თეგი: გოჩა ჯავახიშვილი

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა, ემანუელ მაკრონს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, იუნესკო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა ემანუელ მაკრონს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „2023 წლის 13 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, იუნესკო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.  

საფრანგეთში საქართველოს ელჩი: ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს, სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული გეოგრაფიული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. „ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია, არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული და იდენტობა. ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი. წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. ეს მისია მაქვს განსაზღვრული და ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე.  

გამიხარდებოდა, პრეზიდენტი ამბასადორიალზე რომ მენახა - საფრანგეთში საქართველოს ელჩი

საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, კანდიდატის სტატუსის მიღება არის ყველას შედეგი და ყველას ეკუთვნის მადლობა. „ეს შედეგი [კანდიდატის სტატუსის მიღება] არის ყველას შედეგი და პრემიერმაც ყველას გადაუხადა მადლობა. მეც მიმაჩნია, რომ ყველას ეკუთვნის მადლობა, ვინც გუშინ, დღეს ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი წინაპრების დაწყებული ეს მიზანი მისულიყო ბოლომდე. მე ვფიქრობ, ყველამ თავისი პოზიტიური როლი ითამაშა ამაში. მე გამიხარდებოდა, რომ აქ მენახა [პრეზიდენტი], მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი,” — განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა. რატომ არ მიიწვის პრეზიდენტი ამბასადორიალზე — მინისტრის განმარტება  

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩის თანამდებობას ტოვებს. დიპლომატის თქმით, უკვე მიმართა ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შეუწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება. „ჩემი დუმილით გამოწვეული ეჭვი, რომ გავფანტო საქართველოს ევროპულ მომავალზე ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ევროპის დღესასწაულზე სიტყვა-სიტყვით გავიმეორებ, რაც შარშან იმ რთულ დღეებში გულწრფელად ვთქვი და დღესაც აქტუალური მგონია: „ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები, არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია. არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული იდენტობა. ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი. წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული დარჩება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. დღემდე მთელი შეგნებით და გულწრფელობით ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე.“ 30 წელია, ვმსახურობ ქართულ დიპლომატიაში, ათი წელი ვასწავლიდი ევროპულ ინტეგრაციას. მეც მჯერა და სტუდენტებსაც ვარწმუნებდი, რომ ევროპული კულტურისა და მომავლის ქვეყანა ვართ. ევროპაა ჩვენი ადგილი. ვარწმუნებდი, რომ ევროპას ჩვენ სტერილური ერი კი არ ვჭირდებით, არამედ ჩვენი თავისებურებებით, ჩვენი უნიკალური ენით, ანბანითა და პოლიფონიით, ჩვენი მდიდარი ტრადიციებითა და უძველესი კულტურით, ჩვენი ხიბლითა და ლაზათით უნდა გავამდიდროთ ევროპა მეთქი. ამის გულწრფელად რომ არ მჯეროდეს, აქამდეც ვერავინ გამაჩერებდა ამ სამსახურში. იმასაც დავამატებ, რომ მტკიცედ მჯერა, საქართველო უკვე საკმარისად გაძლიერდა ეროვნულ ღირებულებებში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ვიცით. ქართველმა ერმა რუსეთისაგან იმდენი ნახა და განიცადა, რომ ქართული მიწა ვეღარასოდეს იქნება ნოყიერი რუსული თესლისა და ნერგისთვის. პირადად მე არავის ვიცნობ ჩემ ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს, მესმის, რომ ეს შეიძლება, ერთგვარი ტაქტიკა იყოს, გარკვეული მიზნის მისაღწევად. თუმცა, მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს. ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება. ასევე გულწრფელად ვიტყვი, რომ პროტესტიცა და კმაყოფილებაც არჩევნებზე უნდა გამოვხატოთ. არ მინდა, ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ. მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ, ვეღარ ვერევი. თუნდაც ვცდებოდე, არ ვინანებ. მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით ვიქცევი. იმასაც ვაცნობიერებ, ბევრს გულს ვატკენ ამ გადაწყვეტილებით და ამას უფრო განვიცდი. მომავალშიც, სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ვიქნები საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი და გულშემატკივარი,“ – წერს გოჩა ჯავახიშვილი. საგარეო უწყება საფრანგეთს არაობიექტურობაში ადანაშაულებს: „არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას“  

პრეზიდენტი საქართველოს ელჩის გადაწყვეტილებაზე: დღეს გაგვიჩნდა მაგალითი, რომ საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას

„დღეს გაგვიჩნდა მაგალითი, საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, არამედ ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საფრანგეთში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო სინდისითა და ყოველგვარი ღირსებით აღსავსე შევა ევროპაში. „მე არ დავამთავრებ ჩემს სიტყვას ისე, რომ არ აღვნიშნო ერთი მაგალითი, რომელიც მოგვდის გარედან, უცხოეთიდან. თავის დროზეც იყო ერთი მაგალითი ლევან მიქელაძე და დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება, თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენ მოგვცეს მაგალითი. საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას. არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, ნიშნავს შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის. ასეთი საქართველო, სინდისით და ყველა ღირსებით აღსავსე, ნამდვილად შევა ევროპაში,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანამ უნდა იცოდეს, ვინ არის მისი მტერი და ვინ მოყვარე. „ძალიან რთულ გზას გავივლით ერთად და ჩვენი პარტნიორების დახმარებით. ჩვენ და თქვენ კარგად ვიცით, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, ვინ რა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დღეს აქამდე მოვსულიყავით და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. ქვეყნებისთვის იგივე ხდება, რაც ადამიანებისთვის პიროვნულ ცხოვრებაში. ადამიანმა თუ არ იცის, ვინ არის მოყვარე და ვინ არის მტერი, ვერ გაარჩევს თავის გზას. იმისი მიუხედავად, რომ ჩვენ პარტნიორებს ზოგმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს, ევროპის დღეს, იმ ცარიელი სკამებით, ამის მიუხედავად ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა ისე, რომ ჩვენ არ დავუშვათ, ვინმემ რამე პროვოკაციაზე წამოგვაგოს. არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმე რამე კონფრონტაციაში შეგვიყვანოს. როგორც აქამდე, მშვიდობიანად, ხალისიანად, იმედიანად მივდიოდით ამ გზაზე, ასევე უნდა გაგრძელდეს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

საგარეო საქმეთა მინისტრი: გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა

საქართველოს დიპლომატიური სამსახური ყოველთვის იდგა და დგას მოწოდების სიმაღლეზე და სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, გოჩა ჯავახიშვილმა კი, სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან, - შესაბამისი განცხადებით საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ გოჩა ჯავახიშვილმა თავისი განცხადებით, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა. „მსურს, გამოვეხმაურო გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას, რომელიც მან ჩემ მიერ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ამ განცხადებით გოჩა ჯავახიშვილმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა, აგრეთვე თითოეულ ღირსეულ დიპლომატს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში გოჩა ჯავახიშვილი უმაღლესი პოზიციიდან - ელჩის რანგში - წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში და ყველაზე კარგად უნდა უწყოდეს, რა ძალისხმევა გავწიეთ ამ პერიოდში საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. საქართველოს დიპლომატიური სამსახური ყოველთვის იდგა და დგას მოწოდების სიმაღლეზე და სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. ჩვენი უწყების თანამშრომლებმა განუზომელი წვლილი შეიტანეს საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობაში და აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეს. ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი. გოჩა ჯავახიშვილმა კი, სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან,“ - აცხადებს დარჩიაშვილი. ცნობისთვის, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობა გუშინ დატოვა. დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: - ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს.“  

ყოფილი ელჩი: ღალატი, ორპირობა და ფარისევლობა იქნებოდა, ამ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი

დიპლომატი გოჩა ჯავახიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა დატოვა, ამბობს, რომ მან ეს ნაბიჯი სწორედ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე გადადგა. ჯავახიშვილის შეფასებით, პოლიტიკურ პარტიას ხშირად საკუთარი პოლიტიკური ინტერესი ეროვნულ ინტერესებში ერევა და საკუთარი პოლიტიკური ტრიუმფის ეშხით ზოგჯერ სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. „არაფერი ისე არ მტანჯავს და მტკივა, როგორც ჩემი ერთი მუჭად დარჩენილი (არა შეკრული) ხალხის დაპირისპირების ყურება. რა დღეში ჩავიგდეთ თავი. ნეტავ გვიღირდეს მაინც. ვაღიარებ, რომ პოლიტიკურ პარტიებს მუდამ ვერიდებოდი. საქართველოს ექსკლუზივი არაა ეს - ხელისუფლებაში მოსულ, ძალაუფლების შარბათმორეულ პოლიტიკურ ძალას, ნიადაგ ებრძვის ცდუნება თავი სახელმწიფოდ, უფრო მეტიც-სამშობლოდ გამოაცხადოს და შექმნას განცდა, რომ მის გარეშე ვერ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა, პატრიოტიზმის საკუთარი ხატება შექმნას და ერთადერთ, უალტერნატივო იდეოლოგიად წარმოადგინოს. პოლიტიკურ პარტიას ხშირად საკუთარი პოლიტიკური ინტერესი ეროვნულ ინტერესებში ერევა და საკუთარი პოლიტიკური ტრიუმფის ეშხით ზოგჯერ სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში კი არა, ხშირად ასე ხდება სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც. ჩვენში კი, დღემდე უჭირთ ერთმანეთისგან განასხვაონ სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკური პარტიის აქტივისტი. ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში დავიწყე საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟიორად საქმიანობა. არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან თავგამოდებული მხარდამჭერი. მიმაჩნია, რომ დიპლომატმაც და სახელმწიფო მოხელემაც უპირატესად სახელმწიფოს ინტერესები უნდა დაიცვას და თუ საჭირო გახდა, შეძლებისდაგვარად, იმ პოლიტიკური ძალების ამბიციებისგანაც, ვინც სახელმწიფოს მართვის სადავეებთანაა. ასე იყო უწინ, ასეა ახლაც და არც სამომავლოდ ვართ ძალაუფლების ცუდებისგან დაზღვეული. შესაძლოა, პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ, ჩემს სამშობლოზე უპირატესი არაფერი მეგულება ამ ქვეყნად. არც არანაირი თანამდებობა და არც პრივილეგიები ღირს საკუთარი მრწამსის, პრინციპების წინააღმდეგ სამოქმედოდ. ნუ იჩქარებთ მოღალატის იარლიყის მიწებებას ჩემი გადაწყვეტილების გამო. ისტორია ყველას მიუჩენს საკუთარ, დამსახურებულ ადგილს. მე კი სწორედაც ჩემი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე გადავდგი ეს ნაბიჯი. ყველა საკუთარი სინდისის წინაშე იყოს მართალი. ღალატი, ორპირობა და ფარისევლობა ის იქნებოდა, ამ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი და ან საკუთარი მთავრობა მეკრიტიკებინა უცხოელ პარტნიორებთან ან ისე წარმომედგინა ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, თითქოს, ყველაფერი გადასარევად იყოს და ამისი მეც მტკიცედ მჯეროდეს. ვერც ერთს რომ ვერ ვიზამდი, ამიტომაც ასე ვარჩიე. და ვისაც ჩემი გადაწყვეტილების გამო რცხვენია და შეურაცხყოფილად გრძნობს (თურმე) თავს, სხვას ვერაფერს გეტყვით, მთავარია, საკუთარ სინდისთან იყავით მართალნი, მე იმ მეგობრობით ვიამაყებ, რაც აქამდე მაკავშირებდა თქვენთან,“ - წერს გოჩა ჯავახიშვილი. საგარეო საქმეთა მინისტრი: გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობას დატოვების შესახებ 9 მაისს განაცხადა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის განსაზღვრული. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

ირაკლი კოპლატაძე: ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ, დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე დიპლომატიური პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტროს

საქართველოს ელჩი სლოვენიაში ირაკლი კოპლატაძე განცხადებას ავრცელებს. „ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე ჩემი და ირინეს დიპლომატიური პასპორტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩემთვის განსაკუთრებული პრივილეგიაა, რომ საუკუნის თითქმის მეხუთედის მანძილზე და მანამდეც, ხუთივე პრეზიდენტის სახელმწიფო სამსახურში და მანამდეც, ჩემი დროის სტუდენტობის თაობის ეროვნულ მოძრაობაშიც და მანამდეც, ოჯახიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების საუკეთესო ინტერესებისადმი მსახურება გახდა ჩემი საქმიანობის მთავარი საგანი. ამასობაში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მივედით იმ ნიშნულამდე, როცა საჭირო იყო გაწევრიანების საფინალო ნახტომის განხორციელება: 2014 წლის NATO-ს უელსის სამიტზე მივიღეთ NATO-ს არაწევრი უახლოესი ქვეყნის „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ (EOP) სტატუსი და „NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი“ (SNGP), რომელიც განახლდა 2020 წელს; 2022 წლის NATO-ს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა NATO-ს „საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის ზომები“ (TSM); 2023 წლის 14 დეკემბერს კი მივიღეთ ევროკავშირის საოცნებო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი... მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა თანამშრომლობისთვის თითოეულ ჩემს კოლეგას, შინ თუ გარეთ, საერთაშორისო დონის ქართველ ელჩებს, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი საელჩოების თანამშრომლებს, მინისტრებს, პრემიერებსა თუ პრეზიდენტებს, რომლებთანაც მომიწია მუშაობა და ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გასაწევრიანებელ ისტორიულ გზაზე. დღეს მსურს, განსაკუთრებული პატივი მივაგო ჩემი პედაგოგების, შემდგომში კოლეგების და უფროსი მეგობრების: გელა ჩარკვიანის, ალექსანდრე რონდელის და ლევან ალექსიძის ნათელ ხსოვნას; ასევე, მინდა მადლიერებით გავიხსენო ჩემი ყოფილი სტუდენტები, რომლებიც დღეს ცნობილი პროფესიონალები, სამოქალაქო აქტივისტები თუ პოლიტიკოსები არიან. განუსაზღვრელი და დაუფასებელია დიპლომატიურ სამყაროში და განსაკუთრებით, საქართველოში, ოჯახის თავგანწირვა და თვითშეწირვა მისიებში მსახურებისას; ამიტომ, საჯაროდ ვუხდი მადლობას ჩემს ოჯახს, მეუღლეს, რომელმაც ჩემთან ერთად 18 წელი მიუძღვნა მისიებში მუშაობას და შვილებს, რომლებმაც სწავლის, განათლების და საქმიანობის უმეტესი წლები უცხოეთში გაატარეს, მაგრამ ამჟამად საქართველოში თავიანთი პროფესიების შესაბამისად საქმიანობენ, არიან ტრადიციული ქართველები და ლაღი, თავისუფალი, თანამედროვე ევროპელები. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ჩვენი წმინდა მეფისა და საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი სიმბოლოს, ვახტანგ გორგასლის (დროშიანის თუ უდროშოს) და თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის კონსტიტუციური გარანტის, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მეთაურის, ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ტოლერანტობის გამოხატვის გამო ჩემი აუგად მოხსენიება სცადეს თანამედროვე „ძაღლისგულა“ ბოლშევიკმა „შარიკოვებმა“ (განსაკუთრებით, აზერბაიჯანული ნომრებიდან). მე არავის ვემშვიდობები, კვლავ შევხვდებით საქართველოს სამსახურში! #სადმივდივართ?ევროპაში! P.S. ვსარგებლობ შემთხვევით და გამარჯვებას, სილაღეს და წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს გერმანიაში - ბიჭებს, რომლებმაც ქვეყანასაც და ჩვენც, დიპლომატებსაც, დაგვასწრეს ევროპაში შესვლა. P.S.S. დღევანდელ პოსტს ვურთავ საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობის მიერ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის გამოშვებულ საფოსტო მარკას, რომლისთვისაც აქამდე ხელი არ მიხლია. ახლა კი, დიპ. პასპორტის ნაცვლად, ამ საფოსტო მარკებით ვუგზავნი ჩემს საუკეთესო „ვაიბებს“ პოსტის ადრესატებს...“ - წერს კოპლატაძე. განახლება: ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ,ის ექვს თვეზე მეტია იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში. "შესაბამისად მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს," - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.  საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს "თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა" - პრეზიდენტი საქართველოს ელჩებს