თეგი: ადამიანის უფლებები

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებებზე ვრცელი ანგარიში სახალხო დამცველის მოხსენებებს ეყრდნობა. „სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ არაეფექტიანი გამოძიებები კვლავ მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ანგარიშში ასევე აღნიშნულია დახურული დაწესებულებების თანამშრომლების მიერ პატიმართა მიმართ სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ცალკეული შემთხვევები და ზოგიერთი ინციდენტი, რასაც მოხსენებაში ომბუდსმენმა უწოდა „ფსიქოლოგიური ძალადობა“, მათ შორის ციხის თანამშრომლების მიერ პატიმრების სიტყვიერი შეურაცხყოფა შიმშილობის გამო. სახალხო დამცველის ანგარიშში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ინციდენტები პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობად არის შეფასებული. ანგარიშის მიხედვით, არასათანადო მოპყრობის ბრალდებების საერთო რაოდენობამ შეადგინა 463. საქმეებიდან 99, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და პროკურორების მხრიდან სავარაუდო დარღვევას ეხებოდა, 93 ეხებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულს, ერთი ეხებოდა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლის სავარაუდო დანაშაულს და ერთი სახელმწიფო კლინიკაში სიკვდილს. დაფიქსირდა გაჭიანურებული გამოძიების ექვსი შემთხვევა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და 12 საქმე, რომელიც ეხებოდა ზოგად არაადამიანურ მდგომარეობას ციხეში“, - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ანგარიშში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი. მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი მოიცავდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური შეურაცხყოფის ბრძანების გამო. 11 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატმა სთხოვა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, რომ დაეწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის (SPS) მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, რაც მოიცავდა რუსთავის N12 საპყრობილიდან მისი იძულებით გადაყვანას გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების ჰოსპიტალში, ხანგრძილი შიმშილობის პროტესტის შემდეგ. სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ 2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით, რომელიც ასახავდა მიხეილ სააკაშვილის იძულებით, ნახევრად შიშველ და დამამცირებელ მდგომარეობაში გადაყვანას მე-18 დაწესებულებაში“, - აღნიშნულია ანგარიშში, რომელშიც ასევე მოხვდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ფაქტი. „წინა მანდატისაგან განსხვავებით, კანონი ახალ საგამოძიებო უწყებას არ აძლევს უფლებას, გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, როგორიცაა, მკვლელობა და სხეულის დაზიანება. რეორგანიზაციის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენება 2022 წლის მარტში დაიგეგმა, მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციით დაკისრებულ უფლებამოსილებამდე სამი წელი რჩებოდა. მმართველი პარტიის პარლამენტის წევრებმა დააჩქარეს კენჭისყრა კანონმდებლობის შემოღებით და მისი სამივე მოსმენით ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე და ძლიერი შიდა და საერთაშორისო კრიტიკის პირობებში მიიღეს. პარლამენტის ქმედებებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებდა ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის ციხიდან გლდანის სასჯელაღსრულების კლინიკაში იძულებით გადაყვანის დროს. ინსპექტორის აპარატმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი რამდენიმე სადავო ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით“. ანგარიში 29 აპრილს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეტანასაც ეხება. სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დააჩქარა ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების მიღება, კანონმდებლობასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან სრული კონსულტაციის გარეშე. ორგანიზაციებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ ცვლილებები შეიცავდა დებულებებს, რომლებიც ახანგრძლივებს ადმინისტრაციული დაკავების ვადას და ზრდის ჯარიმებს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის. ეს ორი ბრალდება ყველაზე ხშირად გამოიყენება მომიტინგეებისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სხვა მონაწილეების მიმართ. სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში, 5-6 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მისი მიხედვით, მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის ქმედებების გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის დამაჯერებელი გამოძიების და ორგანიზატორების სისხლისსამართლებრივი დევნის განუხორციელებლობამ გამოიწვია ამ ძალადობის დაუსჯელობა. 11 ივლისს „ტვპირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისის თავდასხმების დროს ის სასტიკად იყო ნაცემი. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები მისი გარდაცვალების შემდეგ მალევე გამოჩნდა, რაც ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული, გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ქალის უკანონო განთავსების გამო ორგანიზაციამ სასამართლოში მორიგი საქმე მოიგო. კლინიკას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5000 ლარი დაეკისრა. ფსიქიატრიულში ქალის უკანონო განთავსების გამო კლინიკას 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა - PHR თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის ბრძანება ი.მ-ს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების შესახებ და  შპს “N5 კლინიკური საავადმყოფოს” დაევალა ი.მ-ს დაუყონებლივ გაწერა. დღეს კი, ორგანიზაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა ფსიქიატრიულ დაწესებულებას უკანონოდ არანებაყოფლობითი ფსიქიატიული მკურნალობის გამო. „ი.მ.-ს გადმოცემით, 2019 წლის 31 აგვისტო მისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. დილით საყიდლებზე წავიდა, მას შემდეგ რაც ბოსტნეული და სახლისთვის საჭირო პროდუქტები იყიდა და შინ დაბრუნდა, მის საცხოვრებელი სახლში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. ყოველგვარი კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე, პოლიციის ეკიპაჟმა მას უთხრა, რომ სამედიცინო შემოწმების მიზნით მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო. სრულ გაურკვევლობაში მყოფი ი.მ ვერ მიხვდა რა მოემოქმედებინა და ნებაყოფლობით გაჰყვა მათ კლინიკაში. თან გზაში პოლიციელს უყვებოდა, რომ ოჯახის წევრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მოუყვა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი მის დასაცავად. საბოლოოდ, კლინიკაში მისვლის შემდეგ ისე მოხდა, რომ ი.მ ფსიქიატრიული კლინიკიდან აღარ გამოუშვეს. ორგანიზაციში აცხადებენ, რომ ი.მ-ს მოთავსებისას არ მომხდარა ფაქტების სრული და ობიექტური გამოკვლევა: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მხირდან არ მომხდარა ფაქტების გადამოწმება – იყო თუ არა ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. „ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტორები, რომლებიც წინ უსწრებდა მის სტაციონარში მოთავსებას, კერძოდ, ოჯახში ძალადობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სწორედ სწორედ ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული ზარის საფუძველზე მოხდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის მიერ მოსარჩელის გადაყვანა კლინიკაში. აღნიშნული ფაქტების გაუთვალისწინებლობა და  ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დაუსაბუთებელი დასკვნა გახდა სასამართლოს მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი – მოსარჩელის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების თაობაზე“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ნინო ლომჯარია: გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესდა

გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა მთელ რიგ შემთხვევებში დამძიმდა და გაუარესდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა „ადამიანის უფლებები, მთელ რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო დამძიმდა და გაუარესდა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ გასულ წელს დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ არაერთი ნეგატიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პირველ რიგში, ვგულისხმობ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, ასევე მართლმსაჯულების სისტემაშიც იქნა დაჩქარებული წესით ისეთი ცვლილებები მითითებული, რამაც ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას, სახალხო დამცველის და მისი აპარატის წარმომადგენელთა მიმართ იყო თავდასხმები. განსაკუთრებით გართულდა გასულ წელს უფლებადამცველების, ჟურნალისტების საქმიანობა და მათ მიმართ ძალიან მტრული გარემო იყო შექმნილი, რამაც კულმინაციას მიაღწია 5 ივლისს, როცა ადგილი ჰქონდა ძალადობას ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების და ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ. ამ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე დასჯილნი არ არიან და ამას შევახსენებ პარლამენტს", - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.   

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 74 წლისთავი აღინიშნება. ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტით, გაერო-ს წევრმა-სახელმწიფოებმა ყველა ადამიანის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა ფუნდამენტური უფლებისადმი პატივისცემის საერთაშორისო ვალდებულება დაამკვიდრეს და განამტკიცეს თანასწორობის, თანაბარუფლებიანობის და ღირსეული ცხოვრების პრინციპები, ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულობის მიუხედავად. საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული, მრავალკულტურული და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობის პრინციპების ერთგული რჩება და სწორედ ამ პრინციპების დაცვასა და ცხოვრებაში გატარებას ისახავს მიზნად როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა, რომლის უმთავრესი ღირებულება და პრიორიტეტი არის ადამიანი, მისი უფლებების პატივისცემა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნა. ადამიანის უფლებების დაცვასთან ერთად, სახელმწიფო პოლიტიკა მიზნად ისახავს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა მხარდაჭერას, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვა ითვალისწინებს მათზე ზრუნვას, მათი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ასევე უკეთესი მომავლის პერსპექტივის გაჩენას მაშინაც კი, როდესაც ქვეყნის ცალკეული რეგიონების ოკუპაციის გამო საქართველოს ხელისუფლება მოკლებულია ადგილზე წვდომის შესაძლებლობას. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განსაზღვრავს, სამწუხაროდ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა კვლავ ებრძვის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგებს, საკუთარი ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ჩათვლით, რაც ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. საქართველოს მთავრობა იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და საერთაშორისო მექანიზმს, რათა იზრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობაზე და სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების გზით ხელი შეუწყოს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისევე როგორც ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და დიალოგის გაღრმავებას. სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობა, მათი უფლებები და ინტერესები უდევს საფუძვლად დეპოლიტიზებულ, სტატუს-ნეიტრალურ და ადამიანზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას. რეგიონში შექმნილი ურთულესი გამოწვევების ფონზე და ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარების პირობებში, საქართველოს მთავრობა განუხრელად განაგრძობს სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიან და თანმიმდევრულ განხორციელებას, რაც კონფლიქტის მოგვარების უალტერნატივო გზას წარმოადგენს. სახელმწიფო მინისტრის აპარატი უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას, რაც ერთ-ერთი მთავარი საყრდენია დემოკრატიული წინსვლისა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე“, – აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.  

საია: მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაუარესდა და საფრთხის შემცველი გახდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე პირთა მდგომარეობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციი შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით 2023 წელს რამდენიმე გამოწვევა იჩენს თავს. სიას ინფორმაციით, 2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაულია. „2023 წელი საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო. 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი დათქმებით მიენიჭოს. ეს დათქმები, მათ შორის, მოიცავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით საჭირო რეფორმებსა და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ქვეყანაში ადამიანების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ადამიანის უფლებების მიმართულებით 2023 წელს გამოწვევები შემდეგი მიმართულებებით შეგვიძლია შევაჯამოთ: მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაუარესდა და საფრთხის შემცველი გახდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე პირთა მდგომარეობა. 2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება. კრიტიკული მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია. 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაულია. ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაში სხვა სოციალური ჯგუფებისგან განსხვავებით, ამ დრომდე ერთხელაც არ არიას ნახსენები ლგბტ+ ადამიანები და მათი უფლებები,“ - აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სრული შეფასება იხილეთ ბმულზე. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა.

ომბუდსმენი: 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობამ დამღა დაასვა

საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ განცხადებაში სხვადასხვა გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას. ომბუდსმენი გამოთქვამს სრულ მზაობას, სხვადასხვა მიმართულებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, სახელმწიფო უწყებებთან ითანამშრომლოს. „2023 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 75 წელი შეუსრულდა. 1948 წლის 10 დეკემბერს მეორე მსოფლიო ომის ბოროტების საპასუხოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი იქცა საყოველთაო უფლებების დაცვის იარაღად, თუმცა სამწუხაროდ ამდენი წლის შემდეგაც კი საქართველო, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა ქვეყნები, ყოველდღიური გამოწვევის წინაშე დგას, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები თითოეული ინდივიდისთვის თანაბრად, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით იყოს დაცული და ხელმისაწვდომი. ტრადიციულად სახალხო დამცველი აღნიშნავს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი განცხადებით ხაზს უსვამს ყველა იმ ძირითად გამოწვევას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს. 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დამღა დაასვა. აღნიშნული მძიმე ფაქტი გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. სიცოცხლის უფლების დარღვევასთან ერთად, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა; ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა; უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი კი ყოველდღიურობად იქცა. ოკუპაციის შედეგებთან გამკლავება წლებია საქართველოში დევნილი მოსახლეობის ყოველდღიურობაა. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მრავალწლიანი პროცესის და ეტაპობრივად გაუმჯობესებული პროცედურების მიუხედავად, სახალხო დამცველის შეფასებით, არსებული წესები გარკვეულწილად ხარვეზიანი რჩება და ამასთან, განსახლების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების ნაწილი დაუსაბუთებელია. გამოწვევაა ისიც, რომ გასულ წლებში დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული განსახლების ობიექტების ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია. სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებული გამოწვევები. ბავშვთა სიღარიბის პრევენციისა და დაძლევისთვის არსებული ცენტრალური და ადგილობრივი მიზნობრივი სახელმწიფო დახმარების სერვისები არ არის საკმარისად მოქნილი და ეფექტიანი, მათ შორის, ბავშვების მშობლებისა და მათზე მზრუნველი პირების უნარ-ჩვევებისა და ოჯახების დამოუკიდებელი ცხოვრების მიღწევისთვის. სამწუხაროდ, ეს ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების საფუძველიც ხდება. არასრულწლოვანების ოჯახებისთვის პრობლემურია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, სათანადო საცხოვრებლის, საკვებისა და ბაზისური საჭიროებების პირადი მოხმარების ნივთების არქონა, რის გამოც ბავშვებს კვლავ უხდებათ სხვადასხვა მძიმე, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სამუშაოების შესრულება. ბავშვთა სიღარიბესთან ერთად მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, რაც სხვადასხვა უწყებების მხრიდან კოორდინირებული მუშაობის ეფექტურად განხორციელებას საჭიროებს. აუცილებელია ძალადობის შემთხვევებზე დროული და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირება. ამ კუთხით დადებითად უნდა აღინიშნოს 2023 წელს ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისგან დაცვის 2023-2026 წლების სტრატეგიის დამტკიცება. სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც. მოსახლეობაში ხანდაზმულთა პროცენტული წილი წლიდან წლამდე იზრდება და მათი 36%-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. ამ პირობებში სამწუხაროდ ქვეყანას დღემდე არ გააჩნია აღსრულებადი და ეფექტური სამოქმედო გეგმა და არ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რაც ხანდაზმული მოსახლეობის ღირსეულ და ჯანსაღად დაბერების გარანტიებს შექმნიდა. დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლების მსგავსად, კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა, რაც თითოეულ მუნიციპალიტეტს უსახლკარო პირებთან მიმართებით განსხვავებული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას მისცემდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისათვის კვლავ დიდი სამუშაოა გასაწევი. განსაკუთრებით საგულისხმოა შშმ პირთა ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა. გარდა ამისა, დღემდე არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და სტანდარტები შშმ პირთა წვდომის უზრუნველსაყოფად ინფორმაციაზე, კომუნიკაციის საშუალებებზე, ვებგვერდებზე, მობილურ აპლიკაციებზე. პრობლემურია ასევე სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა. სამწუხაროდ, წელსაც აქტუალური იყო ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მთელი რიგი საკითხები. ეროვნული უმცირესობების განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით დღემდე პრობლემაა ბილინგვური სწავლების მოდელის დანერგვა, სახელმძღვანელოების შემუშავება და ორენოვანი პედაგოგების მომზადების/გადამზადება. პრობლემურია სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგნის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა. კვლავაც სირთულეს წარმოადგენს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების სრულყოფილი მონაწილეობა; ასევე, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობის ხელშეწყობა და აღდგენა; მწირია სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. 2023 წელს არანაკლებ აქტუალური იყო კანონის უზენაესობის და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. 2023 წელს გაიმართა არაერთი შეკრება, აქცია თუ კონტრაქცია. სამწუხაროდ, შეკრების თავისუფლებაში ჩარევისას რიგ შემთხვევებში პოლიციელების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 2023 წლის 7-9 მარტს გამართული აქციის დაშლასა და სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას, საფუძვლად დაედო შეკრების მონაწილეთა მხოლოდ ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროებდა კონკრეტული მოძალადეების მიმართ ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებების გატარებას. შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება. სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგანაც საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2023 წლის 2-3 ივნისს პოლიციის მხრიდან ამ მოძველებული კანონმდებლობის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტები, რა დროსაც სახალხო დამცველის აპარატმა ხუთ საქმეზე სასამართლოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა. სამწუხაროდ ეს საქმეებიც ადასტურებს, რომ ხშირად გამოხატვის თავისუფლებასა თუ შეკრების უფლების რეალიზაციაში ჩარევა მხოლოდ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო ხდება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შესაბამის ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტებს. ამ მხრივ 2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები. სახალხო დამცველის შეფასებით, წარმოდგენილი პროექტით სახეზე იყო გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით. აღნიშნული ინიციატივა, ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე ასევე უარყოფითად შეფასდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ. აღნიშნული შეფასებით შეთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითად შეფასდა კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესიც. კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოს არსებობა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზება, რასაც ძირითადად მოძველებული კანონმდებლობა აბრკოლებს, რომელიც ვერ პასუხობს ამ ეტაპზე არსებულ საჭიროებებს. 2023 წელს კვლავ გაგრძელდა უფლებადამცველთა საქმიანობისთვის დაბრკოლებების შექმნის ტენდენცია, რაც, წლების განმავლობაში, მათი დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციისკენ მიმართული კამპანიების წარმოებაში გამოიხატებოდა. უფლებადამცველთა მდგომარეობის კუთხით, 2023 წელს განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტების ინიცირება, რომლებიც არ შეესაბამებოდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს. წინა წლების მსგავსად, პრობლემურია სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლება აღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა. ამ მხრივ კვლავ გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების წარმოება. სამწუხაროდ, პოლიციის სივრცეები, სადაც დაკავებულს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით სრულად კვლავ არ არის დაფარული. უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს დაკავებული პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაყვანამდე, მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიღება გართულდა მათი ადვოკატების, ოჯახის წევრებისა და სახალხო დამცველის აპარატისთვის, რაც შესაბამისად საჭიროებს გაუმჯობესებას. გამოწვევებია პენიტენციურ სისტემაშიც. სახალხო დამცველი წლებია ხაზს უსვამს, რომ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. პენიტენციური სისტემის ფარგლებში კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს. არასათანადო მოპყრობასთან მიმართებით დამატებით აღსანიშნავია კანონმდებლობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები. კერძოდ, მნიშვნელოვანია კანონმდებლობა ნათლად, ორაზროვნების გარეშე, ამომწურავად ახდენდეს არასათანადო მოპყრობის კრიმინალიზაციას მხოლოდ სპეციალური ნორმებით და პრაქტიკაში გამორიცხავდეს ამ დანაშაულების სხვა მუხლებით კვალიფიკაციის შესაძლებლობას. სახალხო დამცველი წლებია საუბრობს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობაზე. კერძოდ, ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე მუშაობენ, ხშირად ანალოგიური მოცემულობების საქმეებში განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ. გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი კი შაბლონური, ფორმალური ხასიათისაა და არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას. ფსიქიატრიული დაწესებულებების უმთავრეს გამოწვევას დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი წარმოადგენს. პრობლემურია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციაც. პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ. სამწუხაროდ, შეფერხებით მიმდინარეობს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი. მისასალმებელია, რომ გაიზარდა 2023 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, თუმცა, სახეზე კვლავ არაერთი პრობლემა გვაქვს. მათ შორის, არ მომზადებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან და დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, კვლავ არ არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა თავშესაფრის სტანდარტი და სხვ. რაც შეეხება ქვეყანაში თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. სამწუხაროა, რომ არა თუ არ მომხდარა ქვეყანაში თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭირო სტრატეგიის დამტკიცება, არამედ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში, სხვა სოციალური ჯგუფების აღნიშვნის პარალელურად, ლგბტ+ ადამიანები საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი. ლგბტ+ თემი არ არის მოხსენიებული არც სტრატეგიასთან მიმართებით შემუშავებული სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიაში. პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების გავრცელებაც, რაც აძლიერებს დისკრიმინაციულ განწყობებს და ხშირად ქალთა წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ქალების გასაჩუმებლად გამოიყენება. თანასწორობისა და რელიგიის თავისუფლების ჭრილში, ასევე აღსანიშნავია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხიც. გენდერული თანასწორობის მიმართულებით საგულისხმოა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველის ხელთ არსებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის 6 თვის მონაცემებით ქალის მკვლელობის 13 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური დანაშაულის ნიშანი 7 შემთხვევაში გამოიკვეთა. საგულისხმოა, რომ გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც ქალთა მკვლელობის მცდელობების მაჩვენებელი აჭარბებდა მკვლელობის შემთხვევებს, 2023 წლის 6 თვის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ ქალთა მკვლელობების რიცხვი თითქმის 54%-ით აჭარბებს მკვლელობის მცდელობათა რაოდენობას. 2023 წელს შემაშფოთებელი იყო 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, რომელსაც წინ სხვადასხვა ფორმის გენდერული ნიშნით ძალადობა უძღოდა. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობის აუცილებლობა. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომაც. პრობლემურია საქართველოს კანონმდებლობაც. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობა სრულყოფილად კვლავ არ შეესაბამება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით გათვალისწინებულ სტანდარტებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემური ჩანაწერი. კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა და ეფექტიანი რეაგირებაც. როგორც წესი, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა დიდ წილად დამოკიდებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებაზე. ამ კუთხით, სახალხო დამცველი წლებია მიუთითებს გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციის მქონე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობის მნიშვნელობაზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში მოქმედი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი გარანტიები. მათ შორის, მნიშვნელოვანია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო მანდატი გავრცელდეს გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. გარდა ამისა, აუცილებელია გადაიხედოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების ნუსხა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დარჩეს მხოლოდ სამსახურის ძირითადი მანდატის შესაბამისი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება. ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების პრევენციისა და აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების კუთხით საქართველოს გენერალური პროკურატურის არსებული როლის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი უკვე წლებია ყურადღებას ამახვილებს პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზეც, რომლის მიზანიც ინსტიტუციური მოწყობისა და მექანიზმის გაუმჯობესება უნდა იყოს. 2023 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა 8 ნოემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია, რომლითაც საქართველოს 9 პირობა განესაზღვრა ორგანიზაციის წევრობის გზაზე. აღნიშნულ პირობებს შორის კვლავ შენარჩუნებულია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საკითხი. პარლამენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ინიცირებით განხორციელებული ზოგიერთი დადებითი საკანონმდებლო ცვლილების მიუხედავად, როგორიც არის, მათ შორის, სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული და საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების ზოგიერთი პროცედურის ახლებური რეგულირება, კვლავ შეუსრულებელია რიგი რეკომენდაციები, როგორიცაა სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევა ამავე სასამართლოს მოსამართლეების მიერ, სასამართლოში საქმეთა განაწილების სისტემის გაუმჯობესება და სხვა საკითხები, რაზეც სახალხო დამცველი არაერთი წელია საუბრობს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ ულოცავს ყველას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. სახალხო დამცველი გამოთქვამს სრულ მზაობას, ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან განცხადებაში მიმოხილულ გამოწვევებზე მუშაობის პროცესში. იმედია, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით წლების განმავლობაში იდენტიფიცირებული პრობლემები სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის შედეგად აღმოიფხვრება, რასაც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება მოჰყვება,“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების მიზანია, მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიან დაცვას

პრემიერ-მინისტრის განცხადებოთ, ხელისუფლების მიზანია, შექმნას და ხელისუფლების თითოეული შტოს, საჯარო უწყებათა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიან დაცვას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 75 წლისთავი აღინიშნება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასული წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია. ჩვენი ხელისუფლების მიზანია, შექმნას და ხელისუფლების თითოეული შტოს, საჯარო უწყებათა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიან დაცვას. ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლების დაცვით სახელმწიფო აძლიერებს ინსტიტუციურ დემოკრატიას, უზრუნველყოფს სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბარ სარგებლობას, განამტკიცებს თანასწორობის პოლიტიკას და მუდმივად ზრუნავს ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე. ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასული წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია. იგი ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული სისტემისა და ინსტიტუციური დემოკრატიის გასაძლიერებლად; ემსახურება საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას სახელმწიფოს მიერ; უზრუნველყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელ დაცვას. სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების აღსრულებისათვის ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე (2024-2026 წწ). ამ მიზნით აქტიურად იმართება შეხვედრები სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი შემუშავებულია მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით და სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით. სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა გაგრძელდება სამოქმედო გეგმის შესრულების ეტაპზეც. ჩვენი მთავრობა მუდმივად ადასტურებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი ერთგულებას, რაც გულისხმობს სისტემური, თანამიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვას. ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის ძალისხმევა კიდევ უფრო გვაახლოებს ევროპულ ოჯახს. ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევით ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა განუხრელად ძლიერდება. დღეს უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, როგორებიცაა ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, გასულ წელს მიღებული ევროპული პერსპექტივა, და სულ ახლახან - ევროკომისიის ღირსეული, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს გზა დღითიდღე გვაახლოებს ჩვენს საბოლოო მიზანთან - საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციასთან,” - აღნიშნულია განცხადებაში.