბათიდან ეტაპობრივად „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში „ბაზისბანკი“ მოემსახურება. ყველა დეპოზიტარის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობში და ამ პირობებში ასრულებს თავის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას, იყოს ქართული საფინანსო სექტორის თითოეული მეანაბრის თანხების დაცვის გარანტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

20 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან 19.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 19.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 91.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.9 ათასი ტონით (25%), ხოლო ღირებულება 6.1 მლნ აშშ დოლარით (7%) გაიზარდა. „ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (8,245 ტონა), გერმანიაში (3.763 ტონა), ესპანეთში (638 ტონა), ჩეხეთში (504 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), ლიეტუვაში (403 ტონა), საფრანგეთში (378 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (98 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,380 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (443 ტონა), უკრაინაში (361 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (326 ტონა), ბელარუსში (283 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (119 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (92 ტონა), უზბეკეთში (66 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში: კახეთში ჩემს ორდღიან ვიზიტს მანავის ციხიდან ვიწყებ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი კახეთის რეგიონს ეწვივნენ. ვიზიტი მანავის ციხეში დაიწყო, სადაც ელჩმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ახლადრეაბილიტირებული გზა მოინახულა. „კახეთში ჩემს ორდღიან ვიზიტს მანავის ციხიდან ვიწყებ. მოვინახულებ სხვადასხვა პროექტს, რომელსაც ჩვენ, რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვახორციელებთ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ეს არის ევროკავშირის იმ დიდი მიზნის ნაწილი, რომელიც ქვეყნის რეგიონების თანაბარ განვითარებას ითვალისწინებს.

მთავრობამ გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოში მზის ელექტროსადგურების და ჰიდროელექტროსადგურების შექმნას ითვალისწინებს

მთავრობამ  გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოში მზის ელექტროსადგურების და ჰიდროელექტროსადგურების შექმნას ითვალისწინებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დაგეგმილია შიდა ქართლში, ხოლო ოთხი ჰიდროელექტროსადგურის - ქვემო ქართლის რეგიონში. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, რომლის თანახმად, ეს საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ჯამურად, ხუთივე სადგურის შესაქმნელად, გათვალისწინებულია 15 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია. ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილა.

საქსტატი: 2022 წლის იანვარში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთი იყო

2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.3 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს, 49.6 მლნ. აშშ დოლარით ბულგარეთი იკავებს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 46.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 42.7 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 141.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 85.9 მლნ. აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი – 75.2 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, საქსტატის ანგრიშის მიხედვით, 2022 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 66.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 36.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 31.4 მლნ. აშშ დოლარით. ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მიმდინარე წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 80.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 72.7 მლნ. აშშ დოლარით, მესამე ადგილზე კი ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 64.0 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატი: სამრეწველო ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.7 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზეა ინდექსის 16.2-პროცენტიანი ზრდა.  მათივე ცნობით, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები 3.4 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.27 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.02 პროცენტი), რამაც -0.02 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება სასმელებზე (-2.0 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 5.6-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.48 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები 2.9 პროცენტით გაიზარდა წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვითა და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე, რამაც 0.07 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. საქსტატის ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 3.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქტებზე (16.1 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 21.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 17.19 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (12.6 პროცენტი), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (193.3 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (41.3 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 10.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -1.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვითა და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.08 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო კრიპტო ვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის ძალიან კარგ პლატფორმას ქმნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა, სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის კარგ პლატფორმას ქმნის. „ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, სამომავლო პარტნიორობის განვითარების შესახებ მესაუბრა კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის (FTX Crypto Derivatives Exchange) დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან სამ ბანკმან-ფრიდთან. საქართველოს ადგილმდებარეობა, ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტო ვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის ძალიან კარგ პლატფორმას ქმნის“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პრინცს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობას და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა, რომ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები პოზიტიური დინამიკით ხასიათდება და დადასტურდა ორმხრივი მზადყოფნა, ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის. პრემიერის შეფასებით, საქართველოს მთავრობა ასევე მიესალმება საუდის არაბეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას და მზად არის, მომავალშიც დაუჭიროს მხარი დაინტერესებულ ინვესტორებს საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში. „ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ სტაბილურ და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, ასევე - იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ინვესტორებს არაერთ ქვეყანასთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აძლევს. მხარეებმა ასევე გაცვალეს პოზიციები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

საქსტატის ცნობით, საქართველოსი უმუშევრობის დონე 1.4 პროცენტით, 19 პროცენტამდე შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 51.2 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით და 41.5 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 3.1 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.7 პროცენტული პუნქტით. ამასთან, უწყების მონაცემებით, გასული წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

აზიის განვითარების ბანკთან 101 მლნ ევროს სასესხო შეთანხმება რატიფიცირებულია

პარლამენტმა 85 ხმით, ერთხმად, მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“ რატიფიცირების შესახებ“. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით,პროექტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი (ADB) სესხის სახით 101 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს. ეს რესურსი გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესების, ურბანული განახლების, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. სესხის ხანგრძლივობა 26 წელია, 11- წლიანი შეღავათიანი პერიოდით. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2027 წლის 30 დეკემბერია.

ფინანსთა მინისტრი: საქართველოს ეკონომიკამ 2021 წელს აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი აჩვენა

ფინანსთა მინისტრს პარლამენტში მოუსმინეს. მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკამ 2021 წელს აჩვენა აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი. „ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს პოტენციურზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც ხელს შეუწყობს აღდგენის ტემპების გაგრძელებას”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ლაშა ხუციშვილმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლო რისკებზე, რომლებმაც შეიძლება, გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე და დაასახელა პანდემია, ასევე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გარემო. მისი თქმით, გასული წლის შუა პერიოდიდან, საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენა და 2022 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებლის 70 პროცენტამდე აღდგა. ტურიზმის აღდგენასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ გაგრძელდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, 2022 წლის ბოლოსთვის - 7.7 პროცენტამდე. „პოზიტიური სცენარი შესაძლებელია იყოს ტურიზმის უფრო სწრაფი აღდგენა და ტურიზმიდან ეკონომიკაში გენერირებული შემოსავლების 2019 წლის დონესთან მიახლოება, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და გააუმჯობესებს სხვა ეკონომიკურ პარამეტრებსაც“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისივე თქმით, რეფორმების მუდმივ დინამიკას, შემოსავლების სამსახურის მუშაობის ეფექტურობას, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისათვის. მისი განცხადებით, საგადასახადო მიმართულებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონშესაბამისობის რისკის მართვის ახალი პროგრამების დანერგვა, დაინტერესებულ პირთა საჭიროებაზე მორგებული სერვისების განვითარება, მონაცემთა დამუშავებისა და აუდიტის ელექტრონული სისტემის დანერგვა. რაც შეეხება საბაჟო მიმართულებას - მუშავდება საქონლის დაჩქარებული გაფორმების პროექტი, ასევე, სასაქონლო კოდით საქონლის ძიებისა და ნებართვების გაცემის ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა, სტრატეგიული დანიშნულების საქონლისთვის ელექტრონული ლიცენზირების სისტემის - STRATLINK დანერგვა, ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) შექმნა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ყველა ეს რეფორმა ხელს შეუწყობს ეფექტიან საგადასახადო ადმინისტრირებასა და საბაჟო პროცედურების გამარტივებას. „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, საგამოძიებო სამსახური შეუფერხებლად განაგრძობდა ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას. „მხოლოდ 2021 წელს, სახელმწიფოს სასარგებლოდ 109 340 627 ლარი იყო მობილიზებული, რაც სამსახურის ფუნქციონირების მთელი პერიოდის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. გარდა ამისა, ამოღებულია 838 902 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, ამოღებული და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია 1 858 379 ლარის ღირებულების 14 546 გრ ოქროსა და ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია, მოტყუებით დაუფლებული 8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ჯამში, 73 649 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია 11 ავტოსატრანსპორტო საშუალება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ევროკავშირის ელჩი: ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინის ტემპით მიდის

ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით და ჩვენ, ამ მიზნის მისაღწევად, დაუღალავად ვმუშაობთ. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს.  მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ექსპორტის გაზრდის კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნებოდა, როგორც საქართველოდან ევროკავშირში, ისე ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით.   ასევე, გაუმჯობესდა ქართული პროდუქციის სტანდარტები, რამაც სარგებელი მოიტანა, როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ისე საქართველოდან ექსპორტის საკეთილდღეოდ. "დღეს, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი საერთო მიღწევებისა, მე, როგორც მოუთმენელ ადამიანს, არ შემიძლია, ზოგჯერ, არ დავფიქრდე იმაზე, რომ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინის ტემპით მიდის. ამ თემასთან დაკავშირებით, საგანგებოდ მინდა აღვნიშნო ის პროდუქტი, რომელიც სულ ახლახანს შევიდა ევროკავშირის ბაზარზე - ლოკოკინები! შესაძლოა, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სათანადოდ აფასებს ამ დელიკატესს? პირადად მე, მოდი ასე ვთქვათ, ამ პროდუქტის ზომიერი მომხმარებელი ვარ. თუმცა, ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მაღალი მოთხოვნაა და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებული 50-მდე ლოკოკინის  ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს. ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი  ევროკავშირის ბაზარზე შესულიახალი ქართული პროდუქტების გაძლიერებას. ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით და ჩვენ, ამ მიზნისმისაღწევად, დაუღალავად ვმუშაობთ. ბოლო წლების განმავლობაში, ექსპორტის გაზრდის კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნებოდა, როგორც საქართველოდან ევროკავშირში, ისე ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით. ასევე, გაუმჯობესდა ქართული პროდუქციის სტანდარტები, რამაც სარგებელი მოიტანა როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ისე საქართველოდან ექსპორტის საკეთილდღეოდ. დღეს, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესისავაჭრო პარტნიორია, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი საერთო მიღწევებისა, მე, როგორც მოუთმენელ ადამიანს, არ შემიძლია, ზოგჯერ, არ დავფიქრდე იმაზე, რომ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინას ტემპით მიდის. ამ თემასთან დაკავშირებით, საგანგებოდ მინდა აღვნიშნო ის პროდუქტი, რომელიც სულ ახლახან შევიდა ევროკავშირის ბაზარზე - ლოკოკინები! შესაძლოა, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სათანადოდ აფასებს ამ დელიკატესს? პირადად მე, მოდი ასე ვთქვათ, ამ პროდუქტის ზომიერი მომხმარებელი ვარ. თუმცა, ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მაღალი მოთხოვნაა და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებული 50-მდე ლოკოკინას ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს. ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალი თვეებისა დაწლების განმავლობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ევროკავშირის ბაზარზე შესული ახალი ქართული პროდუქტების გაძლიერებას", - აღნიშნავს კარლ ჰარცელი. 

კობა გვენეტაძე კელი დეგნანს შეხვდა

გლობალური ეკონომიკური ფაქტორები, რისკები, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე არსებული ვითარება. ეს იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრის მთავარი თემა", - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამერიკის ელჩს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ვითარება გააცნო. ესაუბრა მთავარ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რომლებიც კოვიდ-პანდემიის შედეგად მსოფლიოში შეიქმნა. აღნიშნა, რომ ფასების ზრდამ ყველაზე მეტად განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე იმოქმედა, რადგანაც განვითარებადი ქვეყნების სამომხმარებლო კალათებში მაღალია სურსათის წონა. თუმცა ინფლაციის პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც მწვავედ დგას. შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური რისკ ფაქტორები და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარებაც გააანალიზეს და ყურადღება გაამახვილეს იმ რეგიონალურ და გეოპოლიტიკურ რისკებზე, რომლებმაც, გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა პოტენციური ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკაზე.