თეგი: გიორგი ვოლსკი
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოშია
საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ეწვია. მუსტაფა შენთოფს აეროპორტში საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია დახვდნენ. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში თურქეთის დელეგაციასთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, შალვა პაპუაშვილი და მუსტაფა შენთოფი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე მოაწერენ ხელს და ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
ვოლსკი ხუნდაძის განცხადებაზე: ეს არ არის პარტიის ოფიციალური პოზიცია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ დიმიტრი ხუნდაძის განცხადება „ქართული ოცნების“ ოფიციალური პოზიცია არაა. დიმიტრი ხუნდაძე: თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას, სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ მანამდე ხუნდაძემ განაცხადა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას. „არავითარი ვნებათაღელვა ამ განცხადებამ არ გამოიწვია. საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება, რომ უსამართლოა რეზოლუცია, რომელიც იყო მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით და აბსოლუტურად შეუსაბამოა მასში ასახული ფაქტობრივი მონაცემები. მე ვფიქრობ, ხუნდაძემ ამაზე გარკვეული მოსაზრებები გააჟღერა, თუმცა ეს არ არის პარტიის და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ გადაწყვეტილებას ველოდებით, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა მიიღებს. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება დღეს მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული, ანუ საქართველოს ექნება პოლიტიკური მხარდაჭერა და წევრობის კანდიდატი გახდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გიორგი ვოლსკი სამი დეპუტატის მიერ„ქართული ოცნების“ დატოვებაზე: მეგობრობა მუდმივია და არ მგონია, ამ ასპექტში რამემ დაგვაცილოს, მაგრამ საკითხს არც ისე უპოლემიკოდ ჩაუვლია
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს მმართველი პარტიიდან წასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა, რომ თემებზე, რაზეც ყაველაშვილი, ხუნდაძე და სუბარი საუბრობენ, კიდევ მიმდინარეობს პოლემიკა. „დიდი მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების და მეგობრების. მეგობრობა მუდმივია და არ მგონია, ამ ასპექტში რამემ დაგვაცილოს ერთმანეთს, მაგრამ ამ საკითხს არც ისე უპოლემიკოდ ჩაუვლია. ჯერჯერობით, ამ საკითხზე სრული კომენტარი არ მაქვს, რა არის ისეთი საკითხები, მაგრამ მე შემიძლია, თქვენთან ერთად გავაანალიზო, რამდენად ეფექტური იყო საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და შემდეგ მოგიყვეთ, რა საკითხმა გამოიწვია ჩვენ შორის რაღაც აზრთა სხვადასხვაობა, ჯერჯერობით, ასე დავარქმევ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას კიდევ აქვს შესასრულებელი ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების გეგმაშია გაწერილი და კონფრონტაციის იმ ხარისხმა, რომელიც შეიძლება, ამ საკითხებზე საუბარმა გამოიწვიოს, შესაძლოა, არ მოახდინოს პოზიტიური გავლენა იმ პროცესზე, საიდანაც ქვეყანა 2012 წლიდან ასეთი ინტენსივობით მიისწრაფის. შეგახსენებთ, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ. ეს ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ გაახმაურა. ინფორმაციისთვის, სოზარ სუბარი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარეა; დიმიტრი ხუნდაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ ყაველაშვილი კი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე. მათ მიერ მმართველი გუნდის დატოვების შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებაში" 81 დეპუტატი რჩება. კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.
გიორგი ვოლსკის თქმით, კარგი იქნებოდა, დემარშით ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სააკაშვილის გარემოცვას მიმართონ
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „კარგი იქნებოდა, დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას - მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ“. „როგორი ფორმით წარმოუდგენია - ხელისუფლებამ, მთავრობამ, იუსტიციის მინისტრმა, რა ფორმით შეიძლება, მიმართოს და რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს სასამართლოზე, როცა სასამართლო ფაქტობრივ ვითარებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, კიდევ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო, ვინაიდან, პოზიცია, რომელიც გააჩნია სასამართლოს, ვფიქრობთ, რომ არის ობიექტური, სამართლიანი, სწორი. კარგი იქნებოდა, ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა ვინც ამ საკითხში ერკვევა, მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას, მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ. ეს არის რეალობა და ამ რეალობას, ალბათ, სერიოზული განხილვა უნდა დაუპირისპიროს იგივე ევროკავშირმა, მისმა წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა და ვითარება რეალურად შეაფასონ", - განაცხადა ვოლსკიმ მედიასთან. „„ევროკავშირის დემარში, მე ტექსტს არ ვიცნობ, მაგრამ გარკვეული უსამართლობის ელემენტებს მოიცავს, რაზეც საუბარი უნდა გაგრძელდეს", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. საქართველოში ევროკავშირის ელჩიმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება.
გიორგი ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდის გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრის კანდიდატზეც იყო საუბარი
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრის კანდიდატზეც იყო საუბარი. მისივე თქმით, „სამუშაო შეხვედრაზე ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით იყო საუბარი“. „გუშინდელ შეხვედრაზე ნებისმიერ მიმდინარე თემებზე გვქონდა საუბარი. პოლიტიკური პროცესების გარდა, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, სოციალური საკითხები - მთის კანონთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე, ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის კანდიდატზე საუბარი იყო, მე არაფერს არ ვადასტურებ სანამ ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრი განცხადებას არ გააკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ. მან დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითვასაც უპასუხა. როგორც ცნობილია, სერგეენკო გუშინდელ შეხვედრას არ ესწრებოდა. „დარწმუნებული ვარ, რომ დავით სერგეენკო პარტიას არ დატოვებს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დავით სერგეენკო, რომელიც ამ პარტიის მშენებლობაში მონაწილეობდა, არანაირ პოლიტიკურ გამიჯვნას არ გააკეთებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის პარლამენტთან მიმართებით, იქნება თუ არ იქნება, წავა თუ არ წავა, ეს მასზეა დამოკიდებული. მე ვერ ვხედავ ამაში ისეთ თემას, რომელიც შეიძლება ამ ქვეყნის დასაზიანებლად გამოყენებული იყოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 18 მარტს საპარლამენტო უმრავლესობამ და საქართველოს მთავრობის წევრებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს. პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გარდა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებს შეეხო. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
ვოლსკი: ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე
ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე, - ამის შესახებ გადაცემაში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საუბრისას აღნიშნა. „საზოგადოების დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებაში იმავეს ხედავს და არანაირი ევროპული პერსპექტივაზე ზრუნვა ამ გადაწყვეტილებაში არ იგრძნობა. უდიდესი სინანულით ვასუბრობ სალომე ზურაბიშვილზე, არა იმიტომ რომ დიდი ენერგია დაიხარჯა მისი პრეზიდენტად არჩევისთვის, არამედ ადამიანი, იმ მონაცემებით, რომელიც მას ჰქონდა თუნდაც განათლების, განვლილი პოლიტიკური გზის, თუნდაც ის, რომ, არის იმ ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ გადაიხვეწა და უცებ რა მივიღეთ?! მივიღეთ ის, რაც ვიხილეთ - 26 მაისს, ვეტოებით“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. „ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ვინაიდან ზუსტად ვიცით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2“ იყო მიტაცებული ძალით და ყველაზე ყაჩაღური მეთოდით“, - განაცხადა ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.
ვოლსკი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: ეს ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იმ „შეთანხმების“ რატიფიცირება, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ოკუპანტ ძალასთან ჰქონდა, თავად აფხაზეთის საზოგადოებაში ძალიან სერიოზული განხილვის საგანია, ამას უკვე განხილვა არ ჰქვია, ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი მოვლენებს აკვირდება და განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება. „ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით და ამ თემაზე განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება,“ – განაცხადა ვოლსკიმ. სამხარაძე ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას
„არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და მით უმეტეს, არც ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია“ - ვოლსკი ხიდაშელთან შეხვედრაზე
დავით ხიდაშელს არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და მით უმეტეს, არც ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ვიდეოს, რომლის თანახმად, ის დავით ხიდაშელს შეხვდა. მისივე თქმით, „ბევრი რამ განაპირობა თვითონ დავით ხიდაშელის მიმართ დამოკიდებულებამ, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც ამხილა ის, რომ "მიხეილ სააკაშვილმა ტერიტორიები გაასხვისა და რუკები ჩამოიტანა არქივიდან." „დავით ხიდაშელმა დამირეკა, მე მას არ ვიცნობდი, საინტერესო მოსაზრებები მაქვს აფხაზეთთან დაკავშირებითო. ეს ვიდეო რომ გავრცელდა, ვერ მივხვდი ამ „ტაშფანდურის“ მიზეზი რა იყო, თუმცა ვიტყვი, რომ ძალიან ხმამაღლა საუბრობდნენ კაფეში ისე, რომ მიმტანს და ყველა იქ მჯდომ ადამიანს ესმოდა. შემდეგ მივხვდი, რომ თურმე „დროას“ ხალხია, რომლებსაც ყოველდღე უნდა შეახსენო, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას და მგონი ეს სიხარული და „ტაშფანდური“ იმით იყო გამოწვეული, რომ დავით ხიდაშელს შევხვდი. გულახდილად გეუბნებით, ხიდაშელს არანაირად არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და არც მითუმეტეს ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია. საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ 2011 წელს „ნაცმოძრაობის” პერიოდში იყო რუსეთთან შეთანხმება და შვეიცარიასთან საერთაშორისო მონაწილეობით, მათ შორის საქართველომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობის მწვანე შუქი აუნთო რუსეთს და თუ შესაძლებელია, რომ ეს სატრანზიტო მოძრაობა ამ შვეიცარიის მხარის ჩართულობით აღდგეს იმ შეთანხმებით, რომელიც 2011 წელს „ნაცმოძრაობამ” გააფორმა რუსეთთან. მაგრამ ჩემი დიდი პასუხები არც დასჭირვებია, თავადვე კარგად ესმის და თავისი პოზიციაც გამოხატა, რომ დღევანდელ ვითარებაში, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა და ახდენს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციას, რაიმე მოლაპარაკება, საერთაშორისო მონაწილეობით მითუმეტეს რუსეთთან, პრაქტიკულად არა შეუძლებელია, არამედ გამორიცხულია, ამას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს თვითონაც კარგად ესმის. მაგრამ, მაინც აქ ბევრი რამ განაპირობა თვითონ დავით ხიდაშელის მიმართ დამოკიდებულებამ. გახსოვთ, რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც ამხილა ამათი ბელადი, ის, რომ სააკაშვილმა ტერიტორიები გაასხვისა, რუკები ჩამოიტანა არქივიდან. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს მიზეზი, რომ „დროა” ფინანსდება რუსული ბიუჯეტიდან, რომ დავით ხიდაშელი მათ პირად მტერს წარმოადგენს, ასეთ შემთხვევაში მათ ბელადს უპირისპირდება, ეს იყო განმაპირობებელი ამ აჟიოტაჟის, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია,” - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.