გიორგი კალანდარიშვილი: ცესკოს თავმჯდომარედ თუ არცერთი წარდგენილი კანდიდატი არ იქნება არჩეული, კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ

"ცესკოს თავმჯდომარედ თუ არც ერთი წარდგენილი კანდიდატი არ იქნება არჩეული, კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ", - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

“ამ ინსტიტუტის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ კანდიდატს, შესაძლოა, ფართო პოლიტიკური კონსენსუსი არ ჰქონოდა იმ ფონზე, როდესაც საუბარი იყო ასევე, ჩემს პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე, რა თქმა უნდა, ლოგიკური არაა, გამომდინარე იქიდან, რომ კონსენსუსის საკითხი წყდება საკანონმდებლო ორგანოში. ბოლო ორი კონკურსის პირობებში მხარდამჭერთა მზარდი დინამიკის ფონზე სწორი იქნებოდა, კვლავ მქონოდა ამის შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოში. ეს შესაძლებლობა, სამწუხაროდ, არ მომეცა. ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონკურსი, საკომიტეტო მოსმენები და სესიაზე კენჭისყრა უნდა გაიმართოს. ბუნებრივია, სანამ კონკრეტული რეზულტატი არ იქნება, სწორი არაა რაიმე შეფასების გაკეთება.

თუ კონკურსი იმგვარად დასრულდა, რომ არცერთი კანდიდატი არ იქნება არჩეული, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, პრეზიდენტის მხრიდან შესაბამის განცხადებას და ამ გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.