თეგი: ბუიარ ოსმანი
ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
10-11 აპრილს, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი ეწვევა. ბუიარ ოსმანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც პრესისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები. ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. ბუიარ ოსმანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
ბუიარ ოსმანი: მოუთმენლად ველი 2023 წლის პრიორიტეტების განხილვას ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი საქართველოს ეწვია, - ამის შესახებ ეუთოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Twitter-ზე დაწერა. „სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს თბილისიდან ვიწყებ. მოუთმენლად ველით 2023 წლის პრიორიტეტების განხილვას ეროვნულ ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეუთო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კოლეგებთან, უსაფრთხოების სამივე განზომილებაში და 2008 წლის კონფლიქტის შედეგებთან გამკლავებაში“, - დაწერა ბუიარ ოსმანმა Twitter-ზე. ბუიარ ოსმანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ოსმანი უახლოეს დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვევა.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მზადაა, კიდევ უფრო გაძლიერდეს მხარდაჭერა ქვეყნის ინსტიტუციური რეფორმების კუთხით
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბუიარ ოსმანისთან რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, როგორც გამოწვევას რეგიონის, ევროპის უსაფრთხოებისათვის და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ეუთოს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მათ შორის, იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ეუთო დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, არსებითი რეფორმების გატარების თვალსაზრისით ახორციელებს, რაც ესოდენ აქტუალურია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის განსაკუთრებით, ახლა, როცა ქვეყანა კანდიდატობის მოლოდინშია. ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა, კიდევ უფრო გაძლიერდეს მხარდაჭერა ქვეყნის ინსტიტუციური რეფორმების კუთხით. ბუიარ ოსმანი: მოუთმენლად ველი 2023 წლის პრიორიტეტების განხილვას ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან