თეგი: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ბელორუსთან ურთიერთობას წყვეტს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ბელორუსთან ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა.  „ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დღეს გადაწყვიტა, შეაჩეროს ყველა სახის ურთიერთობა ბელორუსთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში ქვეყნის აქტიური მონაწილეობის გამო. მან ასევე გადაწყვიტა, შეინარჩუნოს და გააძლიეროს ურთიერთობები ბელორუსის სამოქალაქო საზოგადოებასთან და ემიგრაციაში მყოფ ოპოზიციასთან", - ნათქვამია განცხადებაში. ერთი დღით ადრე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთი ორგანიზაციიდან გააძევა. ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხნენ რუსეთისა და ბელორუსის ტერიტორიებიდან ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს ლუკაშენკო: დასავლეთის სანქციები რუსეთს მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს ბორელი: ევროკავშირის სანქციების სიაში არიან - ასადი, ლუკაშენკო და ახლა უკვე პუტინი საერთაშორისო მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და მისმა მოკავშირე ლუკაშენკომ ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაახანგრძლივეს ნედ პრაისი: მინსკს ავუხსენით, რომ პასუხი იქნება სწრაფი და გადამწყვეტი, თუ უკრაინაში შეჭრა ბელორუსის ტერიტორიის გამოყენებით მოხდება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. მინისტრთა კომიტეტი კვლავ მოუწოდებს რუსეთს საქართველოსთვის ზიანის ანაზღაურებისკენ, რასაც კოლექტიური გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ითვალისწინებს.23 სექტემბერს გამოქვეყნებულ შუალედურ რეზოლუციაში, მინისტრთა კომიტეტმა მიუთითა: მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 16 მარტს შეუწყდა ევროპის საბჭოს წევრობა, რუსეთის ფედერაციას მაინც მოეთხოვება ევროსასამართლოს და კომიტეტის გადაწყვეტილებების შესრულება. მინისტრები გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობას განაგრძობენ. კომიტეტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან არანაირი საპასუხო ინფორმაცია არ იყო მოწოდებული. 2019 წლის 31 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთიდან 2006 წლის შემოდგომაზე, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაა.