თეგი: გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩიეს
პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ორი წევრი აირჩია. პირველადი კენჭისყრით, ცესკოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე წარმოდგენილმა ორმა კანდიდატმა: თენგიზ თევზაძემ და გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი (100) ხმა ვერ მიიღო. კანონმდებლობის შესაბამისად, განმეორებით კენჭისყრაზე 84 ხმით, 2-ის წინააღმდეგ პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, 6 თვის ვადით, გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. რაც შეეხება ცესკოს პროფესიული წევრების არჩევას - 2 ვაკანტურ თანამდებობაზე დეპუტატებმა კენჭი ოთხ კანდიდატს - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძეს, მაია ზარიძეს და გია ცაცაშვილს უყარეს. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის მსგავსად, აქაც ვერც ერთმა კანდიდატურამ პირველადი კენჭისყრით ხმათა 2/3 ვერ მოაგროვა. განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებად 79 ხმით, 2-ის წინააღმდე - მაია ზარიძე და 77 ხმით, 2-ის წინააღმდეგ გია ცაცაშვილი, ასევე 6 თვით აირჩიეს.
გიორგი კალანდარიშვილი: ნებისმიერ არჩევნებს ახლავს გარკვეული ხარვეზები, თუმცა ასეთი შემთხვევები იყო უმნიშვნელო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის დღე კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა. მისივე თქმით, ნებისმიერ არჩევნებს გარკვეული ხარვეზები ახლავს, თუმცა აღნიშნულ არჩევნებზე ასეთი შემთხვევები უმნიშვნელო იყო და შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. „მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ვინც მოვიდა საარჩევნო უბნებზე და გამოხატა თავისი ნება. ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, ვინც არ დაიშურა ძალისხმევა საარჩევნო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ასევე ყველა ჩართულ მხარეს - საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, მედიას, რომლის ჩართულობამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები გამართულიყო. უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრის დღე წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. სრულად იყო უზრუნველყოფილი დამკვირვებლებისა და მედიის მუშაობის თავისუფლება კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ნებისმიერ არჩევნებს, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ყოველთვის ახლავს გარკვეული ხარვეზები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შემთხვევები იყო უმნიშვნელო და შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. არის საჩივრებიც, რომელთა განხილვაც დროულად, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურებით მოხდება შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ. შევჩერდები ტექნოლოგიურ სიახლეებზე. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში კენჭისყრის პროცესი გაიმართა საპილოტე რეჟიმში, ვერიფიკაციისა და ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად შეისწავლის პროცესის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს და შედეგებს აუცილებლად გააცნობს საზოგადოებას. თუმცა, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა წარმატებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა მოწონება დაიმსახურა ამომრჩევლების მხრიდან. ის მცირე ხარვეზები კი, რაც მაგალითისთვის მოყვა ამ სიახლეების გამოყენებას, ჩვენი მხრიდან თავიდანვე იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, ხელი არ შეუშლია ხმის მიცემის პროცესის მსვლელობისათვის. საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც ეს იყო უდიდესი გამოცდილება და რა თქმა უნდა ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ელექტრონული საშუალებების დანერგვის შესაძლებლობების შესწავლას. ეს არის პროცესი, რომელსაც შეუძლია ეტაპობრივად მიგვიყვანოს ტექნოლოგიური საშუალებების ფართომასშტაბიანი გამოყენების შესახებ გარკვეულ საკანონმდებლო გადაწყვეტამდე", - განაცხადა კალანდარიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ცესკოს წინასწარი მონაცემებით ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% მიიღო, „ენმ“-ს კანდიდატმა – 31%
გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია, 2024 წლისთვის ტექნოლოგიური ინტერვენციის მეშვეობით ადმინისტრირება 1 200-მდე უბანზე უზრუნველყოს
ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თუ 2024 წლისთვის შესაბამისი მზაობა და ფინანსები იქნება, საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია, დაახლოებით 1200 საარჩევნო უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიები დანერგოს. ამის შესახებ კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, დღეს სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე გაკეთდა. „საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს, რათა ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ რაც შეიძლება მეტი პილოტირება განვახორციელოთ, რომ 2024 წელს ადმინისტრაცია უფრო მეტად მომზადებული და კვალიფიციური შეხვდეს ტექნოლოგიების გამოყენების მასშტაბების შესაძლო ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ განვლილმა პილოტირებამ აჩვენა და წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სამივე საარჩევნო უბანზე მოვახდენთ ორივე ტიპის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას, რაც იმის ხმამაღლა თქმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიების გამოყენებას დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან მას შეუძლია, მნიშვნელოვნად გადააზღვეიოს ყველა ის საკითხი, რაშიც გარკვეული წუხილები სხვადასხვა არჩევნებზე ისმოდა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
გიორგი კალანდარიშვილი: ცესკოს თავმჯდომარედ თუ არცერთი წარდგენილი კანდიდატი არ იქნება არჩეული, კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ
"ცესკოს თავმჯდომარედ თუ არც ერთი წარდგენილი კანდიდატი არ იქნება არჩეული, კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ", - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. “ამ ინსტიტუტის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ კანდიდატს, შესაძლოა, ფართო პოლიტიკური კონსენსუსი არ ჰქონოდა იმ ფონზე, როდესაც საუბარი იყო ასევე, ჩემს პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე, რა თქმა უნდა, ლოგიკური არაა, გამომდინარე იქიდან, რომ კონსენსუსის საკითხი წყდება საკანონმდებლო ორგანოში. ბოლო ორი კონკურსის პირობებში მხარდამჭერთა მზარდი დინამიკის ფონზე სწორი იქნებოდა, კვლავ მქონოდა ამის შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოში. ეს შესაძლებლობა, სამწუხაროდ, არ მომეცა. ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონკურსი, საკომიტეტო მოსმენები და სესიაზე კენჭისყრა უნდა გაიმართოს. ბუნებრივია, სანამ კონკრეტული რეზულტატი არ იქნება, სწორი არაა რაიმე შეფასების გაკეთება. თუ კონკურსი იმგვარად დასრულდა, რომ არცერთი კანდიდატი არ იქნება არჩეული, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, პრეზიდენტის მხრიდან შესაბამის განცხადებას და ამ გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
პარლამენტმა 85 ხმით 16-ის წინააღმდეგ, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადით, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. ამავე ვადით ცესკოს სამი წევრი - მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი დაამტკიცეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ წარდგენილ კანდიდატურებს “ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრების გარდა, პოლიტიკური ჯგუფების - “გირჩი“ და “ევროპელი სოციალისტები“ მხარდაჭერაც ჰქონდათ, თუმცა იმის გამო, რომ გასულ სასესიო კვირას რამდენიმე დეპუტატი მივლინებაში იყო, მათი 3/5-იანი კვორუმით არჩევა ვერ მოხერხდა. მმართველი გუნდის ინიციატივით, “საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრობის კანდიდატები პარლამენტში შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია, ხოლო კანდიდატურები პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა, ნაცვლად პრეზიდენტისა, როგორც ეს საკანონმდებლო ცვლილებებამდე ხდებოდა. 2021 წლის აგვისტოსა და 2022 წლის თებერვალში გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ექვს-ექვს თვიანი ვადით აირჩიეს, რადგან თანამდებობის 5-წლიანი ვადით დასაკავებლად მას პარლამენტის ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობა მხარს არ უჭერდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა მესამედ ასარჩევად აღარ წარუდგინა. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა და ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი შეცვალა.