თეგი: ბრიტნი გრაინერი
რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ნარკოტიკების შენახვისა და კონტრაბანდაში ბრალდებულ ბრიტნი გრაინერს რუსეთის სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსკოვის ხიმკის საქალაქო სასამართლომ ასევე დააჯარიმა WNBA-ს ვარსკვლავი ერთი მილიონი რუბლით ($16,600). გრაინერის დაცვის მხარე განაჩენს გაასაჩივრებს. 31 წლის გრაინერი თებერვალში მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში მას შემდეგ დააკავეს, რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მის მფლობელობაში კანაფის ზეთი იპოვეს. კალათბურთელი ამტკიცებს, რომ სამედიცინო კანაფი ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენა და რუსეთის კანონის დარღვევის განზრახვა არ ჰქონია. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სერიოზულად არ მიიჩნევს რუსული მხარის პასუხს აშშ-ის წინადადებაზე პატიმრების გაცვლის შესახებ და თვლის, რომ აუცილებელია კეთილსინდისიერი მოლაპარაკება. მას არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმა პასუხში. მანამდე, მედიაში გავრცელებული ცნობებით, აშშ-მ რუსეთს შესთავაზა იარაღით ვაჭრობის გამო მსჯავრდადებული რუსი ბიზნესმენის, ვიქტორ ბუტის გაცვლა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ბრიტნი გრაინერსა და ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეით პოლ უელანზე. უფრო ადრე, CNN-ი იუწყებოდა, რომ გაცვლის გეგმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა.
ჯო ბაიდენი რუსეთს ამერიკელი კალათბურთელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსდა. ბრიტნი გრაინერის პატიმრობა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რაც მსოფლიომ უკვე იცოდა: რუსეთი უსამართლოდ აკავებს ბრიტნის. „ეს მიუღებელია და მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის, რათა ცოლთან, საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა შეძლოს. ჩემი ადმინისტრაცია განაგრძობს დაუღალავად მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლო გზას, რათა ბრიტნი და პოლ უილანი რაც შეიძლება მალე, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლში“, - აღნშნულია ბაიდენის განცხადებაში. ნარკოტიკების შენახვისა და კონტრაბანდაში ბრალდებულ ბრიტნი გრაინერს რუსეთის სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.