სერბეთის ციხიდან გაათავისუფლეს უკრაინის სახელმწიფო უშიშროების (SBU) შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ყოფილი გენერალი ანდრეი ნაუმოვი, რომელსაც უკრაინაში თაღლითობასა (სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილი) და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში (191-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 364-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ადანაშაულებენ.
სერბეთში ნაუმოვმა ფულის გათეთრების ბრალდებით ერთწლიანი სასჯელი მოიხადა.
ის 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში გაათავისუფლეს, მაგრამ ყოფილმა გენერალმა ქვეყნის დატოვება ვერ შეძლო, ვიდრე მის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავდა. ამ მიზეზით მას ჩამორთმეული ჰქონდა დოკუმენტები.
ნაუმოვის განაჩენი ქალაქ ნიშის მაღალმა სასამართლომ გასული წლის სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა.
გენერალმა ანდრეი ნაუმოვმა უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. 2022 წლის ივნისში ის სერბეთში დააკავეს.