ფინანსთა მინისტრს პარლამენტში მოუსმინეს. მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკამ 2021 წელს აჩვენა აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი.
„ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს პოტენციურზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც ხელს შეუწყობს აღდგენის ტემპების გაგრძელებას”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ლაშა ხუციშვილმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლო რისკებზე, რომლებმაც შეიძლება, გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე და დაასახელა პანდემია, ასევე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გარემო. მისი თქმით, გასული წლის შუა პერიოდიდან, საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენა და 2022 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებლის 70 პროცენტამდე აღდგა. ტურიზმის აღდგენასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ გაგრძელდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, 2022 წლის ბოლოსთვის - 7.7 პროცენტამდე.
„პოზიტიური სცენარი შესაძლებელია იყოს ტურიზმის უფრო სწრაფი აღდგენა და ტურიზმიდან ეკონომიკაში გენერირებული შემოსავლების 2019 წლის დონესთან მიახლოება, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და გააუმჯობესებს სხვა ეკონომიკურ პარამეტრებსაც“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, რეფორმების მუდმივ დინამიკას, შემოსავლების სამსახურის მუშაობის ეფექტურობას, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისათვის.
მისი განცხადებით, საგადასახადო მიმართულებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონშესაბამისობის რისკის მართვის ახალი პროგრამების დანერგვა, დაინტერესებულ პირთა საჭიროებაზე მორგებული სერვისების განვითარება, მონაცემთა დამუშავებისა და აუდიტის ელექტრონული სისტემის დანერგვა.
რაც შეეხება საბაჟო მიმართულებას - მუშავდება საქონლის დაჩქარებული გაფორმების პროექტი, ასევე, სასაქონლო კოდით საქონლის ძიებისა და ნებართვების გაცემის ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა, სტრატეგიული დანიშნულების საქონლისთვის ელექტრონული ლიცენზირების სისტემის - STRATLINK დანერგვა, ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) შექმნა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ყველა ეს რეფორმა ხელს შეუწყობს ეფექტიან საგადასახადო ადმინისტრირებასა და საბაჟო პროცედურების გამარტივებას.
„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, საგამოძიებო სამსახური შეუფერხებლად განაგრძობდა ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას.
„მხოლოდ 2021 წელს, სახელმწიფოს სასარგებლოდ 109 340 627 ლარი იყო მობილიზებული, რაც სამსახურის ფუნქციონირების მთელი პერიოდის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. გარდა ამისა, ამოღებულია 838 902 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, ამოღებული და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია 1 858 379 ლარის ღირებულების 14 546 გრ ოქროსა და ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია, მოტყუებით დაუფლებული 8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ჯამში, 73 649 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია 11 ავტოსატრანსპორტო საშუალება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.