ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ბელორუსთან ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა.
„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დღეს გადაწყვიტა, შეაჩეროს ყველა სახის ურთიერთობა ბელორუსთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში ქვეყნის აქტიური მონაწილეობის გამო. მან ასევე გადაწყვიტა, შეინარჩუნოს და გააძლიეროს ურთიერთობები ბელორუსის სამოქალაქო საზოგადოებასთან და ემიგრაციაში მყოფ ოპოზიციასთან", - ნათქვამია განცხადებაში.
ერთი დღით ადრე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთი ორგანიზაციიდან გააძევა.
ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.
ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია.
ლუკაშენკო: დასავლეთის სანქციები რუსეთს მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს
ბორელი: ევროკავშირის სანქციების სიაში არიან - ასადი, ლუკაშენკო და ახლა უკვე პუტინი