თეგი: ანა ლიურმანი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს ეწვია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში, დოქტორ ანა ლიურმანი 2023 წლის 2-დან 4 ოქტომბრამდე სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის მთავარი საკითხია საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან და ამისათვის საჭირო რეფორმები. ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებთან, დაგეგმილია ასევე შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დისკუსია სტუდენტებთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის კლიმატთან დაკავშირებული გერმანული პროექტების შესახებ. ლიურმანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრება „სამხრეთ ოსეთთან“ არსებულ „ადმინისტრაციულ ზოლთან.“
ანა ლიურმანი: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას და ყველას საქართველოში, გააგრძელონ რეფორმები და აჩვენონ თავიანთი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი
ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას და ყველას საქართველოში, გააკეთონ ყველაფერი, რათა აჩვენონ თავიანთი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, გააგრძელონ რეფორმები. ლიურმანის თქმით, იმედია, რომ საქართველოს მთავრობა რეფორმების გზაზე პროგრესს მიაღწევს. „ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენ გაერთიანებას უფრო ძლიერს და უკეთესს გახდის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენს ინტერესებშია, რომ ამ პროცესმა წინ წაიწიოს. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროგრესს მიაღწევს რეფორმების გზაზე იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაზღვრა ევროკომისიამ იმისთვის, რომ ევროკომისიამ შეძლოს თვის ბოლოს დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება და წევრი სახელმწიფოების ლიდერების ინფორმირება, რომლებიც დეკემბერში შეიკრიბებიან საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას და ყველას საქართველოში, გააკეთონ ყველაფერი, რაც ძალუძთ, რათა აჩვენონ თავიანთი ერთგულება ევროპული პერსპექტივისადმი, ევროპული ღირებულებებისა და იდეებისადმი და ბოლო მომენტამდე გააგრძელონ რეფორმები“, – განაცხადა ლიურმანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.