თეგი: ამნისტია
მიხეილ სარჯველაძემ განმარტა ვის შეეხება ამნისტია
საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და 82 ხმით, ერთი წინააღმდეგი მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის კომიტეტში მეორე მოსმენის განხილვის შედეგად მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა. მიხეილ სარჯველაძემ კანონპროექტის ძირითად არსზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ამნისტია ორი ბლოკისგან შედგება. „პირველი უკავშირდება კოვიდპანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო გარკვეული სასჯელების შემცირებას, შესაბამისად, ამ კუთხით გვაქვს ოდნავ ახლებური მიდგომა იმ თვალსაზრისით, რომ ვისაც მოუწია გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასჯელის მოხდა და ერთთვიანი პერიოდია აღებული ასეთ პირობებში, ყველა მათგანზე იქნება გავრცელებული ამნისტია, გარდა ერთი გამონაკლისისა, რომელიც საქართველოს კონვენციურ მოვალეობას უკავშირდება, კერძოდ, წამების დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებზე ამნისტიის გაუვრცელებლობას. მეორე საკითხი, რაც აღნიშვნას იმსახურებს, არის ის, რომ შემოვიტანეთ დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც შემოთავაზებული იყო, მათ შორის, ალტერნატიული კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს დიფერენცირებული მიდგომა გულისხმობს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მქონე პირთათვის შედარებით მცირე შეღავათის გავრცელებას და შედარებით მეტი შეღავათის გავრცელებას იმ პირებზე, ვისაც სასჯელის სახით ორ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა გათვალისწინებული. ასევე დამატებით შეღავათია გათვალისწინებული ქალებისთვის, არასრულწლოვნებისთვის და 70 წელს ზემოთ მყოფი ხანდაზმული პირებისთვის, შესაბამისად, მათთან მიმართებაში ოდნავ დიდი იქნება ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით, საკითხების მეორე ბლოკი უკავშირდება 2004 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს: „გაფართოვდა წრე იმ დანაშაულებისა, რომლისთვისაც არ იქნება გათვალისწინებული შეღავათი და შესაბამისად, ქმედებები არ დაექვემდებარება ამნისტირებას“, აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. მომხსენებელმა კანონპროექტის მუხლობრივად განხილვისას, კოლეგებს საკომიტეტო განხილვის შემდეგ შეტანილი ცვლილებები გააცნო. მისივე თქმით, დამატებითი კონსულტაციების შედეგად მცირედით მოხდა იმ ვადების გაზრდა, რომლებიც შეღავათის სახით იქნება გათვალისწინებული. დეტალური მუხლობრივი განხილვის შემდეგ, კანონპროექტთან დაკავშირებით, უფრაქციო პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა პოზიციები დააფიქსირეს. უფრაქციო პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ის მიესალმება ამნისტიის იმ ნაწილს, რაც კოვიდ ამნისტიას შეეხება, თუმცა მხარს არ უჭერს კანონპროექტის მეორე ნაწილს. „ძალიან კარგია ამნისტიის აქტის პირველი ნაწილი, რომელიც შეეხება კოვიდ ამნისტიას იმიტომ, რომ პატიმრებისთვის ამ პერიოდში მართლაც იყო სერიოზული შეზღუდვები და ამის კომპენსირება ხდება. მივესალმები ამნისტიის ამ წილს, მაგრამ ეს კარგი განზრახვა დამძიმებულია ძალიან არასრულფასოვნად დამუშავებული მეორე ნაწილით, რომელიც ცალკე კიდევ შეიცავს გარკვეულ სერიოზულ პოლიტიკურ რისკებს, მაგრამ რისკებსაც რომ თავი დავანებოთ სამართლებრივად არ არის სრულფასოვნად დამუშავებული“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ. ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ეს არის საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლისთვისაც მან მადლობა გადაუხადა ინიციატორებს. „როდესაც ადამიანი არის ციხეში, სახელმწიფოს აქვს სრული კონტროლი მასზე და სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, რომ ის არ დაავადდეს ინფექციური დაავადებით. ამიტომ იმ შეზღუდვების დაწესება სახელმწიფოს ვალდებულება იყო და იმ შეზღუდვების შედეგად დაზიანებული უფლებების კომპენსირებაც დღეს სახელმწიფოს ვალდებულებაა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარეს იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ ამნისტია კანაფის მოხმარებისთვის მსჯავრდებულებსაც უნდა შეეხოს და კოლეგებს აღნიშნულის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „რა გახდა, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან მოძალადეები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, გავათავისუფლოთ ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც დღეს დადასტურებულად ვიცით, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს. არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული სტატისტიკა ძალადობის, მკვლელობის თუ ავტოსაგზაო შემთხვევის მას შემდეგ რაც ნარკოპოლიტიკა ასე თუ ისე შევცვალეთ. პირიქით, შემცირდა მომხმარებლების რაოდენობა, შემცირდა გარდაცვალების რაოდენობა, რომლებიც რაღაც უცნაურ ნარკოტიკს მოიხმარდნენ. ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას, რომ ამნისტია შეეხოს ხალხს, რომელიც კანაფის გამო ზის ციხეში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ სახელით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, პარლამენტის წევრმა, დავით ზილფიმიანმა შეაფასა. მისი განცხადებით, კანონპროექტის განხილვისას, ოპოზიციიდან და მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან პროფესიონალური მსჯელობა გაიმართა, თუმცა მათი გამოსვლები და შეფასებები ორ ჯგუფად გაიყო. მისი თქმით, გამომსვლელების ნაწილმა მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭირონ უფრო ფართო ამნისტიას, ნაწილი კი პირიქით, მის შეკვეცაზე საუბრობდა. „ამ ტიპის დოკუმენტთან, მიუხედავად იმისა რომ დეტალურ მსჯელობაში არ შევედით, ყოველთვის მზად ვიქნებით და მხარს დავუჭერთ ნებისმიერი სახის ამნისტიას, პრინციპით - „რაც უფრო დიდია უკეთესია, რაც უფრო ფართოა უკეთესია“. ეს იქნება და დარჩება ჩვენს პრინციპად. ჩვენი მხარდაჭერა გაქვთ და გექნებათ თუ კიდევ რამე მსგავსი დოკუმენტი მომზადდება. გამომდინარე აქედან მინდა მადლობა გადავუხადო იმ ჯგუფს, რომლებმაც დრო შესწირეს და იმუშავეს ამ პროექტზე, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, პოზიტივის მატარებელი ქმედება და დოკუმენტია“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, წარმოდგენილ კანონპროექტს ჰქონდა შანსი, რომ გამხდარიყო საყოველთაოდ მხარდაჭერილი. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ერთსულოვნად არის მხარდაჭერილი ამინისტიის პირველი ნაწილი, რომელიც ჰუმანური პრინციპიდან გამომდინარე ეხება კოვიდ პანდემიის შეზღუდვის სამართლიანი კომპენსირების მიზანს, თუმცა არ ეთანხმებიან კანონპროექტის მეორე ნაწილს. „ამ ამინისტიით თავისუფლდებიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თავს აფარებდნენ ჩვენს ოკუპანტ ქვეყანას, ეს ადამიანები იყვნენ კორუმპირებულები და იპარავდნენ იმას, რაც ეკუთვნოდათ ქართველ ხალხს. ამ მუხლის გამო არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ კანონპროექტს. ჩვენ არ ვაპირებთ გავიზიაროთ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, კანონპროექტი “ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებზეა მორგებული. „ეს არის უზნეო კანონპროექტი, რომელიც, ძირითადად, განპირობებულია პოლიტიკური სიმპათიებით. არაერთხელ იქნა აქ ნახსენები სიტყვა „საკრალური“. რატომ 2004 და არა 2005? ანუ, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ელიტისთვის დამახასიათებელი დანაშაული 2004 წლამდე თურმე უნდა იყოს ნაპატიები და 2005 წელს რომ ვიღაცამ რაღაც მოიპარა, ის რატომ არა? იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კანონს შეიძლება, ვუწოდოთ სახელი „ვარდების რევოლუციამდე ჩადენილი დანაშაულებების პატიების აქტი“,- განაცხადა რომან გოცირიძემ. არჩილ თალაკვაძე: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ამნისტიის კანონპროექტს და მხარს ვუჭერთ ჰუმანურ გადაწყვეტილებებს სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფ პატიმართა მიმართ იმ ფარგლებში, როდესაც მართლწესრიგი და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება გახლავთ გონივრულად დაცული“,-განაცხადა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კანონპროექტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა პარლამენტში შეიმუშავა და რომელიც ზუსტად ამ პრინციპს მიესადაგება-ერთის მხრივ ჰუმანური მიდგომები, ჰუმანური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა და მეორე მხრივ- საზოგადოების ინტერესების და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. არჩილ თალაკვაძე კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებსაც გამოეხმაურა. ვიცე-სპიკერის განცხადებით, ადამიანები, ვინც დღეს კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, იქნებოდნენ პირველები უმწვავეს კრიტიკაში, რომელიმე პატიმარს პენიტენციური სისტემის დაუდევრობის და ჯანდაცვის სისტემის არასათანადო გადაწყვეტილების გამო საფრთხე რომ დამუქრებოდა. „არ მეგონა, დღეს კიდევ, თუ თქვენ თავს მისცემდით უფლებას და პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით გააკრიტიკებდით ხელისუფლებას. იმ სისტემასთან დაკავშირებით, სადაც რეალურად თქვენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გქონდათ ყველაზე მძიმე ჩავარდნები და ყველაზე მძიმე დარღვევები“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მომხსენებელმა, მიხეილ სარჯველაძემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა: „არ ეყოთ არც პოლიტიკური ალღო, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არც პოლიტიკური კეთილსინდისიერება ბევრ აქ მყოფ ოპოზიციონერს, რაც ძალიან ცუდი ამბავია“. კომიტეტის თამჯდომარის განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ამნისტიის დროს, ნებისმიერი დამნაშავე, რომელიც იქნება ამნისტირებული, მის დანაშაულს არავინ იწონებს - ამნისტიის აქტი არ ნიშნავს მის მიერ ჩადენილი ქმედების მოწონებას. „ვისარგებლებ შესაძლებლობით და ყველა ადამიანის გასაგონად ვიტყვი, ვთხოვ პირადად, რომ აუცილებლად გაუფრთხილდნენ და დააფასონ სწორად ამ შემთხვევაში ეს მისაღები გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მათი მხრიდანაც მოსალოდნელია რომ იყოს აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, თუნდაც ამ შეღავათთან მიმართებაში. მესმის, რომ რისკები შეიძლება გაიზარდოს და დანაშაულის რეციდივს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, ესეც უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ ამის შიშით ხელი აგვეღო ამ სწორ განზრახვაზე. ყველას ვთხოვ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და განსაკუთრებული გულისხმიერებით მიიღონ და დააფასონ ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დღეს საპატიმროს ქვეყნის მასშტაბით 250-მდე პატიმარი დატოვებს
ამნისტიის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად დღეს საპატიმროს ქვეყნის მასშტაბით 250-მდე პატიმარი დატოვებს. ამასთან, გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პატიმრებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური დახვდნენ. ცნობისთვის, 12 აპრილს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო ძალაში. მიხეილ სარჯველაძის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, ყველას, ვინც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში ბრალდებულის, ან მსაჯვრედებულის სტატუსით იმყოფებოდ, სასჯელის მოხდის ვადა განსხვავებული წესით დაუანგარიშდა.
დე ფაქტო პარლამენტმა ამნისტიის შესახებ დადგენილება მიიღო - მედია
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს დადგენილებას ამნისტიის გამოცხადების შესახებ. მათ ეს ნაციზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს მიუძღვნეს. ამის შესახებ ოსური მედია იუწყება. დე ფაქტო პარლამენტის კანონიერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ალან გაგლოევის ინფორმაციით, ამნისტია შეეხება და საპატიმროს დატოვებს დაახლოებით 50 პირი, ვინც ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვისაა მსჯავრდებული. დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ალბოროვმა საკითხზე მომუშავე ე.წ. დეპუტატებს დაავალა მკაფიოდ განსაზღვრონ ამნისტიის უფლებით მოსარგებლე პატიმართა კატეგორიები, რათა ამ საკითხმა დაბნეულობა არ გამოიწვიოს. დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პიოტრ გასიევმა კი ამნისტირებულთა სიის გამოქვეყნებაც მოითხოვა. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, სიის დაზუსტება სწორედ ახლა მიმდინარეობს და როგორც კი ამ საკითხზე მუშაობა დასრულდება, ამნისტირებული პირები მაშინვე დატოვებენ საპყრობილეს. ამავე წყაროს ცნობით, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მამუკა ჩხიკვაძის შესაძლო შეწყალების შესახებ ინფორმაცია პირველად აპრილში გავრცელდა - თითქოს დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი მის შეწყალებას სააღდგომოდ აპირებდა, თუმცა პროცესი მაისისთვის გადაიდო და ჩხიკვაძეს ციხეშიც ურჩიეს, რომ ამნისტიის გამოცემას დალოდებოდა. ეს ინფორმაცია მამუკა ჩხიკვაძემ ბიძას, შმაგი ჭანკვეტაძეს თვითონაც დაუდასტურა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მას მამუკა რამდენჯერმე დაუკავშირდა და გათავისუფლების მოლოდინის შესახებ აცნობა. 27 აპრილს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებაზეც იმსჯელეს. შეხვედრიდან გამოსულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ცხინვალიდან პოზიტიური სიგნალი მიიღო. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 12 დეკემბერს დააკავეს სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს. ყოფილი ჯარისკაცი მანამდე შინდისის გმირთა მემორიალთან ნახეს, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან. 14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა. მამუკა ჩხიკვაძეს 2022 წლის მაისში ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, ჩხიკვაძის ცხინვალელმა ადვოკატმა ეს გაასაჩივრა. აგვისტოში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა და ჩხიკვაძეს 3 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ჩხიკვაძე წელიწად-ნახევარია უკვე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იმყოფება, იქაური კანონმდებლობით პატიმრობის 2 დღე, 3 დღედ ითვლება, ამიტომ გამოდის, რომ ჩხიკვაძეს ე.წ. სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს. მამუკა ჩხიკვაძის გარდა, ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე იმყოფება. უმრავლესობა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით არის გასამართლებული. წყარო - რადიო თავისუფლება
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უკანონოდ დარეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ამნისტია ცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ღარიბაშვილის თქმით, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. „მინდა, კიდევ ერთ საკითხზე გავაცნო მოქალაქეებს ჩვენი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში დაგროვდა შემდეგი სახის პრობლემა. ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ უკანონოდ დაირეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ეს იყო რეალურად ძალიან დიდი პრობლემა. ათეულობით საქმე დევს პროკურატურაში. მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი გაუგებრობა მოხდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კონსულტაცია პროკურატურასთან და პარლამენტთან და გამოვდივარ ინიციატივით, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია ასეთ საქმეებზე. ახლა მინდა განვმარტო თუ რას ვგულისხმობთ - ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362 მუხლებით ჩადენილ დანაშაულებებზე. ამნისტიის ფარგლებში, ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. აქვე მინდა განვმარტო, რომ ამნისტია არ გავრცელდება მოხელის მიერ, ასევე სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში, საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ექვივალენტური თანხის გადახდის გზით. მინდა ვთხოვო ბატონ რეზო ჯაველიძეს, მთავრობის სხდომის შემდეგ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეებს, თუ რას გულისხმობს აღნიშნული ამნისტია. ეს პროექტი გაკეთებული გვაქვს, ამ პროექტს გადავუგზავნით პარლამენტს და როგორც მოგახსენეთ, ამნისტია გაათავისუფლებს ჩვენს ძალიან ბევრ მოქალაქეს. ძალიან ბევრი გაუგებრობა წარმოიქმნა ამის შედეგად. ვინც დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, მათ შეეხებათ, თუ არ დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, ის გადაიხდის შესაბამისი ღირებულების თანხას და ამით მოგვარდება ეს საკითხი,“ - განაცხადა პრემიერმა.
ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ ამნისტია გამოაცხადა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო დადგენილება „ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ამნისტიის შესახებ“. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. დოკუმენტი „პარლამენტის“ ე.წ. ვიცე-სპიკერმა ასტანურ არშბამ წარადგინა. დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გათავისუფლდება ყველა, ვისაც 3 წლამდე ვადით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. გათავისუფლდებიან 5 წლამდე ვადით პატიმრობამისჯილი ვეტერანები, მოხალისეები, ზურგში მებრძოლი ვეტერანები და ქართულ-აფხაზური ომის ინვალიდები; აფხაზეთის ტერიტორიაზე ბრძოლებში მონაწილე ვეტერანები და ინვალიდები; I და II ჯგუფების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; I და II ჯგუფების ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები; აივ ინფექციით ინფიცირებულები, აგრეთვე III ან IV კლინიკური ჯგუფების ონკოლოგიური დაავადებების მქონე პატიმრები; სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში პირველად მიცემული პირები და ქალები. სასჯელის ხანგრძლივობის მიუხედავად, პატიმრობიდან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებზე; არასრულწლოვანი შვილების დედები, ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილების დედები, ასევე ორსული ქალები; 55 წელზე მეტი ასაკის ქალები და 60 წელზე უფროსი ასაკის კაცები; არასრულწლოვანები; პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სსკ-ის 206-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (მასობრივი არეულობები). სასჯელისაგან თავისუფლდებიან პირობით მსჯავრდადებულები, რომლებისთვისაც დადგენილების ძალაში შესვლამდე სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეიცვალა სასჯელის უფრო მსუბუქი ფორმით; სასჯელგადავადებულები; თავისუფლების აღკვეთის გარდა, სხვა სახის სასჯელმისჯილები. ამნისტია არ გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც ადრე შეეხოთ ამნისტია ან შეწყალების აქტები; პირებზე, რომლებსაც პატიმრობა მისჯილი აქვთ განზრახ ჩადენილ დანაშაულზე. ამასთან, დადგენილებაში ჩამოთვლილ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მუხლებზე. ამნისტიის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილება ორ თვეში უნდა შესრულდეს. ჯერჯერობით უცნობია, შეეხებათ თუ არა რაიმე სახით ამნისტიის აქტი უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს ორი მოქალაქე: ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ჯაშუშობის" ბრალდებით და ირაკლი ბებუა, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა და 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო - ვის შეეხება ამნისტია
84 ხმით - პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონის საფუძველზე ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება - აქედან 1 000-ზე მეტი პენიტენციურ დაწესებულებას დაუყონებლივ დატოვეს, ხოლო 4 000 პატიმარზე მეტს სასჯელი შეუმცირდება. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. ის ვრცელდება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებზე. პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით, 22 000 პირს შეეხება - აქედან დაახლოებით 7 000 პრობაციის სისტემას დატოვებს. საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება "სისხლის სამართლის კოდექსის" 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება. "ამნისტიის კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. პირველად ამის თაობაზე გარკვეული გზავნილი გავაჟღერე 8 თებერვალს, როდესაც მტკიცდებოდა მთავრობა, მეორედ ასეთი გზავნილი გავაჟღერე უკვე როდესაც მთავრობის ანგარიში წარვადგინე ივნისში და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახა იმ კანონპროექტში, რომელიც მიღებულ იქნა უკვე დღეს მესამე მოსმენით. 10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5 000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება. ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული კანონი იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად განიტვირთება ციხეები და გათავისუფლდებიან ადამიანები საპატიმროებიდან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ასევე საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვაც, ანუ დამატებითი რისკები არ შეექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. შესაბამისად, ხანგრძლივი დისკუსიები იყო ამ კანონის გარშემო და ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური სახით ჩამოყალიბდა ეს კანონი," - განაცხადა დღეს, 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, პროექტი ამნისტიის შემდეგ ფორმებს ადგენს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით შემცირება; სასჯელის 1/4-ით შემცირება; სასჯელის 1/6-ით შემცირება; პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება. ამნისტია არასრულწლოვანი და ქალი პატიმრებისთვის უფრო მსუბუქ ზომებს ადგენს. კერძოდ, ნაცვლად სასჯელის განახევრების, ¼-ით ან 1/6-ით შემცირებისა, გათვალისწინებულია სასჯელის 2/3-ით, 1/3-ით და 1/5-ით შემცირება. ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და ზოგიერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
პრეზიდენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „ამნისტიის შესახებ“ კანონს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია არჩევნების წინ ამნისტიის კანონის მიღებას ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვად აფასებს. „საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე. პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა „ამნისტიის შესახებ“ კანონს,“ - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი 17 სექტემბერს მიიღო.