საქართველოს პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 26 ივლისს, N17 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა ი.ჩ-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ამავე დაწესებულების პატიმარ შ.ა.-ზე ფიზიკურად იძალადა.
„ძალადობის შედეგად დაზარალებულმა თავის არეში მიიღო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, გარდაიცვალა. პროკურატურამ პატიმარს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.