თეგი: გენერალური პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 26 ივლისს, N17 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა ი.ჩ-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ამავე დაწესებულების პატიმარ შ.ა.-ზე ფიზიკურად იძალადა. „ძალადობის შედეგად დაზარალებულმა თავის არეში მიიღო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, გარდაიცვალა. პროკურატურამ პატიმარს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურამ ვაკის პარკის „შადრევნის საქმეზე“ 9 პირს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ ვაკის პარკის „შადრევნის საქმეზე“ 9 პირს ბრალი წარუდგინა. შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგზე გააკეთდა. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა „გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალდება წარედგინათ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, შპს ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელს და ერთ თანამშრომელს, შპს ,,გრინსერვისი +“-ის ქვეკონრაქტორი ფირმის - ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს, ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს და შპს ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა ორი დანაშაულებრივი ეპიზოდი. პირველი: 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2022 წლის 26 აგვისტოს, მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა ცენტრალურ შადრევანზე შესრულებული სამუშაოები. აღნიშნულის შემდგომ, 2022 წლის სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერს სიტყვიერად მოსთხოვა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დამატებით ჩაეტარებინათ გარკვეული სამუშაოები, კერძოდ უჟანგავი თეთრი ფერის თუნუქის მასალით შეეფუთათ ელექტრო ძრავზე დაერთებული შავი ფერის წყლის მილები. ,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, რომლის მითითებითაც აღნიშნული სამუშაო ქვეკონტრაქტორი ფირმის ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს შეუკვეთეს. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, სამუშაოს შესრულება ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს დაავალა. სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი კი, ,,გრინსერვისი+“-ის სამუშაოთა მწარმოებელს უნდა განეხორციელებინა. 22 სექტემბერს, დილის საათებში, ზემოხსენებული ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება. სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. აღნიშნულის გამო, დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა. „გრინ სერვის+"-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე. თავის მხრივ, „გრინ სერვის +"-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო. ხოლო, „გრინ სერვის +"-ის სამუშაოთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას. აღნიშნულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტრო სადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული დენისგან ელექტრო ტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტრო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მომხდარის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები. აღნიშნულ ეპიზოდზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "გრინსერვისი+“-ის დირექტორს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), "გრინსერვისი+“-ის საქმის მწარმოებელს და „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით, მეორე ეპიზოდზე დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, შემსრულებელი ვალდებული იყო წარედგინა ფორმა N2 და ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოების და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებთან და პროექტთან შესაბამისობაზე და ხარისხზე. 2022 წლის აგვისტოში, ,,გრინსერვის+“-მა შეასრულა შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი და შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ხელშეკრულება შპს ,,მშენ-ექსპერტთან“ გააფორმა. ,,მშენ-ექსპერტი“-ს ინსპექტორმა და ტექნიკურმა მენეჯერმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ. აღნიშნულის შემდეგ, "მშენ - ექსპერტი"-ს ინსპექტორმა და ტექნიკურმა მენეჯერმა მოამზადეს დასკვნის პროექტი და 19 აგვისტოს გადაუგზავნეს ,,გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს. ეს უკანასკნელი იმავე დღეს, მივიდა შპს ,,მშენ-ექსპერტი“-ს ოფისში და აღნიშნული კომპანიის ინსპექტორი და ტექნიკური მენეჯერი დაითანხმა, რომ მათ დასკვნაში შეეტანათ ყალბი მონაცემი, თითქოს შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, სანაცვლოდ კი დაპირდა, რომ მათ კომპანიასთან საქმიან ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებდნენ. 25 აგვისტოს, ,,მშენ-ექსპერტი“-ს ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში შეიტანეს ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოსდა შეისწავლეს და დაადგინეს შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დოკუმენტი ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა. აღნიშნულ ეპიზოდზე, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება "გრინსერვისი+“-ის დირექტორს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება); "გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს - 25,362 მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება), ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ამავე კომპანიის ინსპექტორს - 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება, გასაღება) წარუდგინა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოკითხული არიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ნივთიერი მტკიცებულებები, გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური ტრასოლოგიური, სამშენებლო ტექნიკური, ტექნოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზები, რომლებმაც პასუხი უნდა გასცეს, შეესაბამებოდა თუ არა შედგენილი პროექტი და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების ნორმებს. ამდენად, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა ყველა პირი, ვის მიერაც დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურდება. გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც დამატებით გამოიკვეთება დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დაუყოვნებლივ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. პროკურატურა ცხრავე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
უკრაინაში დაადასტურეს, რომ გენპროკურორის მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლებულია
ოლექსი სიმონენკო უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური იტყობინება. მისივე თანახმად, სიმონენკოს განცხადებას პროკურორმა ხელი უკვე მოაწერა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა უკრაინული მედია იუწყება, რომ საომარი მოქმედებების ფონზე, 2022 წლის ბოლოს, სიმონენკო შვებულების დროს ესპანეთში გაემგზავრა. სიმონენკო გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე 2020 წლის 27 მარტიდან იყო. ზელენსკიმ საჯარო მოხელეებს საზღვარგარეთ შვებულების გატარება აუკრძალა და საკადრო ცვლილებები დააანონსა
ირაკლი შოთაძე: მივიღე გადაწყვეტილება, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გენერალური პროკურორის თანამდებობა დავტოვო
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. შოთაძის განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. მისი თქმით, ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით უწევს. როგორც შოთაძემ აღნიშნა, მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე თქმით, პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა. "მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით. მეხუთე წელი მიდის, რაც საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა მიკავია, ხოლო ზოგადად საჯარო სამსახურში 2005 წლიდან ვმუშაობ. ჩემთვის უდიდესი პატივია ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ვამაყობ იმ წვლილით, რაც ჩემს კოლეგებთან ერთად ამ წლების განმავლობაში შევიტანეთ პროკურატურის რეფორმირებასა და განვითარებაში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმების კუთხით პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გაძლიერება, რის შედეგადაც საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან გარდაიქმნა დამოუკიდებელ ინსტიტუციად. შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელიც ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატებს, ასევე იბარებს გენერალური პროკურორის საქმიანობის ანგარიშს. ეს ანგარიშები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამდენად ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს დეტალური ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია ინსტიტუციის გამჭვირვალობის კუთხით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული რეფორმები, კონკრეტულად კი პროკურორების და გამომძიებლების სპეციალიზაცია. სწორედ სპეციალიზაცია გახდა მნიშვნელოვანი წარმატების წინაპირობა მთელი რიგი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლაში, მაგალითად ტრანსნაციონალური დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ქალთა მიმართ და სექსუალური ძალადობის, ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულის და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს ხელშესახები შედეგები, რასაც მოწმობს ევროჯასტის ფარგლებში, სხვადასხვა ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად თბილისში ჩატარებული არაერთი წარმატებული ოპერაცია, რაც არაერთხელ გახდა ევროჯასტის მხრიდან განსაკუთრებული აღნიშვნის და შექების საგანი. რა თქმა უნდა, ეს შედეგები და მიღწევები რომლებზეც კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო და რომლებიც დეტალურად არის ასახული ჩემს ანგარიშებში არ იქნებოდა, რომ არა პროკურატურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და ყოველდღიური თავდადება. დიდი მადლობა მათ ამ მონდომებისთვის, გვერდში დგომისთვის. მადლობა ჩემს კოლეგებს არაერთი წარმატებული პროექტისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას პროკურატურის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის,” - ნათქვამია განცხადებაში.