თეგი: დიპლომატი
ავსტრიელმა დიპლომატებმა კიევში მუშაობა განაახლეს
ავსტრიელმა დიპლომატები კიევში დაბრუნდნენ. მუშაობის განახლების შესახებ ქვეყნის საგარეო უწყება იტყობინება. „ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, რომლებიც რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო სამხედრო აგრესიის მსხვერპლები გახდნენ. უკრაინის მიმართ ჩვენი ურყევი სოლიდარობისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ჩვენი საელჩოს თანამშრომლები გასულ კვირას კიევში დაბრუნდნენ“, წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე. 26 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიპლომატების ნაწილის ლვოვში დროებით დაბრუნების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. „დღევანდელი მოგზაურობა იყო პირველი ნაბიჯი, მომავალში რეგულარულ მოგზაურობამდე. ჩვენ ვაჩქარებთ მზადებას, კიევში საელჩოს ფუნქციონირების რაც შეიძლება მალე განახლებისთვის“, - განაცხადა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივად აფასებს უსაფრთხოების ვითარებას, რათა საელჩოების ოპერაციები რაც შეიძლება მალე განახლდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ავსტრია ოთხ რუს დიპლომატს აძევებს
ავსტრია ქვეყნიდან ოთხ რუს დიპლომატს საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევის გამო აძევებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ოთხი დიპლომატიდან ორი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და უბრძანეს, დაეტოვებინათ ქვეყანა არაუგვიანეს 8 თებერვლისა, ხოლო დანარჩენი ორი რუსეთის მისიაში გაეროში, ვენაში მუშაობს. „რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამოდ მოიქცა. ამიტომ ისინი გამოცხადდნენ არასასურველ პირებად (personae non gratae) დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად", - აცხადებენ სამინისტროში. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გაეროში რუსეთის მისიაში მომუშავე ორი ადამიანის ქმედებები შეუსაბამო იყო მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებასთან გაეროსა და ავსტრიას შორის. სამინისტროს სპიკერმა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა შეუსაბამო ქმედებებში.
საუდის არაბეთი დიპლომატებისთვის ალკოჰოლის პირველ მაღაზიას გახსნის - Reuters
საუდის არაბეთი ემზადება თავისი პირველი ალკოჰოლური მაღაზიის გახსნისთვის დედაქალაქ რიადში, რომელიც ექსკლუზიურად არამუსლიმ დიპლომატებს მოემსახურება. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. მომხმარებლებს მობილური აპლიკაციის საშუალებით დარეგისტრირება მოუწევთ. როგორც Reuters-ი წერს, ეს არის ნაბიჯი, რომლითაც საუდის არაბეთს სურს, გახსნას ულტრაკონსერვატიული მუსლიმური ქვეყანა ტურიზმისა და ბიზნესისთვის, რადგან ისლამის მიხედვით, ალკოჰოლის დალევა აკრძალულია. აკრალვის დამრღვევთათვის საუდის არაბეთს მკაცრი კანონები აქვს. რეფორმების ფარგლებში, მათრახი მეტწილად პატიმრობით შეიცვალა.