აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჰეიდი გომესს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული პარტნიორობის მომავალში კიდევ უფრო განვითარების პოტენციალზე, განსაკუთრებით ეკონომიკის ისეთ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ რთულ მდგომარეობას, რომელიც საქართველოზეც აისახება. აღინიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაიზარდა საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა.
- მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით დგამს, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ისეთი სტრატეგიული პროექტების განვითარების მნიშვნელობაზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვა.
ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე ასევე მაღალი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხი, რომლის განხორციელების შემდეგაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება.
ხაზი გაესვა აღინიშნული პროექტის სტრატეგიულობას საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით. ასევე ითქვა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან პირდაპირი კავშირი ჰქონდეს.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო - აშშ - ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) მორიგი შეხვედრის ახლო მომავალში გამართვის საკითხი. გენადი არველაძემ ჰეიდი გომესი პირადად მოიწვია თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც წელს მეოთხედ გაიმართება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე აშშ - ის, საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხრიდან მაღალ დონეზე მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი იქნებოდა.