სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებებზე ვრცელი ანგარიში სახალხო დამცველის მოხსენებებს ეყრდნობა.

„სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ არაეფექტიანი გამოძიებები კვლავ მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ანგარიშში ასევე აღნიშნულია დახურული დაწესებულებების თანამშრომლების მიერ პატიმართა მიმართ სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ცალკეული შემთხვევები და ზოგიერთი ინციდენტი, რასაც მოხსენებაში ომბუდსმენმა უწოდა „ფსიქოლოგიური ძალადობა“, მათ შორის ციხის თანამშრომლების მიერ პატიმრების სიტყვიერი შეურაცხყოფა შიმშილობის გამო.

სახალხო დამცველის ანგარიშში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ინციდენტები პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობად არის შეფასებული. ანგარიშის მიხედვით, არასათანადო მოპყრობის ბრალდებების საერთო რაოდენობამ შეადგინა 463. საქმეებიდან 99, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და პროკურორების მხრიდან სავარაუდო დარღვევას ეხებოდა, 93 ეხებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულს, ერთი ეხებოდა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლის სავარაუდო დანაშაულს და ერთი სახელმწიფო კლინიკაში სიკვდილს. დაფიქსირდა გაჭიანურებული გამოძიების ექვსი შემთხვევა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და 12 საქმე, რომელიც ეხებოდა ზოგად არაადამიანურ მდგომარეობას ციხეში“, - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.


ანგარიშში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი. მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი მოიცავდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური შეურაცხყოფის ბრძანების გამო. 11 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატმა სთხოვა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, რომ დაეწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის (SPS) მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, რაც მოიცავდა რუსთავის N12 საპყრობილიდან მისი იძულებით გადაყვანას გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების ჰოსპიტალში, ხანგრძილი შიმშილობის პროტესტის შემდეგ. სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ 2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით, რომელიც ასახავდა მიხეილ სააკაშვილის იძულებით, ნახევრად შიშველ და დამამცირებელ მდგომარეობაში გადაყვანას მე-18 დაწესებულებაში“, - აღნიშნულია ანგარიშში, რომელშიც ასევე მოხვდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ფაქტი.

  • „წინა მანდატისაგან განსხვავებით, კანონი ახალ საგამოძიებო უწყებას არ აძლევს უფლებას, გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, როგორიცაა, მკვლელობა და სხეულის დაზიანება. რეორგანიზაციის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენება 2022 წლის მარტში დაიგეგმა, მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციით დაკისრებულ უფლებამოსილებამდე სამი წელი რჩებოდა. მმართველი პარტიის პარლამენტის წევრებმა დააჩქარეს კენჭისყრა კანონმდებლობის შემოღებით და მისი სამივე მოსმენით ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე და ძლიერი შიდა და საერთაშორისო კრიტიკის პირობებში მიიღეს. პარლამენტის ქმედებებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებდა ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის ციხიდან გლდანის სასჯელაღსრულების კლინიკაში იძულებით გადაყვანის დროს. ინსპექტორის აპარატმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი რამდენიმე სადავო ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით“.

ანგარიში 29 აპრილს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეტანასაც ეხება.

  • სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დააჩქარა ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების მიღება, კანონმდებლობასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან სრული კონსულტაციის გარეშე. ორგანიზაციებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ ცვლილებები შეიცავდა დებულებებს, რომლებიც ახანგრძლივებს ადმინისტრაციული დაკავების ვადას და ზრდის ჯარიმებს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის. ეს ორი ბრალდება ყველაზე ხშირად გამოიყენება მომიტინგეებისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სხვა მონაწილეების მიმართ.

სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში, 5-6 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მისი მიხედვით, მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის ქმედებების გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის დამაჯერებელი გამოძიების და ორგანიზატორების სისხლისსამართლებრივი დევნის განუხორციელებლობამ გამოიწვია ამ ძალადობის დაუსჯელობა.

  • 11 ივლისს „ტვპირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისის თავდასხმების დროს ის სასტიკად იყო ნაცემი. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები მისი გარდაცვალების შემდეგ მალევე გამოჩნდა, რაც ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული, გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად.