გიორგი ვოლსკი სამი დეპუტატის მიერ„ქართული ოცნების“ დატოვებაზე: მეგობრობა მუდმივია და არ მგონია, ამ ასპექტში რამემ დაგვაცილოს, მაგრამ საკითხს არც ისე უპოლემიკოდ ჩაუვლია

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს მმართველი პარტიიდან წასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა, რომ თემებზე, რაზეც ყაველაშვილი, ხუნდაძე და სუბარი საუბრობენ, კიდევ მიმდინარეობს პოლემიკა.

„დიდი მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების და მეგობრების. მეგობრობა მუდმივია და არ მგონია, ამ ასპექტში რამემ დაგვაცილოს ერთმანეთს, მაგრამ ამ საკითხს არც ისე უპოლემიკოდ ჩაუვლია. ჯერჯერობით, ამ საკითხზე სრული კომენტარი არ მაქვს, რა არის ისეთი საკითხები, მაგრამ მე შემიძლია, თქვენთან ერთად გავაანალიზო, რამდენად ეფექტური იყო საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და შემდეგ მოგიყვეთ, რა საკითხმა გამოიწვია ჩვენ შორის რაღაც აზრთა სხვადასხვაობა, ჯერჯერობით, ასე დავარქმევ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას კიდევ აქვს შესასრულებელი ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების გეგმაშია გაწერილი და კონფრონტაციის იმ ხარისხმა, რომელიც შეიძლება, ამ საკითხებზე საუბარმა გამოიწვიოს, შესაძლოა, არ მოახდინოს პოზიტიური გავლენა იმ პროცესზე, საიდანაც ქვეყანა 2012 წლიდან ასეთი ინტენსივობით მიისწრაფის.

შეგახსენებთ, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ. ეს ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ გაახმაურა.

ინფორმაციისთვის, სოზარ სუბარი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარეა; დიმიტრი ხუნდაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ ყაველაშვილი კი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე.

მათ მიერ მმართველი გუნდის დატოვების შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებაში" 81 დეპუტატი რჩება. კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.