მორგოშიას თქმით, ალტ-ინფომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა

პრორუსული "ალტ ინფო" 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პრორუსული მოძრაობის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

კონსერვატიულმა მოძრაობა/ალტ-ინფომ” სისტემური ზეწოლის პირობებში საარჩევნო რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა. გილოცავთ თანამებრძოლებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადა, წინ დიდი გამარჯვება გველოდება," წერს კონსტანტინე მორგოშია.


განახლება: როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკოში განუცხადეს, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მიერ ადმინისტრაციაში შეტანილი ხელმოწერების შემოწმება დასრულდა და რეგისტრაციისთვის პროცედურები გრძელდება.

„პარტიების საარჩევნო რეგისტრაციას არეგულირებს კანონი და დარეგისტრირდება ყველა, ვინც გაივლის კანონის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. „კონსერვატიული მოძრაობა/ ალტ-ინფოს“ ცესკოში შემოტანილი ჰქონდა 50 608 ხელმოწერა, ამ ეტაპზე დასრულებულია ხელმოწერების შემოწმება და მიღებულია შესაბამისი აქტი. ამჟამად გრძელდება პროცედურები, საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციისთვის კანონი ადგენს 10-დღიან ვადას. ყველა ეტაპის გავლის და რეგისტრაციის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ჩვენს ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო,“ - აცხადებენ ცესკო-ში.