თეგი: გენადი არველაძე

Fit for Partnership-ის პროგრამით გერმანიაში 20-ზე მეტი მეწარმე გაემგზავრება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და გერმანიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუმბერტ ქნირშმა მენეჯერთა საკვალიფიკაციო პროგრამის Fit for Partnership დაწყების თაობაზე თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, სასწავლო პროგრამა Fit for Partnership საქართველოში გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატზე ზემოქმედების ფედერალურ სამინისტროსა (BMWK) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მიერ არის ორგანიზებული და 2016 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარებაზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების კონტექსტში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის ჩათვლით. მასში უკვე 150-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი პროგრამის ფარგლებში კი გერმანიაში 20-ზე მეტი ქართველი მეწარმე გაემგზავრება.როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, გერმანია წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. პროგრამა Fit for Partnership კი ადგილობრივი მეწარმეებისთვის არის შესაძლებლობა, თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე შეიტანონ. ამასთან, პროგრამის წყალობით, ქართულ ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა, გერმანულ კომპანიებთან საქმიანი კავშირები და გრძელვადიანი პარტნიორობა დაამყაროს, გაეცნოს გერმანული ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკებს.„გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა და ასევე, საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება უმნიშვნელოვანესია ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა პროგრამის ფარგლებში, რაც მეტად შეუწყობს ხელს ქართულ და გერმანულ კომპანიებს შორის საქმიანი კავშირების განმტკიცებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.მისივე თქმით, საქართველოს ევროპული სწრაფვისა და ინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩვენი მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია.„წლების განმავლობაში გერმანიას უკავია წამყვანი პოზიცია საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს შორის განვითარების თანამშრომლობის კუთხით და უდიდესი როლი ითამაშა ქვეყნის ინსტიტუციურ მშენებლობაში, რისთვისაც მადლიერები ვართ გერმანიის სახელმწიფოსი“, - განაცხადა გენადი არველაძემ.  

იაპონური კომპანიები ანაკლიის პორტით დაინტერესდნენ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის თქმით, იაპონელი ინვესტორები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით დაინტერესდნენ. ამის შესახებ არველაძემ თბილისიში, ქართულ-იაპონური ბიზნესფორუმზე გამოსვლამდე მედიასთან განაცხადა.  ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტზე, ახალი ტენდერის გამართვის ვადები უცნობია „ჩვენ მათ ვთავაზობთ ლოგისტიკური სფეროს მიმართულებით ინვესტიციებს, მათ შორის ანაკლიის პორტი გახლავთ ერთ-ერთი ინტერესი, რომლითაც კომპანიები არიან დაინტერესებულნი. ასევე არის ენერგეტიკის სფერო, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რითაც იაპონელი ინვესტორები ინტერესდებიან და ჩვენ უკვე გვყავს კომპანია TEPCO, რომელიც უკვე მონაწილეობს როგორც ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოში ენერგეტიკის სფეროში,”- განაცხადა გენადი არველაძემ. ამასთან, გენადი არველაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის დიდი ინტერესია, მოიზიდოს მეტი იაპონური კომპანია და  იაპონური ინვესტიციები საქართველოში. მისივე თქმით, 1997 წლიდან დღემდე იაპონიიდან 254.5 მლნ. აშშ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 2022 წლის მეორე კვარტალში იაპონიიდან რეკორდულად მაღალი - 42 მლნ. დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში იაპონიასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39%-ით გაიზარდა და 220 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. „ამ მხრივ, მინდა, ხაზი გავუსვა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმების ძალაში შესვლის მნიშვნელობას. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტურად განვითარებას და საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს“, - განაცხადა გენადი არველაძემ.  თბილისში მიმდინარე წარმომადგენლობითი ქართულ - იაპონური ბიზნესფორუმის მუშაობაში 30 იაპონური კომპანია მონაწილეობს. ფორუმი საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით და JTI მხარდაჭერით ტარდება.

საქართველო და კორეა საინვესტიციო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ

28-30 ნოემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სამუშაო ვიზიტით კორეის რესპუბლიკას ეწვევა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვა კორეასთან ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის დაცვას და სტიმულს მისცემს კორეული ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში და პირიქით. მხარეებს შორის პირველადი კონსულტაციები საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით სეულში 2019 წლის დეკემბერში, ხოლო პირველი ოფიციალური რაუნდი 2021 წლის 24-25 ივნისს გაიმართა. საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.

ეკომომიკის მინისტრის მოადგილე აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, შეხვედრა გამართა აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწესთან აარუნ ვენკატარამანთან. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას. მისი თქმით, ორი ქვეყნის სავაჭრო ბალანსი დადებითი დინამიკით ხასიათდება, ხოლო აშშ-ს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოთა შორის მე-7 ადგილი უკავია. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში კომერციის დეპარტამენტის მიერ „სერტიფიცირებული სავაჭრო მისიის" დაგეგმილ ვიზიტზე, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში შედგება. გენადი არველაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ამერიკულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობზე და სახელმწიფო პროექტებზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ასევე ლოგისტიკის განვითარების მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შესაძლო პარტნიორების მოძიების მიზნით. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ მჭიდრო კოორდინაციას პარტნიორებთან. „ამერიკულმა მხარემ ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პოზიტიურად შეაფასა. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე ვაჭრობის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორებში,“ - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.   

სახელწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჰეიდი გომესს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული პარტნიორობის მომავალში კიდევ უფრო განვითარების პოტენციალზე, განსაკუთრებით ეკონომიკის ისეთ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ რთულ მდგომარეობას, რომელიც საქართველოზეც აისახება. აღინიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაიზარდა საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით დგამს, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ისეთი სტრატეგიული პროექტების განვითარების მნიშვნელობაზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვა. ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე ასევე მაღალი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხი, რომლის განხორციელების შემდეგაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება. ხაზი გაესვა აღინიშნული პროექტის სტრატეგიულობას საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით. ასევე ითქვა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან პირდაპირი კავშირი ჰქონდეს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო - აშშ - ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) მორიგი შეხვედრის ახლო მომავალში გამართვის საკითხი. გენადი არველაძემ ჰეიდი გომესი პირადად მოიწვია თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც წელს მეოთხედ გაიმართება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე აშშ - ის, საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხრიდან მაღალ დონეზე მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი იქნებოდა. ეკომომიკის მინისტრის მოადგილე აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს შეხვდა