თეგი: აზიის განვითარების ბანკი
აზიის განვითარების ბანკთან 101 მლნ ევროს სასესხო შეთანხმება რატიფიცირებულია
პარლამენტმა 85 ხმით, ერთხმად, მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“ რატიფიცირების შესახებ“. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით,პროექტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი (ADB) სესხის სახით 101 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს. ეს რესურსი გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესების, ურბანული განახლების, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. სესხის ხანგრძლივობა 26 წელია, 11- წლიანი შეღავათიანი პერიოდით. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2027 წლის 30 დეკემბერია.
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარე პროექტები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს ფინანსთა მინისტრმა, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ფინანთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შედგა და მას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორის როლს საქართველოს განვითარების პროცესში, რომელიც მოიცავს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას. აღინიშნა 2020-2021 წლებში ძალიან პროდუქტიული და დასაფასებელი თანამშრომლობა COVID-19-ზე საგანგებო რეაგირების მიმართულებით, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა ADB-სგან მიღებული ფინანსური რესურსი, მიემართა ვაქცინების შესყიდვისა და გლობალური პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ეკონომიკაში დღეს არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნება, მათ შორის, ADB-ის მხარდაჭერილ სექტორებში და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება. მხარეთა შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, ყურადღება დაეთმო 2024 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას. როგორც ცნობილია, აღნიშნული შეხვედრა 2021 წელს თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა გლობალური პანდემიის გამო, თარიღმა 2024 წლის მაისში გადაიწია. დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება.
ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონულ დირექტორს, შეინ როზენტალს, ADB-ის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დირექტორს, ბრიუს დანისა და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. ADB აპირებს განაახლოს 2009 წლის უსაფრთხოების პოლიტიკის დებულება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ADB-ის 2030 წლის სტრატეგიასთან და მისი ოპერაციული პრიორიტეტების გეგმებთან. შეხვედრის მიზანია, დაინტერესებული მხარეები გააცნონ განახლებული პოლიტიკის მიდგომებსა და მიმართულებებს, რათა ბანკის წევრმა ყველა ქვეყანამ შეძლოს უფრო ეფექტური მონაწილეობის მიღება განხილვის პროცესში. უსაფრთხოების პოლიტიკის დებულება მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: გარემოსდაცვითი და სოციალური რისკებისა და ზემოქმედებების შეფასება და მართვა, შრომისა და სამუშაო პირობები, დაბინძურების პრევენცია და რესურსების ეფექტიანობა, ჯანდაცვა და უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, კულტურული მემკვიდრეობა და სხვა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ყველა ამ მიმართულებით საქართველო მზადაა აქტიური თანამშრომლობისა და პოზიციების შეჯერებისთვის.
2023 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, შესაძლოა, 4.5% იყოს - აზიის განვითარების ბანკი
საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირებული შემოდინების გამო, შესაძლოა, შენელდეს, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშშია ნათქვამი. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. “გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, საქართველომ უფრო მდგრადი განვითარების გზები უნდა ეძებოს. პოზიციის გასამყარებლად ტურიზმსა და მომსახურების სფეროში და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში პროგრესის შესანარჩუნებლად, საქართველოსთვის მომგებიანი იქნებოდა განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა, ინოვაციების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაჩქარება,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში კამელ ბუმადმა. 2022 წელს დაფიქსირებული 12%-იანი ინფლაციის 2023 წელს 6%-მდე განახევრება, ხოლო მომდევნო წელს 4%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი, რითაც ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან მიზანს მიუახლოვდება. აღნიშნულის მიზეზი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, შედარებით სუსტი საშინაო მოთხოვნა და გაუმჯობესებული მიწოდების ჯაჭვებია. 2023 წელს ინვესტიციების გაზრდა 5.5%-ით და 2024 წელს 3.5%-ით არის მოსალოდნელი. ბიუჯეტის დეფიციტი კი 2023 წელს მშპ-ს 2.7%-ის და 2024 წელს 2.5%-ის ექვივალენტით შემცირდება. აზიის განვითარების პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სავაჭრო დეფიციტის გაღრმავების ფონზე 2023 წელს მშპ-ს 5%-ით, ხოლო 2024 წელს მშპ-ს 6%-ით გაიზრდება. ექსპორტის ზრდის 10.7%-მდე შენელებაა მოსალოდნელი, რაც 2024 წელს 11.2%-ს მიაღწევს. ფულადი გადარიცხვები წელიწადში 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდება, რადგან მცირდება მიგრანტების შემოდინება, რაც სავარაუდოდ სავალუტო კურსის წნეხს გამოიწვევს. კლიმატის ცვლილების გლობალური სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველომ ემისიების შესამცირებლად რეციკლაციისა და ნარჩენების გაუმჯობესებული მართვის კუთხით სამუშაოები გასწია; გააძლიერა ტყის მართვა სუფთა ეკოსისტემის ხელშესაწყობად და ბიძგი მისცა მწვანე ტურიზმის განვითარებას. ქვეყანას ასევე შეუძლია სარგებელი მიიღოს დეკარბონიზაციისგან - გლობალურ ბაზრებზე ემისიებით ვაჭრობით, რათა ენერგეტიკის ეფექტიანი მოხმარება წაახალისოს და დაბალი ემისიის მქონე კომპანიების შემოსავალი გაზარდოს. მდგრადი ეკო და აგროტურიზმისთვის ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, აზიის განვითარების პროგნოზი საქართველოს მოუწოდებს, გარემოსდაცვითი პოლიტიკა კიდევ უფრო გააძლიეროს. საგადასახადო წახალისება ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობაში კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვით, ხოლო შესაბამისი პოლიტიკა ტრანსპორტის უფრო სუფთა ალტერნატივებზე გადასვლის მოტივაციას შექმნის. აღნიშნულში კერძო სექტორის ჩართულობაც დაეხმარება ქვეყანაში მწვანე და უფრო მდგრადი კერძო სექტორის განვითარებას. ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
აზიის განვითარების ბანკს საქართველოში ახალი დირექტორი ჰყავს
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორად ლესლი ბეარმან ლაჰმი დანიშნა. ახალმა დირექტორმა თანამდებობა ოფიციალურად დღეს დაიკავა. ლესლი ლაჰმი, მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის რანგში უხელმძღვანელებს ADB-ის ოპერაციებს საქართველოში, გაუძღვება ბანკის თანამშრომლობას მთავრობასთან, განვითარების პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. მის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის 2024-2028 წლების სტრატეგიის მომზადების ზედამხედველობა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მრავალმხრივი, მედეგი და ეკოლოგიურად მდგრადი განვითარებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში და ხელი შევუწყო ქვეყანასთან ბანკის ძლიერი და მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას,” განაცხადა ლესლი ლაჰმმა. “ADB განაგრძობს ტრანსფორმაციული ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა დარგსა და პრიორიტეტულ რეფორმაში საქართველოს განვითარების ამბიციური დღის წესრიგის განსახორციელებლად.“
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში განვითარების არეალების გასაფართოებლად მუშაობს
აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ADB გეგმავს გაზარდოს საქართველოს განვითარების დახმარება უფრო დივერსიფიცირებული მიდგომებით. „ADB ამაყობს რომ, დახმარებას უწევს საქართველოს მნიშვნელოვანი პროექტებისა და სტრატეგიული რეფორმების განხორციელებაში, რომელიც გააღრმავებს კაპიტალის ბაზრებს, გარდაქმნის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ საწარმოებს, გაზრდის ადამიანურ კაპიტალს, და გააუმჯობესებს კლიმატის მიმართ მდგრადობას,” განაცხადა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ასაკავამ. საქართველოს 2007 წელს ADB-ში გაწევრიანების შემდეგ, ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა მთავრობის ამბიციური პროგრამები წყლისა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის საუკუნის პროექტები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთის საგზაო დერეფანი. ADB-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს პროექტები საქართველოს ეხმარება, მაქსიმალურად გამოიყენოს სტრატეგიული მდებარეობა და ჩამოყალიბდეს ტრანსპორტისა და ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად. პრეზიდენტმა ასაკავამ აღნიშნა საქართველოს აქტიური როლი რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (კარეკი) პროგრამის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ქვეყნებისა და განვითარების პარტნიორების თანამშრომლობას მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად. „რადგან ბანკი საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ფაზაში შედის, ADB მუშაობს განვითარების არეალების გასაფართოებლად. ეს მოიცავს ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობას. ასევე ბანკი მთავრობასთან ინოვაციური ენერგიის სააკუმულატორო ინოვაციურ პროექტზე მუშაობს. როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკი, ADB ასევე მზადაა, საქართველოს დაეხმაროს მწვანე და ინტეგრირებულ ეკონომიკაზე გადასვლასა და საზოგადოების უფრო მედეგ და ინკლუზიურ განვითარებაში. ეს თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 2030 ხედვასთან, კლიმატის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან. პრეზიდენტი ასაკავა ასევე შეხვდება ვიცე-პრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, ფინანსთა მინისტრსა და საქართველოს წარმომადგენელს ADB-ს მმართველთა საბჭოში ლაშა ხუციშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს, და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აზიის განვითარების ბანკთან არსებულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აფასებს ბანკის ამჟამინდელ პორტფელს, რომელიც შედგება 18 ინვესტიციისგან და მოიცავს 1,9 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო ADB-ს ჯამური პორტფელი 4.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ფისკალური და საბიუჯეტო პარამეტრები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება, რაც ქვეყანამ აჩვენა 2023 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კერძო სექტორის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური წინსვლისთვის და ამ პროცესში აზიის განვითარების ბანკის როლი გადამწყვეტია. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა ინვესტირებას ახორციელებს რეფორმებში, რაც ხელს უწყობს როგორც ბიზნესის გამარტივებას, ისე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს კი მხარს უჭერს ქვეყნის − სატრანზიტო, ლოჯისტიკის, ტურიზმისა და ბიზნესჰაბის − პოტენციალის გამოვლენას.“ ხვალ ADB-ს პრეზიდენტი ლევან დავითაშვილთან და ცენტრალური და დასავლეთ აზიის ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებთან ერთად კარეკის 22-ე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობა, რომელიც თბილისში პირველად ტარდება. თბილისი ასევე უმასპინძლებს ADB-ს წლიურ შეხვედრას 2024 წლის მაისში. ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების ჯამური ოდენობა 4.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ADB-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი: ვაღიარებთ საქართველოს გადამწყვეტ როლს შუა დერეფნის განვითარებისთვის
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ განაცხადა, რომ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკი მტკიცედ უჭერს მხარს წევრი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს კოლექტიურ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია კლიმატური ცვლილებების შემსუბუქებისა და ადაპტაციისკენ. „არსებული პროგრამის ფარგლებში, 2 ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. ახალი ინიციატივებია საჭირო და ჩვენ მზად ვართ მათ მხარდასაჭერად. რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივა ჩვენს ქარტიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს გახლავთ ჩვენი საქმიანობის მთავარი ამოცანები და მიზნები ყველგან. ჩვენ აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით ვუჭერთ მხარს ეკონომიკურ აქტივობებს,“ – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა. ასაკავას თქმით, საქართველოს გადამწყვეტი როლი აქვს შუა დერეფნის განვითარებისთვის. „ჩვენ მოწოდებული ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, როდესაც ეს ქვეყანა აძლიერებს სოციალურ სერვისებს და აფართოებს სატრანსპორტო ქსელებს. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს გადამწყვეტ როლს შუა დერეფნის განვითარებისთვის,“ – ამბობს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი შეერთებული შტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია - ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან