თეგი: ბანგლადეში
"ვეფხისტყაოსანი" ბანგლადეშში ბენგალურ ენაზე გამოიცა
ბანგლადეშში პირველად გამოიცა შუა საუკუნეების პერიოდის დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ბენგალურ ენაზე ნათარგმნი წიგნი. პოემის თარგმანი ეკუთვნის ტაჰერულ ისლამ ტაჰერს, ხოლო წიგნისთვის შექმნილი, ბენგალური სუბკონტინენტური კულტურის თავისებურებების გათვალისწინებით შესრულებული ილუსტრაციები მოამზადა ბატონმა მაჰმუდ ჰასანმა. "საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად, ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო საკონსულოს ფასდაუდებელი ჩართულობით, შესაძლებელი გახდა ამ დიდი პოემის ბენგალურ ენაზე თარგმნა და გამოცემა. როგორც ცნობილია, ბენგალური ენა მიეკუთვნება მსოფლიოს ათ ყველაზე გამორჩეულ ენას სიძველითა და სილამაზით, ასევე შესანიშნავი დამწერლობისა და ჟღერადობის გამო. მასზე საუბრობს 200 მილიონზე მეტი ადამიანი ბანგლადეშში, ინდოეთის დასავლეთ ბენგალისა და ტრიპურას შტატებში და ასამის შტატის რეგიონში Barak Valley. იგი სიდიდით მეშვიდე ენაა მსოფლიოში. წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს არარეზიდენტი ელჩი, ბატონი არჩილ ძულიაშვილი და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო კონსული, რიად მაჰმუდი წარუდგენენ „ვეფხისტყაოსანს“ ბანგლადეშის საზოგადოებას და ქვეყნის მთავრობის წევრებს. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ბენგალელი მკითხველისთვის, რაც მათ მისცემს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობას. საქართველოს საელჩო ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. დელი), გამოხატავს მადლიერებას ბანგლადეშში საქართველოს საპატიო კონსულის, რიად მაჰმუდის მიმართ მის მიერ შეტანილი დიდი წვლილისთვის ქართული ლიტერატურის შედევრის წარმატებულად თარგმნისა და გამოცემის საქმეში", - აღნიშნულია ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
ძლიერი აფეთქება ბანგლადეშში: დაღუპულია 30 ადამიანი
ბანგლადეშის ქალაქ ჩიტაგონგთან მდებარე საწყობში ხანძარსა და ძლიერ აფეთქებას 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ზოგიერთ კონტეინერში ქიმიკატები ინახებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაშია, დამწვრობები სხეულის 60-90%-ს მოიცავს. „10 მეტრის მოშორებით ვიდექი, როდესაც აფეთქების ტალღამ გადამაგდო. ხელები და ფეხები დამწვა", - განუცხადა სატვირთო მანქანის მძღოლმა ტოფაელ აჰმედმა AFP-ს. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გაისმა და მიმდებარე შენობების მინები ჩაამსხვრია. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაღაზიის მფლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნამსხვრევის ნაწილი ნახევარ კილომეტრზე გაფრინდა და მის აუზში ჩავარდა. ხანძარი ხშირია ბანგლადეშში. გასულ წელს, სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სამხრეთით, ბორანზე ხანძრის შედეგად. იმავე წლის დასაწყისში, რუპგანჯში, დედაქალაქ დაკის მახლობლად, ქარხანაში ხანძრის შედეგად სულ მცირე 52 ადამიანი დაიღუპა.
წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ინდოეთსა და ბანგლადეშში სულ მცირე, 59 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთსა და ბანგლადეშში სულ მცირე, 59 ადამიანი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად გარდაიცვალა. უცხოური მედიის ცნობით, მილიონობით ადამიანი სახლში ჩარჩენილია, ხოლო სასწრაფო დახმარების მუშაკები ამ დრომდე მათთან მიღწევას ცდილობენ. ამასთან, ინდოეთსა და ბანგლადეშში სკოლები თავშესაფრებად გადაკეთდა, ხოლო გარესამყაროს მოწყვეტილი ოჯახების ევაკუაციის პროცესში ჯარი ჩაერთო. სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წყალდიდობა რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ბანგლადეშმა, სანქციერებული ტვირთის გამო, პორტში რუსული გემი არ შეუშვა
ბანგლადეშმა აშშ-ს სანქციების გამო არ დაუშვა რუსული გემი Ursa Major, რომელსაც ტვირთი „რუპურის ატომური ელექტროსადგურის“ მშენებლობისთვის გადაჰქონდა. მედიის ცნობით, ბანგლადეშმა შეიტყო, რომ გემი აშშ-ის საბქციების ქვეშ იმყოფებოდა. „გემის პორტში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით იყო მიღებული“. დიპლომატიური წრეების წყაროს ცნობით, რუსეთის ელჩი ალექსანდრე მანტიცკი ბანგლადეშის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვაო დეპარტამენტში დაიბარეს. აღსანიშნავია, რომ „რუპურის ატომური ელექტროსადგური“ დაპროექტებულია და შენდება რუსული პროექტის მიხედვით, რომელიც ორ ენერგობლოკს მოიცავს.
ბანგლადეშის დროებით მთავრობას ნობელის პრემიის ლაურეატი უხელმძღვანელებს
ბანგლადეშის ახალი, დროებითი მთავრობა ხუთშაბათს ფიცს დადებს და გადაყენებული პრემიერ-მინისტრის შეიხ ჰასინას გუნდს ჩაანაცვლებს. დროებით მთავრობას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი უხელმძღვანელებს. 84 წლის მუჰამედ იუნუსი ახალი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად პრეზიდენტმა მუჰამედ შაჰაბუდდინმა შეარჩია. ჰასინას ინდოეთში გაქცევა სტუდენტურმა პროტესტმა აიძულა, რომლის მთავრი მოთხოვნაც სწორედ დროებითი მთავრობის შექმნა იყო. „მოდით, საუკეთესოდ გამოვიყენოთ ჩვენი ახალი გამარჯვება,“ - აღნიშნა მან პარიზში გამგზავრებამდე, სადაც ის სამედიცინო მკურნალობას გადიოდა. „მივმართავ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე. გთხოვთ, თავი შეიკავოთ ყველა სახის ძალადობისგან," განაცხადა იუნუსმა, ეკონომისტმა, რომელსაც 2006 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ბანკის დაარსებისთვის, რომელიც პიონერი იყო მცირე სესხების გაცემით სიღარიბესთან ბრძოლაში. პრეზიდენტმა შაჰაბუდინმა განაცხადა, რომ დროებითმა მთავრობამ უნდა დაძლიოს კრიზისი და გზა გაუხსნას არჩევნებს. იუნუსის ქვეყანაში ჩასვლამდე სასამართლომ გააუქმა მისი ნასამართლობა, იანვარში მას ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იუნუსმა საქმეს "პოლიტიკური" უწოდა. ჰასინას გადადგომამ მთელი ქვეყნის მასშტაბით აღფრთოვანება გამოიწვია. მოქალაქეთა ნაწილი მის ოფიციალური რეზიდენციაშიც შეიჭრა მას შემდეგ, რაც ის გაიქცა. ამით დასრულდა მისი 15-წლიანი მმართველობა. ჰასინა, სახელმწიფოს დამფუძნებლის, მუჯიბურ რაჰმანის ქალიშვილია, რომელიც მამისა და ოჯახის წევრების მკვლელობას 1975 წელს გადაურჩა. ბოლო 30 წლიდან 20 წლის განმავლობაში ბანგლადეშს ის მართავდა. საზოგადოების აღშფოთება ჰასინას წინააღმდეგ ნაწილობრივ ეკონომიკურ სიდუხჭირეს მოჰყვა. პროტესტი, რომელმაც ჰასინა ხელისუფლებიდან და ქვეყნიდან განდევნა, საჯარო სექტორის სამუშაო კვოტებთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას მოჰყვა. კვოტები 1971 წლის ომის ვეტერანთა ოჯახებს ეხებოდა და კრიტიკოსების აზრით, მხოლოდ ხელისუფლების მოკავშირეებისთვის სამუშაო ადგილების დაჯავშნის მცდელობა იყო.