თეგი: ანდრეი ნაუმოვი
BBC: უკრაინა სერბეთიდან უშიშროების სამსახურის ყოფილი გენერლის ექსტრადირებას ცდილობს
სერბეთის ქალაქ ნისის უმაღლესი სასამართლოს სპიკერმა BBC-ს განუცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ანდრი ნაუმოვის ექსტრადირება მოითხოვა. ის უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (SBU) შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ნაუმოვმა უკრაინა 23 თებერვალს, რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ ნაუმოვის წინააღმდეგ საქმე ღალატის მუხლით აღძრა. გამომძიებლები ეჭვობენ, რომ ნაუმოვს შეეძლო, რუსეთისთვის ჩერნობილის უსაფრთხოების სისტემების შესახებ ინფორმაცია გადაეცა. პირველ აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნაუმოვს გენერლის წოდება ჩამოართვა იმის გამო, რომ მან ერთგულების ფიცი ვერ შეასრულა. ანდრი ნაუმოვი სერბმა მესაზღვრეებმა ფულის გათეთრების ბრალდებით ივნისში დააკავეს.
სერბეთში გაათავისუფლეს გენერალი ნაუმოვი, რომელსაც უკრაინაში თაღლითობასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ
სერბეთის ციხიდან გაათავისუფლეს უკრაინის სახელმწიფო უშიშროების (SBU) შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ყოფილი გენერალი ანდრეი ნაუმოვი, რომელსაც უკრაინაში თაღლითობასა (სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილი) და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში (191-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 364-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ადანაშაულებენ. სერბეთში ნაუმოვმა ფულის გათეთრების ბრალდებით ერთწლიანი სასჯელი მოიხადა. ის 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში გაათავისუფლეს, მაგრამ ყოფილმა გენერალმა ქვეყნის დატოვება ვერ შეძლო, ვიდრე მის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავდა. ამ მიზეზით მას ჩამორთმეული ჰქონდა დოკუმენტები. ნაუმოვის განაჩენი ქალაქ ნიშის მაღალმა სასამართლომ გასული წლის სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა. გენერალმა ანდრეი ნაუმოვმა უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. 2022 წლის ივნისში ის სერბეთში დააკავეს.