თეგი: "ალტ ინფო"
ირაკლი კობახიძე „ალტ ინფოს“ პარტის აკრძალვის მოთხოვნაზე: ომბუდსმენმა პროკურორის ფუნქცია შეითავსა
"ომბუდსმენმა, კონსტიტუციური სარჩელის მომზადებით, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება, პროკურორის ფუნქცია შეითავსა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, "ალტ-ინფოს" მიმართ არავითარი სიმპათია არ აქვთ. „ბუნებრივია, ჩვენ „ალტ-ინფოს“ მიმართ არავითარი სიმპათია არ გვაქვს. მით უმეტეს, რამდენიმე დღის წინ, ოფისთან მოვიდნენ და გვაგინეს, მაგრამ რაც შეეხება სახალხო დამცველის ინიციატივას, მას როგორც იურისტი შევაფასებდი. თავისი ფუნქციით, სახალხო დამცველი მთავარი ადვოკატია, ეს მისი კონსტიტუციური ფუნქციაა და ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე მიუღებელ ადამიანს ეხება, მაგალითად, დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს, თუ რამდენადაა მისი უფლებები დაცული. მაგალითად, ადამიანს უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, 5 კაცი მოკლა, მისი უფლებების დაცვასაც კი უნდა აკვირდებოდეს სახალხო დამცველი და ამას ადვოკატის პოზიციიდან უნდა უყურებდეს. ამ შემთხვევაში, კომიკური ისაა, რომ საქმე ეხება პარტიის აკრძალვას, პარტიების თავისუფლებაც ადამიანის ძირითადი უფლებაა და ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. შეიძლება, ეს ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა. ასეთ დროსაც, ისევე, როგორც ყველა შემთხვევაში, უნდა გამოდიოდეს, როგორც ადვოკატი, თუმცა, სახალხო დამცველმა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, ადვოკატია, თავის თავზე პროკურორის ფუნქცია აიღო, რაც მის მანდატს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებულიო პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება.
მორგოშიას თქმით, ალტ-ინფომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა
პრორუსული "ალტ ინფო" 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პრორუსული მოძრაობის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია საკუთარ Facebook გვერდზე წერს. კონსერვატიულმა მოძრაობა/ალტ-ინფომ” სისტემური ზეწოლის პირობებში საარჩევნო რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა. გილოცავთ თანამებრძოლებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადა, წინ დიდი გამარჯვება გველოდება," წერს კონსტანტინე მორგოშია. განახლება: როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკოში განუცხადეს, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მიერ ადმინისტრაციაში შეტანილი ხელმოწერების შემოწმება დასრულდა და რეგისტრაციისთვის პროცედურები გრძელდება. „პარტიების საარჩევნო რეგისტრაციას არეგულირებს კანონი და დარეგისტრირდება ყველა, ვინც გაივლის კანონის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. „კონსერვატიული მოძრაობა/ ალტ-ინფოს“ ცესკოში შემოტანილი ჰქონდა 50 608 ხელმოწერა, ამ ეტაპზე დასრულებულია ხელმოწერების შემოწმება და მიღებულია შესაბამისი აქტი. ამჟამად გრძელდება პროცედურები, საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციისთვის კანონი ადგენს 10-დღიან ვადას. ყველა ეტაპის გავლის და რეგისტრაციის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ჩვენს ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო,“ - აცხადებენ ცესკო-ში.