თეგი: აშშ-ის სენატი
დავით ზალკალიანმა სენატორ ბენ კარდინთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთიბათა კომიტეტის წარმომადგენელთან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან, სენატორ ბენ კარდინთან. საუბრის მთავარ თემას უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება წარმოადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები, მიმართულია არამარტო უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლის წესებსა და პრინციპებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს და საფრთხეს უქმნის რეგიონისა და მთლიანად ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. "დავით ზალკალიანმა საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და უსაფრთხოების რთულ გარემოზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორს იმ მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც აშშ-ის სენატში საქართველოს მიმართ არსებობს. თავის მხრივ, სენატორმა კარდინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. სენატორი კარდინი მიესალმა საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე. საუბრისას აღინიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს და ხაზი გაესვა ამ პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 13,6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 13,6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ BBC წერს. როგორც ცნობილია, თანხიდან 6,5 მილიარდს პენტაგონი გამოიყენებს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, დანარჩენი კი, უკრაინისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება. “ჩვენ, უკრაინელებს მილიარდებს ვაძლევთ საკვების, მედიკამენტებისა და თავშესაფრისთვის, ასევე ორ მილიონზე მეტი ლტოლვილის მხარდაჭერისთვის, რომლებსაც უკრაინის დატოვება მოუწიათ. ასევე ისეთი იარაღის გადასაცემად, როგორიცაა, Javelin-ები და Stinger-ები”, - განაცხადა სენატის წარმომადგენელმა ჩაკ შუმერმა. სენატამდე დახმარების პაკეტს მხარი კონგრესის ორივე პალატამ დაუჭირა, ახლა კი, მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.
აშშ-ის სენატმა „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტი" მიიღო
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის სენატმა პირველად ერთსულოვნად დაუჭირა მხარი „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის“ მიღებას, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას, უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები. სენატორებმა ლენდ-ლიზის (სესხება-იჯარა) წინადადებას მხარი აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირეს. აქტის ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ უკრაინის გარდა ამგვარი პირობებით სამხედრო იარაღისა და მასალების გადაცემას იმ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც შეძლებს, რომლებშიც რუსეთის ფედერაციის შეჭრის საფრთხე არსებობს. „პრეზიდენტს შეუძლია აშშ-ის ხელისუფლებას ნება დართოს, რომ ასესხოს ან იჯარით გადასცეს თავდაცვის საშუალებები უკრაინის ხელისუფლებას ან სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ვისზეც რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრა გავლენას ახდენს, რათა ამ ქვეყნებს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდასა და მათი სამოქალაქო მოსახლეობის რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხრიდან პოტენციური შეჭრისგან ან მიმდინარე აგრესიისგან დაცვაში დაეხმაროს“, - წერია სენატის მიღებულ ლენდ-ლიზის აქტში. "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ამ აქტით აშშ-ს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა დე ფაქტო საჩუქრად შეუძლიათ, მიმღები ქვეყნის მხრიდან მომავალში აშშ-ისთვის დაბრუნების პირობით. ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.
რესპუბლიკელმა სენატორმა, უკრაინისთვის $40 მილიარდის დაჩქარებულად გამოყოფა დაბლოკა
რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა დაბლოკა სენატის კენჭისყრა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტზე. ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტი ამ კვირაში არ დამტკიცდება და პროცედურა უფრო დიდხანს გაჭიანურდება. სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მიჩ მაკკონელი სენატში გამოვიდნენ, რათა უკრაინის დახმარების შესახებ $40 მილიარდიანი პაკეტი რაც შეიძლება მალე დაემტკიცებინათ. რადგან კანონპროექტის სწრაფი მიღება ერთპიროვნულად დაბლოკა რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა კენტუკიდან, წესების მიხედვით, სენატი მოითხოვს ყველა სენატორის ერთსულოვან თანხმობას საბოლოო კენჭისყრის გასაგრძელებლად. მისი წინააღმდეგობის გამო, სენატმა უნდა გაიაროს ყველა ჩვეულებრივი პროცედურა. რენდ პოლმა მოითხოვა, რომ კანონპროექტს დამატებოდა მოთხოვნა გენერალური ინსპექტორის დანიშვნის შესახებ, რომელიც გააკონტროლებდა სახსრების ხარჯვას. ასეთი შესწორება მოითხოვს მეორე კენჭისყრას წარმომადგენელთა პალატაში. "სენატი ერთგულების ფიცს დებს აშშ-ს კონსტიტუციის და არა რომელიმე უცხო ერის წინაშე, რამდენადაც არ უნდა თანაუგრძნობდეს მისაღწევი შედეგის მნიშვნელობას. ჩემი ერთგულების ფიცი ურყევი რჩება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მიმართ". - აღნიშნა სენატორმა. 11 მაისს, აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. პროცედურის თანახმად, კანონპროექტს ახლა სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი, შემდეგ კი ის ხელმოსაწერად შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. დოკუმენტი ასევე გულისხმობს ფინანსურ დახმარებაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების 11 მილიარდამდე გაზრდას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აშშ-ის სენატის დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა
აშშ-ის სენატის დელეგაცია ბუჩას, ირპენსა და ჰოსტომელს ეწვია. დელეგაცია რესპუბლიკელი რობ პორტმანისა და დემოკრატი ემი კლობუჩარისაგან შედგებოდა. სენატორებმა ქალაქ ირპენის დანგრეული უბნები მოიარეს. ჰოსტომელში სენატორებმა მოინახულეს ანტონოვის აეროდრომი, სადაც განადგურებული (Mriya/Ruslan) თვითმფრინავები ნახეს. სენატორებმა უკრაინელ სამხედროებს გამბედაობისთვის მადლობა გადაუხადეს.