ბანგლადეშის ქალაქ ჩიტაგონგთან მდებარე საწყობში ხანძარსა და ძლიერ აფეთქებას 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ზოგიერთ კონტეინერში ქიმიკატები ინახებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაშია, დამწვრობები სხეულის 60-90%-ს მოიცავს.
„10 მეტრის მოშორებით ვიდექი, როდესაც აფეთქების ტალღამ გადამაგდო. ხელები და ფეხები დამწვა", - განუცხადა სატვირთო მანქანის მძღოლმა ტოფაელ აჰმედმა AFP-ს.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გაისმა და მიმდებარე შენობების მინები ჩაამსხვრია. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაღაზიის მფლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნამსხვრევის ნაწილი ნახევარ კილომეტრზე გაფრინდა და მის აუზში ჩავარდა.
ხანძარი ხშირია ბანგლადეშში. გასულ წელს, სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სამხრეთით, ბორანზე ხანძრის შედეგად. იმავე წლის დასაწყისში, რუპგანჯში, დედაქალაქ დაკის მახლობლად, ქარხანაში ხანძრის შედეგად სულ მცირე 52 ადამიანი დაიღუპა.