ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის თქმით, იაპონელი ინვესტორები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით დაინტერესდნენ. ამის შესახებ არველაძემ თბილისიში, ქართულ-იაპონური ბიზნესფორუმზე გამოსვლამდე მედიასთან განაცხადა.
„ჩვენ მათ ვთავაზობთ ლოგისტიკური სფეროს მიმართულებით ინვესტიციებს, მათ შორის ანაკლიის პორტი გახლავთ ერთ-ერთი ინტერესი, რომლითაც კომპანიები არიან დაინტერესებულნი.
ასევე არის ენერგეტიკის სფერო, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რითაც იაპონელი ინვესტორები ინტერესდებიან და ჩვენ უკვე გვყავს კომპანია TEPCO, რომელიც უკვე მონაწილეობს როგორც ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოში ენერგეტიკის სფეროში,”- განაცხადა გენადი არველაძემ.
ამასთან, გენადი არველაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის დიდი ინტერესია, მოიზიდოს მეტი იაპონური კომპანია და იაპონური ინვესტიციები საქართველოში.
მისივე თქმით, 1997 წლიდან დღემდე იაპონიიდან 254.5 მლნ. აშშ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 2022 წლის მეორე კვარტალში იაპონიიდან რეკორდულად მაღალი - 42 მლნ. დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში იაპონიასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39%-ით გაიზარდა და 220 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
„ამ მხრივ, მინდა, ხაზი გავუსვა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმების ძალაში შესვლის მნიშვნელობას. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტურად განვითარებას და საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
თბილისში მიმდინარე წარმომადგენლობითი ქართულ - იაპონური ბიზნესფორუმის მუშაობაში 30 იაპონური კომპანია მონაწილეობს. ფორუმი საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით და JTI მხარდაჭერით ტარდება.